ამ მატჩს უდიდესი სატურნირო დატვირთვაც ჰქონდა: "ზესტაფონი" გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას დაიბრუნებდა, სხვა შედეგი კი ამ მატჩამდე პირველ ადგილზე მყოფ "ოლიმპს" აძლევდა ხელს. შეხვედრამ გაცემული ავანსები სავსებით გაამართლა: "ზესტაფონმა" და "ოლიმპმა" ლიდერების შესაფერისი ფეხბურთი აჩვენეს და ამისთვის ორივე გუნდს ქება ეკუთვნის. განსაკუთრებით, მასპინძლების გარჯა უნდა ავღნიშნოთ, რომლებმაც მეტოქეს თავიანთი თამაში მოახვიეს თავს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ამგვარ პრინციპულ შეხვედრებში მწვრთნელები ძირითადად ფრთხილ ტაქტიკას მიმართავენ
სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, გუნდების დანაკლისზეც ვთქვათ. ზესტაფონელებმა გუშინდელ შეხვედრაში წამყვანი ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი მოისაკლისეს, სტუმრებს კი დავით ბოლქვაძე ვერ ეხმარებოდათ. სამაგიეროდ, რუსთაველთა ძირითად შემადგენლობაში იყო გუნდში ახლახანს დაბრუნებული სანდრო იაშვილი, მეორე ახალწვეული ილია პავლიაშვილი კი მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე.
შეხვედრა მასპინძლების შეტევებით დაიწყო. მე-2-ე წუთზე გრიგალაშვილმა, რომელიც აფციაურს ხშირად უცვლიდა ფლანგს, მარცხნიდან გელაშვილი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, ამანაც სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარე ბედიაშვილმა დამაჯერებლად ითამაშა. ზემოიმერლები აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს და შეტევებიც უფრო მრავალფეროვანი ჰქონდათ. სტუმრები კი ძირითადად იაშვილისა და მოდებაძის მისამართით მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, თუმცა, რუსთაველი ფორვარდები ზესტაფონელთა გამოცდილ მცველებს საიმედოდ ჰყავდათ "ამოკეტილი". ქვემოქართლელებმა ზესტაფონელთა შეტევას სახიფათო იერიშით უპასუხეს, რასაც სახიფათო საჯარიმო მოჰყვა, თუმცა რაზმაძეს დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა. ტაიმის შუაწელისთვის ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ზესტაფონელების მწვავე შეტევებმა ნაყოფი 33-წუთზე გამოიღო. გელაშვილმა რუსთაველთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და გრიგალაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია-1:0.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ გრიგალაშვილი გელაშვილთან ერთად ზესტაფონელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 37-წუთზე ზემოიმერლები ახლოს იყვნენ ანგარიშის გაზრდასთან: გრიგალაშვილმა მარცხენა ფრთიდან ჯარიმა შეასრულა, ერთ-ერთ მცველს ბურთი საკუთარი კარის მიმართულებით აეჭრა, რუსთაველთა იღბლად დობროვოლსკიმ კარის ხაზიდან თავით შეძლო ბურთის გამოტანა. ტაიმის მიწურულს რუსთაველებიც გააქტიურდნენ და მოდებაძეს შეეძლო მასპინძლების დამწუხრება, ის ნახევარმცველებთან ბრძოლაში დაეუფლა ბურთს და საჯარიმოს გარედან ყუმბარისებურად გაისროლა, მაგრამ ხარიხას გადააცილა. ამ ეპიზოდამდე ტრავმა მიიღო ზესტაფონელთა წამყვანმა ნახევარმცვემა მურთაზ დაუშვილმა, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მის ნაცვლად მოედანზე თორნიკე გორგიაშვილი გამოჩნდა.
