შუქურა-დინამო (თბ) 0:1 - "დინამო" პლეი ოფს მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამო" ქობულეთის "ჩელე არენაზე" "შუქურას" განახლებული შემადგენლობით ესტუმრა. ქუთაისის "ტორპედოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ გუნდს ალეკო ამისულაშვილი დაემშვიდობა. ცხადია, თამაშს თასის ნახევარფინალში გაძევებული ლადო დვალიშვილიც გამოაკლდა. ასევე არ იყვნენ ვახტანგ ჭანტურიშვილი და სტეფან ველევი.

სამაგიეროდ, ვიაჩესლავ გროზნიმ გარისკა და ძირითად შემადგენლობაში გამოცდილი აკაკი ხუბუტია და ახალგაზრდები - ბექა მიქელთაძე და გიორგი ზარია დააყენა.

სამაგიეროდ, მოულოდნელად, ლანჩხუთში ერთმანეთთან ჩხუბისთვის გაძევებულმა და დისკვალიფიცირებულმა რენე ფერეირამ და გიორგი პაპუნაშვილმა მიიღეს თამაშის უფლება, ვიდრე მათი საქმე განხილვის სტადიაშია.

შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქულები ორივე გუნდს
სჭირდებოდა და თამაში დაძაბული გამოდგა. ბრძოლა, უმთავრესად, მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა.

მასპინძლებმა ბევრი საგოლე მომენტიც ვერ შექმნეს. მაგალითად, მათმა თავდამსხმელმა გიორგი ბერიაშვილმა მშვენიერი შესაძლებლობით ვერ ისარგებლა და მისი თავური არაზუსტი გამოდგა.

დინამოელთა შეტევებიდან კი ზარიასა და მიქელთაძის შანსებია აღსანიშნავი, თუმცა ორივე შემთხვევაში მასპინძელთა მეკარე აზამატ ჯიოევი საიმედოდ გაისარჯა. მაგრამ 30-ე წუთზე, თბილისელთა მორიგი იერიშისას ისიც უძლური აღმოჩნდა - კუთხური გიორგი პაპუნაშვილმა შეასრულა, ოთარ კიტეიშვილმა თავით კარის წინ მიქელთაძეს უპასა, რომელმაც ბურთი ხარიხას მოარტყა, დამატებაზე კი ყველას ზაზა ჭელიძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში ქობულეთელებმა გაიბრძოლეს და 78-ე წუთზე სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ ამ ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა მცველმა ხუბუტიამ და "დინამო" გადაარჩინა.

ასე იყო თუ ისე, "დინამომ" თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა და საევროპალიგო პლეი ოფს მიუახლოვდა. ქობულეთელებმა კი მდგომარეობა მეტისმეტად გაირთულეს. "შუქურას" ბედი უშუალო კონკურენტების შედეგებზეც არის დამოკიდებული.

გია გურულის გაწვრთნილებს გარდამავალ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვთ დარჩენილი - გასვლაზე "ლოკომოტივთან". თუ "შუქურამ" ეს თამაში ვერ მოიგო, გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

უმაღლესი ლიგა. XII ტური. თეთრი ჯგუფი
06.11. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-დინამო (თბ) 0:1
გოლი: 0:1 ჭელიძე (30)
შუქურა: ჯიოევი, ჩაჩუა, მირცხულავა, ადამაძე, ჯაფარიძე, არზიანი (46. კუტალია), ჭეჟია (87. შალამბერიძე), კომახიძე, ჟეფინიუ (65. ჭანუყვაძე), გურული, ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მოწყობილი, მალანია, კონიეჰა, მამულაშვილი
მწვრთნელი: გია გურული
დინამო: რევიშვილი, უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ხუბუტია, ზ. ჭელიძე, ჯიღაური, მ. ცინცაძე, კიტეიშვილი, ზარია (77. პარუნაშვილი/90. ნინუა), პაპუნაშვილი (89. თევზაძე), მიქელთაძე.
სათადარიგოები: ლომაია, ლილუაშვილი, კირკიტაძე, ნემსაძე
გაფრთხილება: რენე (56), ჭეჟია (86)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

მომდევნო, XIII ტური
18 ნოემბერი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
გურია-ჩიხურა
ცხინვალი-ტორპედო

19 ნოემბერი
სიონი-დინამო (ბთ)
საბურთალო-ზუგდიდი
სამტრედია-დილა

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7.

გიორგი კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული