კარზე დაგეშილი, ტექნიკური, უნივერსალი თავდამსხმელი - ასეთია დავით ვოლკოვი, ვინც "სიონთან" ერთად საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
- სიონი-დილა 2:0 - როცა ვოლკოვი მართლა მგელია [VIDEO]
გვინდა, ის ახლოს გავაცნოთ ჩვენი გაზეთის მკითხველს...
- დავით, გაიხსენეთ ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯები...
- უნდა გითხრათ, რომ აშკარად
არ დამავიწყდება - სადებიუტო თამაში ამბროლაურის "რაჭასთან" გვქონდა. შეცვლაზე შევედი და გოლი გავიტანე. ამის მერე ზედიზედ ორჯერ შევედი შეცვლაზე და ორჯერვე გავიტანე. "გაგრას" მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე სრულიად ახალგაზრდა, გამოუცდელ ფეხბურთელს მენდო და ამისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადო. მისი ამაგი არასოდეს დამავიწყდება.
- ამის მერე იყო თბილისის "დინამო"...
- ჯერ დუბლებში ვიყავი, მერე პირველი ლიგის "დინამო 2"-ში. კახი გოგიჩაიშვილმა დამაწინაურა ძირითად გუნდში. თასზე "ცხინვალს" ვეთამაშეთ. ეს იყო ჩემი პირველი მატჩი "დინამოში"...
- რატომ ვერ მოახერხეთ სახელოვან კლუბში დამკვიდრება? საკმარისი ნდობა და შანსი არ გქონდათ თუ თქვენც რაღაც დააკელით?
- ყოველთვის მირჩევნია, საკუთარ თავში უფრო ვეძებო მიზეზი. დღეს მე ერთადერთ შანსს ვიხსენებ, რომელიც "დინამოში" ყოფნისას ვერ გამოვიყენე. იმ ეპიზოდში კარგად ვერ გავაკეთე ჩემი საქმე...
- რას იტყვით "ჩიხურაზე", სადაც შემდეგ იჯარით ითამაშეთ?
- კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. სათამაშო პრაქტიკაც მქონდა, მწვრთნელიც მენდობოდა... ასე თუ ისე, გოლებიც გავიტანე...
- პროგრესი სახეზეა: დღეს "სიონში" გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხართ...
- ასეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი მაქსიმუმია. კიდევ მეტი შემიძლია და უნდა მოვუმატო კიდეც. მე უფრო "ნორმალურს" დავარქმევდი "სიონში" ჩემს თამაშს. მქონდა საგოლე მომენტები, რომლებიც უნდა გამომეყენებინა.
- ხშირად ხართ საკუთარი თამაშით უკმაყოფილო?
- სხვანაირად რომ ვთქვა, ძალიან იშვიათად ვარ კმაყოფილი... თითქმის არასდროს.
- ნაკლი, რომლის გამოსწორებაზეც ბევრს მუშაობთ?
- ასე ძნელია თქმა... ზოგადად, ყველა კომპონენტზე ბევრს ვმუშაობ. დასახვეწის მეტი რა მაქვს?!
- რეჟიმთან როგორ ხართ?
- ძალიან ახლო მეგობრები ვართ (იცინის). ამას გულწრფელად ვამბობ. რეჟიმი არასოდეს დამირღვევია. როცა ფეხბურთელი ხდები, შენ აკეთებ არჩევანს, რომელსაც ბოლომდე უნდა უერთგულო.
- როგორია ქართველი ფეხბურთელის მიერ "შიგნიდან" დანახული ეროვნული ჩემპიონატი? რა არის მთავარი პრობლემა?
- პირველი, ალბათ, მაინც სტადიონების მდგომარეობაა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელების უმრავლესობაც ამას იტყვის. პრობლემად მიმაჩნია ასევე ის, რომ ზოგიერთი გუნდი, ასე ვთქვათ, ფეხბურთს არ თამაშობს.
- რა არის თქვენი მთავარი სპორტული ოცნება?
- ვითამაშო საქართველოს ნაკრებში და ჩემპიონთა ლიგაში. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა განცდაა, როცა შენი ქვეყნისა და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნებზე დგახარ... საოცრებაა!..
- ჯერ საქართველოს არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ გითამაშიათ...
- დიახ, არ მითამაშია...
- თავდასხმაში რომელ პოზიციაზე მოგწონთ თამაში ყველაზე მეტად?
- ჩემთვის სულერთია. თუ მაინცდამაინც არჩევანზე მიდგება საქმე, უფრო მარცხენა ფლანგიდან მიყვარს შეტევა...
- აშკარაა, ბევრი ქართველი ფორვარდისგან განსხვავებით, ძალიან თამამი ხართ...
- არადა, ადრე არ ვიყავი ასეთი. ბოლო წლებში მოვიდა ეს. გამოცდილების ამბავია. ვცდილობ, ნებისმიერი პოზიციიდან დავარტყა კარში. ამასთან, ფეხბურთელმა არც პარტნიორის გრძნობა უნდა დაკარგოს.
- რომელ გუნდს და ნაკრებს ქომაგობთ?
- ვინც კარგ ფეხბურთს თამაშობს, იმას. ასე გამორჩევით არავის ვქომაგობ.
- არიან ფეხბურთელები, ფეხბურთს საერთოდ რომ არ უყურებენ. თქვენ?
- არა, მე მათ შორის არ ვარ. უქმეებზე, თუ თამაში არ გვაქვს, ტურებს ვუყურებ, შუა კვირაში კი - ჩემპიონთა ლიგას. განსაკუთრებით პრემიერლიგა მიყვარს. კარგი სანახაობაა.
- ისევ "სიონს" დავუბრუნდეთ. რატომ არის, რომ კარგად დაკომპლექტებულ გუნდს ლიგაში დარჩენისთვის უწევს ბრძოლა?
- ფეხბურთელებს თუ ჩამოვთვლით, "სიონი" სამეულის გუნდია. მე ასე ვფიქრობ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა და არა - მაღალი ადგილებისთვის, ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ ვიტყვი... ალბათ, უფრო ის, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა გუნდში სეზონის წინ და შეთამაშებამ გარკვეული დრო წაიღო. თან ეს ჩემპიონატიც ხომ მოკლეა...
- მოახერხებთ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?
- გვჯერა, რომ მოვახერხებთ. "სიონი" არ გავარდება!
- გუნდის "შიდა სამზარეულოში" რა ხდება?
- იდეალური სიტუაციაა. მე ჯერ ბევრგან არ მითამაშია, მაგრამ ასეთი ერთიანობა არსად მინახავს. იყო დრო, არაფრით აგვეწყო თამაში და ჩვენ მაინც ბოლომდე ერთიანები ვიყავით. ფეხბურთელების გარდა, ეს გუნდის სამწვრთნელო შტაბის, თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა.
- ამბობენ, ყველა თავდამსხმელი ბუნებით ეგოისტიაო. გოლი თუ კარგი პასი? რომელი განიჭებთ უფრო დიდ სიამოვნებას?
- ორივე ერთნაირად მსიამოვნებს. კარგი პასის დიდი დამფასებელი ვარ - ეს ფეხბურთს ალამაზებს!..
- თუ არიან საქართველოს ჩემპიონატში მცველები, რომელთა წინააღმდეგ, ერთი მხრივ, გიჭირთ და მეორე მხრივ, გსიამოვნებთ თამაში?
- ჩვენს ჩემპიონატში არიან კარგი მცველები. ახლა ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ნამდვილად არიან.
- რომელი გუნდის თამაში მოგეწონათ ყველაზე მეტად საქართველოს ჩემპიონატში?
- ჩვენ მხოლოდ ჩვენი ჯგუფის გუნდებს ვეთამაშეთ. ყველაზე მეტად "სამტრედიას" თამაში მომეწონა. გახსნილ, სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობენ.
- სეზონი მორჩება და რა იქნება მერე? კონტრაქტით "დინამოს" საკუთრება ხართ...
- მართლა არ ვიცი, რა იქნება. დღეს მხოლოდ "სიონზე" ვფიქრობ. ჩვენ წინაშე კონკრეტული ამოცანა დგას და ის უნდა გადავჭრათ.
- დაბოლოს, რას ეტყოდით "სიონის" გულშემატკივრებს?
- იმას, რომ დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმს გავაკეთებთ წარმატებისთვის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"