შესვენების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი კიდევ უფრო შემართული გამოვიდა მოედანზე. თამაში ახალი განახლებული იყო, როცა გელაშვილმა რეხვიაშვილი სისწრაფეში დაჯაბნა და მახვილი კუთხიდან ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მცირედით ააცილა. მომდევნო შეტევისას კობახიძე ურტყამდა თავით და რაზმაძემ თავითვე გამოიტანა ბურთი. ამას ძარიას "გასროლა" მოჰყვა, 54-წუთზე კი გრიგალაშვილმა კვლავ გაიბრწყინა - მან ტექნიკური პასით რუსთაველი მცველები სახტად დატოვა და დვალი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ამ უკანასკნელს ბურთზე ფეხი აუცდა და რუსთაველები აშკარა გოლს გადაურჩნენ. ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო ზესტაფონელები კინაღამ დაისაჯნენ. 71-წუთზე ვაკო ტყემალაძეს შეძლო გატანა, მან მოდებაძისგან მიიღო ბურთი და შეუჩერებლივ დაარტყა, თუმცა კვასხვაძე უშეცდომოდ გაისარჯა.
ამ ეპიზოდიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ზესტაფონელთა საპასუხო შეტევა გოლით დაგვირგვინდა - კუთხურის გათამაშების შემდეგ გორგიაშვილმა საჯარიმოში გელაშვილის მიმართულებით ჩაჰკიდა ბურთი და ამანაც მოხდენილი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. აღსანიშნავია, რომ ეს გელაშვილის 49-ე გოლი იყო ეროვნულ ჩემპიონატში, რითაც იგი ზესტაფონური კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გოლის შემდეგ ზესტაფონელებმა თამაში დააწყნარეს. მოედანზე გელაშვილის ნაცვლად ფეროელთა კიდევ ერთი გოლეადორი რატი წინამძღვრიშვილი გამოჩნდა, თუმცა მასპინძლებს მწვავედ აღარ შეუტევიათ. სტუმრებს კი პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა ტყემალაძისა და გეწაძის სახიფათო დარტყმებს მცველები გადაეღობნენ.
თ. მაისურაძე (ოლიმპი): "ვულოცავ "ზესტაფონს" დამსახურებულ გამარჯვებას. სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც გამოცდილმა და ძლიერმა მეტოქემ არ გვაპატია. პირველი გოლი მცველების შეცდომას მოჰყვა. მეორე გოლისას კი მსაჯთან კამათს შეალიეს დრო და ამასობაში დავისაჯეთ კიდეც. სამწუხარო მარცხი იყო, მაგრამ ამით არაფერი იცვლება, ჩვენ ისევ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ."
გ. გეგუჩაძე (ზესტაფონი): "თამაშითაც და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. ჩემმა გუნდმა მაქსიმუმი გაიღო და ძლიერ მოწინააღმდეგესთან ღირსეულად გაიმარჯვა. ჩემპიონობაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი გადავდგით, თუმცა მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა."
ზესტაფონი-ოლიმპი 2:0
ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 2000 მაყურებელი
1:0 გრიგალაშვილი (33. გელაშვილის პასით), 2:0 გელაშვილი (72.გორგიაშვილის პასით)
ზესტაფონი ოლიმპი
4-4-2 (4-4-2)
რ. კვასხვაძე ბედიაშვილი
ალადაშვილი მურველაშვილი
კობახიძე კვახაძე
გ. ონიანი რეხვიაშვილი
ელიავა დობროვოლსკი
აფციაური ქავთარაძე
დაუშვილი ტყემალაძე
ძარია რაზმაძე
გრიგალაშვილი ი. მაისურაძე
დვალი მოდებაძე
გელაშვილი იაშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი
გ. გეგუჩაძე თ. მაისურაძე
37. დაუშვილი - გორგიაშვილი
78. გელაშვილი - წინამძღვრიშვილი
82. ძარია - ბენაშვილი
სათადარიგოები: მეშველიანი, ს. ლომია, ხიდეშელი, გრუიცა
46. მაისურაძე - გეწაძე
61. იაშვილი - პავლიაშვილი
75. ქავთარაძე - ქურდობაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჯაფარიძე, ბახტაძე, ქემოკლიძე
გაფრთხილება: დობროვოლსკი (42) მურველაშვილი (64)
არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი (თბილისი).
.