ცხინვალი-შუქურა 0:0 - თამაში, როგორც ბრძოლა არსებობისთვის

AutoSharing Option
"თეთრ ჯგუფში" არსებული დაძაბული ვითარება "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე გამართული შეხვედრის მონაწილეებს მაქსიმალურ კონცენტრაციას აიძულებდა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ჩავარდა და მოგება ჰაერივით სჭირდებოდა "ცხინვალს", რომლის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა დისკვალიფიცირებული იყო და შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.

მართალია, მეტოქეებს გოლი არ გაუტანიათ, მაგრამ საკმაოდ მაღალ ტემპში ითამაშეს. რაც მთავარია, ჩვენს ჩემპიონატში მსგავს თავდადებასა და ბურთისთვის ბოლომდე ბრძოლას იშვიათად ნახავთ. ახლა ქულები ყველა გუნდისთვის საბედისწერო მნიშვნელობას იძენს და ეს თამაშიც იყო ბრძოლა არსებობისთვის.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასაწყისში ბაქარ ქარდავამ საჯარიმოში
თავისუფლად დარჩენილი ლაშა ქოჩლაძე მოძებნა, რომელსაც ერთი შეხებით გატანის შანსი ჰქონდა. ცხინვალელთა შემტევმა ორი მცველის მოტყუება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და მცველმა ვითარება განმუხტა.

სახიფათო გამოდგა კობა შალამბერიძის დარტყმა, როცა ბურთმა მეტოქის ფეხბურთელისგან ტრაექტორია შეიცვალა და კინაღამ მეორე მიმართულებით გადამხტარი "ცხინვალის" მეკარე გიორგი ნადირაძის კარის ბადეში აღმოჩნდა.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა 43-ე წუთზე მიეცათ, როცა დავით მაისაშვილმა საჯარიმოს ხაზიდან უძლიერესად დაარტყა და "შუქურა" მეკარე აზამატ ჯიოევმა გადაარჩინა.

ქობულეთელებმა საპასუხო იერიში წამოიწყეს და სტუმართა რიგებში ერთ-ერთმა საუკეთესომ, ზურაბ არზიანმა, ბედი ასევე ძლიერი დარტყმით სცადა - ნადირაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

"ცხინვალს", მოგების გარდა, არაფერი აწყობდა და მეორე ნახევარში მასპინძლები მოედანზე გაცილებით მობილიზებულები გავიდნენ. ქულა ქობულეთელებისთვის უფრო მისაღები შედეგი იყო და გია გურულის გაწვრთნილები მიზნის მიღწევას კონტრშეტევებზე შეეცადნენ. დაძაბულობამაც იმატა.

მასპინძლებს საჯარიმოში შესვლა უჭირდათ და კარის აღება ზედიზედ ორჯერ შორეული დარტყმით სცადეს, მაგრამ გიორგი ცერცვაძისა და ჯაბა დვალის მცდელობები უშედეგო გამოდგა.

რეალური შანსი ჰქონდა "შუქურას" შემტევ ნახევარმცველ ლევან კუტალიას, მაგრამ საჯარიმოში სახიფათოდ შეჭრილმა მეკარის მოედნის კუთხიდან მიზანს ააცილა. არადა, მისგან პასს პენალტის ნიშნულთან გახსნილი თანაგუნდელი ელოდა...

59-ე წუთზე უკვე მასპინძელთა ნახევარმცველმა ბიძინა მახარობლიძემ შეუტია, მაგრამ 20-მდე მეტრიდან ძლიერად დარტყმული ბურთი ჯიოევმა მოიხელთა.

ამის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთი, უპირატესობას სტუმრები დაეუფლდნენ და არზიანი-კუტალიას, ასევე, ირაკლი კომახიძის აქტიურობისა და სწრაფი მანევრების ხარჯზე მწვავედ შეუტიეს. 65-ე წუთზე "ცხინვალი" ისევ გადარჩა: შეტევის მიმართულების მოულოდნელი შეცვლის შემდეგ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა სანდრო გურულმა კარში დაარტყა - ვაკო ბაჩიაშვილმა ბურთის დაბლოკვა მოასწრო და გუნდს დიდი ხიფათი აარიდა.

68-ე წუთზე "შუქურამ" უსწრაფესი და ძალიან ლამაზი კომბინაცია წამოიწყო: მარცხენა ფლანგზე დავით ჯაფარიძემ გადაცემა ჩაჭრა და შეტევა გურულს გაუგრძელა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ კი კომახიძე გათავისუფლდა და "მაკრატელათი" ურტყამდა, თუმცა ნადირაძე ბურთს ხაზზე დახვდა და "ცხინვალი" აშკარა გოლისგან იხსნა.

ამას მასპინძელთა შეტევა მოჰყვა. ბაჩიაშვილის გადაცემას ჯაბა დვალმა დაუხვედრა თავი, მაგრამ სუსტი და თან არაზუსტი დარტყმით "შუქურას" პრობლემა ვერ შეუქმნა.

მშვენიერი შანსი ჰქონდა შეცვლაზე შესულ გიორგი ბერიაშვილს, რომელმაც ქობულეთელთა სწრაფი კონტრშეტევისას ბურთი მოედნის ცენტრთან მიიღო და კარისკენ სწრაფად დაიძრა. მას დიდი სივრცე და შეტევის განვითარების ვარიანტი ჰქონდა - საჯარიმოში მარჯვნივ კომახიძე გაიხსნა. თუმცა, გადაცემას კარში დარტყმა ამჯობინა და მიზანს ააცილა.

ბოლო წუთებზე ქობულეთელებს დაღლა დაეტყოთ, რის გამოც მოედანი არზიანმა დატოვა, მაგრამ ლიდერობა კუტალიამ აიღო და შეტევების ორგანიზებას ბოლო ძალებით შეეცადა. 87-ე წუთზე ის კარგ დასარტყმელ პოზიციაზე გაიხსნა და ისე ძლიერად დასცხო, ბურთზე გადაფარებულმა დავით მაისაშვილმა წამიერად გონება დაკარგა და ექიმის ჩარევა დასჭირდა...

სასურველი შედეგის დაფიქსირების ბოლო მცდელობა არბიტრის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ქარდავას ჰქონდა: "ცხინვალის" საყრდენი ნახევარმცველი საჯარიმოსთან ორ მცველს ცრუ მოძრაობით გასცდა და მთელი სული და გული დარტყმაში ჩააქსოვა, მაგრამ ჯიოევმა ბურთი დაამიწა და "შუქურამ" ქულა მოიპოვა.

ამგვარად, გია გურულის გუნდი 11 ქულით მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო "ცხინვალი" 9 ქულით ბოლო, მე-7 ადგილზე დარჩა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა.

უმაღლესი ლიგა. XI ტური. თეთრი ჯგუფი
30.10. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათად)
ცხინვალი-შუქურა 0:0
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი (87. თომაშვილი), ბაჩიაშვილი, ქარდავა, სულთანიშვილი, მახარობლიძე, ქოჩლაძე (46. მაქაცარია), კახელიშვილი (73. შინდაგორიძე), დვალი.
სათადარიგოები: კერესელიძე, ფირცხალავა, მ. გელაშვილი, გაბრიჭიძე
მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი
შუქურა: ჯიოევი, ჩაჩუა, ადამაძე, მირცხულავა, ჯაფარიძე, ჟერარდო (65. ჭეჟია), არზიანი (82. ბერიაშვილი), კომახიძე, კუტალია, გურული (74. კონიჰა), შალამბერიძე.
სათადარიგოები: მამინაშვილი, ზ. მალანია, მამულაშვილი, ჭანუყვაძე
მწვრთნელი: გია გურული
გაფრთხილება: ჩაჩუა (24), არზიანი (80), კაჭკაჭიშვილი (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

მომდევნო ტური
5 ნოემბერი
თეთრი ჯგუფი
ლოკომოტივი-ცხინვალი
შუქურა-დინამო (თბ)
ტორპედო-გურია

წითელი ჯგუფი
დილა-საბურთალო
კოლხეთი-სამტრედია
ზუგდიდი-სიონი

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 7
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 6
გ. ფანცულაია (საბურთალო) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული