ზუგდიდი-სიონი 0:3 - "სიონი" თითქმის გადარჩა, "ზუგდიდი" პირველ ლიგაში?

AutoSharing Option
ზუგდიდელებს აქამდე მხოლოდ 6 ქულა ჰქონდათ მოპოვებული, ბოლნისელებს - 8, ჯგუფში აუტსაიდერები იყვნენ და ორივე გუნდისთვის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

დაპირისპირება 5 ნოემბრისა და ზედა ეწერის სტადიონის ნაცვლად, 6 ნოემბერს სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ზედა ეწერის სტადიონზე 2 ნოემბერს სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ მოედნის ინსპექტირება ჩაატარა და მისი უხარისხობის გამო ზუგდიდურ კლუბს იქ საშინაო მატჩის გამართვის ნება არ დართო.

"სამწუხაროა, რომ ფოთისა და საჩხერის მოედნების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იძულებული გახდა, უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება ახლა ზუგდიდელთა
არენაზეც შეაჩეროს. ამინდის გაუარესებასთან ერთად, სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება მოედნების მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს, რათა გუნდებმა დარჩენილი გადამწყვეტი მატჩები მაქსიმალურად უკეთეს საფარზე გამართონ", - ასე ახსნა სფფ-ის პრესსამსახურმა მატჩის სამტრედიაში გადატანის მიზეზი და დასტურად ფოტოსურათები წარმოადგინა, სადაც ჩანდა, რომ მოედნის ნაწილი მართლაც დაზიანებული იყო.

თავიდან ამას ზუგდიდელთა წარმომადგენლის პროტესტი მოჰყვა - ფედერაციას კლუბის უმაღლესი ლიგიდან გაგდება სურსო, მაგრამ მოგვიანებით, "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ აღიარა, რომ მინდვრის საფარი მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაში იყო.

სხვათა შორის, იგივე ბედი, შესაძლოა, შემდეგ ტურში "სიონმაც" გაიზიაროს. უხარისხოა ბოლნისის "თამაზ სტეფანიას" გაზონიც და არ არის გამორიცხული, 19 ნოემბერს, ბათუმის "დინამოსთან" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც "სიონისთვის" ბოლო იქნება გარდამავალ ჩემპიონატში, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს.

"ეროსი მანჯგალაძეზე" საკმაოდ ბევრი ზუგდიდელი, ბოლნისელი და სამტრედიელი ქომაგი შეიკრიბა. მოლოდინისამებრ, მატჩი დაძაბული გამოდგა, ორმხრივი შეტევებით დაიწყო და მომენტებიც ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ მალე გამოიკვეთა სტუმართა უპირატესობა და 31-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა - ზუგდიდელთა საჯარიმოში სტუმართა საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი ძარია წააქციეს და გიორგი ვადაჭკორიამ უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც დავით ვოლკოვმა უნაკლოდ შეასრულა - 0:1.

"სიონის" თავდამსხმელმა მალე დუბლი შეასრულა და სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა: 39-ე წუთზე ვოლკოვმა მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გაფრინდაშვილის ჩაწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა, მეკარესა და ძელს შორის დარჩენილ ნაპრალში იუველირის სიზუსტით გააძვრინა და "სიონის" უპირატესობა შთამბეჭდავი გახადა - 0:2.

მეორე ტაიმი დაძაბულად დაიწყო, რასაც ტრიბუნაზე არსებული დაძაბულობაც აძლიერებდა. ბოლნისელებმა უპირატესობის შესანარჩუნებლად მკაცრ პრესინგს მიმართეს. ზუგდიდელები კი ამ წინააღმდეგობის დაძლევას აქტიური შეტევებით ცდილობდნენ, მაგრამ ქაოსურად თამაშობდნენ და კარისკენ ორიოდე შორეულ დარტყმას თუ არ ჩავთვლით, ვერაფერი მოახერხეს.

მატჩის ბოლოს ბოლნისელებმა მესამე გოლიც გაიტანეს. მეკარემ ბურთი თამაშში შეიყვანა, რომელიც ზუდიდელთა ნახევარმცველს გიორგი ჯანელიძემ საჯარიმოსთან აართვა, სწრაფად დაიძრა კარისკენ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

86-ე წუთზე ინციდენტი მოხდა - გვერდით მსაჯს ტრიბუნიდან პლასტმასის ბოთლები ესროლეს და მატჩი მცირე ხნით შეწყდა, თუმცა მალე ყველაფერი მოგვარდა და ვადაჭკორიამ მშვიდობიანად დაასრულა მატჩი, რომლის მოგებითაც "სიონმა", მინიმუმ, გადათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, "ზუგდიდი" კი, ფაქტობრივად, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

უმაღლესი ლიგა. XII ტური. წითელი ჯგუფი
06.11. სამტრედია. "ე. მანჯგალაძე"
ზუგდიდი-სიონი 0:3
გოლი: 0:1 ვოლკოვი (31-პენ), 0:2 ვოლკოვი (39. გაფრინდაშვილის პასით), 0:3 ჯანელიძე (78)
ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, გ. ქანთარია, აფაქიძე, ჩუკორა, სუხომლინოვი, ტყემალაძე, ზოზულია (28. კოხია), წურწურია (46. ლაშხია), სიხარულია, გ. სამუშია (63. ერმაჩენკო), თუთბერიძე.
სათადარიგოები: ჯომიდავა, ბეჭვაია, აქუბარდია, შეველი
მწვრთნელი: ლევან მიქაძე
სიონი: დაუშვილი, დ. ფოფხაძე, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე, ძარია (74. სანტოს ფერნანდესი), სიხარულიძე, ჯანელიძე, გიორბელიძე, ვოლკოვი (46. სუშკინი).
სათადარიგოები: მერლანი, კობახიძე, ზ. ლობჟანიძე, უგულავა, ვასილიევი
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

მომდევნო, XIII ტური
18 ნოემბერი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
გურია-ჩიხურა
ცხინვალი-ტორპედო

19 ნოემბერი
სიონი-დინამო (ბთ)
საბურთალო-ზუგდიდი
სამტრედია-დილა

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მივმართავ ადმინისტრაციას! კომენტარებს რომ არ აქვეყნებთ,თქვენც ხომ არ შეგაბათ ფედეაციამ და ბურდულმა.აბა არანაირი შეურაცმყოფელი კომენტარები არ ყოფილა,და თუ სიმართლეზეც არ შეიძლება წერა,მაშინ გაგვარკვიეთ.და ისე მოვიქცევით როგოც თქენ გინდათ.შავზე თეთრს დავწერთ თეთრზე კი შავს,და თქვენც იქნებით კყმაყოფილები.
თენგო
11:54 08-11-2016
0
მივმართავ ადმინისტრაციას! კომენტარებს რომ არ აქვეყნებთ,თქვენც ხომ არ შეგაბათ ფედეაციამ და ბურდულმა.აბა არანაირი შეურაცმყოფელი კომენტარები არ ყოფილა,და თუ სიმართლეზეც არ შეიძლება წერა,მაშინ გაგვარკვიეთ.და ისე მოვიქცევით როგოც თქენ გინდათ.შავზე თეთრს დავწერთ თეთრზე კი შავს,და თქვენც იქნებით კყმაყოფილები.
თენგო
16:15 08-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული