საბურთალო-ზუგდიდი 3:1 - "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უმაღლეს ლიგაში "ზუგდიდის" დარჩენის შანსები "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე გამართული შეხვედრის შემდეგ გაიზარდა, როცა "სიონმა" ბათუმის "დინამოსთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო. მაგრამ გუნდი ამ მატჩს არასრული შემადგენლობით შეხვდა: არ უთამაშიათ და განაცხადშიც არ იყვნენ მეკარე თორნიკე ზარქუა, კაპიტანი ნიკა აფაქიძე, გიგი იოსელიანი, გოდერძი მაჩაიძე, ლევან წურწუმია, დიმიტრი თუთბერიძე. "საბურთალოს" კი მეკარე ოთო გოშაძისა და ტრავმირებული გურამ გოშთელიანის გარდა, დისკვალიფიცირებული ელვინ ტერა ვერ დაეხმარა.

მატჩი აქტიურად დაიწყო "საბურთალომ". გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა უპირატესობა მეტი მოძრაობისა და ფლანგებზე აქტიურობის ხარჯზე მოახერხეს, რასაც სტუმრებმა ალღო
ვერ აუღეს - "ზუგდიდი" მეტოქეს ვერც ფლანგებზე კეტავდა და წინააღმდეგობას მოედნის ცენტრშიც ვერ უწევდა. სტუმრები ფრთხილად თამაშობდნენ და მხოლოდ კონტრშეტევების იმედად იყვნენ.

"საბურთალომ" თავისი უპირატესობა გოლში ასახა: ჯერ გონსალვეშს ნოგეირა ვაგნერმა მეკარესთან პირისპირ გიორგი ფანცულაია დატოვა, მაგრამ მან მეკარეს ვერ აჯობა. 34-ე წუთზე გია ჩაბრაძემ, რომელიც დაცვიდან ნახევარდაცვაში გადასწიეს და ძალიან ეფექტურად და სასარგებლოდ გამოიყურებოდა, შორეული უზუსტესი გადაცემით ვაგნერი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ფრანგმა ლეგიონერმა ანგარიში გახსნა - 1:0.

რამდენიმე წუთში ვაგნერის მიერ ჩაწოდებულ ბურთს კარისკენ მიმართულება ფანცულაიამ შეუცვალა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა.

მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლები თითქოს მოდუნებულები ჩანდნენ. უპირატესობის გაზრდის შანსი პირველივე წუთზე სანტიაგო ხარას მიეცა, რომელმაც კარიდან გამოსულ სერგეი ლიტოვჩენკოს ბურთი თავზე ვერ გადაუგდო.

მშვენიერი შანსი ჰქონდა ფანცულაიასაც, რომელსაც კართან ორი თანაგუნდელი ეხსნებოდა, მაგრამ მომენტი გააფუჭა.

"საბურთალოს" მოთამაშეები საკუთარ გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებულნი ჩანდნენ, სიფხიზლე მოადუნეს და დაისაჯნენ კიდეც: კუთხურის მოწოდების შემდეგ კარის წინ ცენტრალური მცველი დმიტრო ზოზულია უმეთვალყურეოდ დარჩა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

მასპინძლები წამიერად დაიბნენ და სტუმრებმა კიდევ ერთი შეტევა წამოიწყეს, რომელსაც ნიკა ლაშხია აგვირგვინებდა, მაგრამ მეკარე ბექა ქურდაძე ბურთს ადგილზე დაუხვდა.

ამის შემდეგ მოედანზე ძალზე სანახაობრივი ფეხბურთი გაჩაღდა. "საბურთალომ" მთელი ძალით შეუტია და ძალიან ლამაზი ფეხბურთი აჩვენა. ზუგდიდელები კი სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობდნენ. მაგრამ სტუმრებმა ასეთ ტემპში დიდხანს ვეღარ გაძლეს, ფიზიკურად აშკარად მოიკოჭლებდნენ და წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდათ.

"საბურთალომ" კი ტემპს უმატა და უმწვავეს საგოლე მომენტებს ქმნიდა. განსაკუთრებით, ნოდარ იაშვილის ფლანგური გადაცემები იწვევდა პანიკას ზუგდიდელთა საჯარიმოში. ერთ ეპიზოდში მან მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი ბუხაიძე, რომელსაც ფეხი დაუსხლტა და მომენტი ვერ გამოიყენა. მალე შანსი კუთხურის შემდეგაც შეიქმნა - გიორგი ხარაიშვილი მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთს მეკარე და მცველი გადაეფარნენ.

მაგრამ საბურთალოელთა მცდელობამ შედეგი შეხვედრის ბოლოს მაინც გამოიღო: სწრაფი შეტევა მარჯვენა ფლანგზე გააგრძელა სანტიაგო ხარამ, რომელიც მცველს გასცდა და კარის წინ ხარაიშვილი მოძებნა, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია - 2:1.

86-ე წუთზე შეტევა ისევ მარჯვენა ფლანგზე განვითარდა - ჩაბრაძემ კარგი გადაცემით კარის წინ მარტო მყოფი ხარა მოძებნა და თბილისელთა ესპანელმა ლეგიონერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ამ გამარჯვების შემდეგ "საბურთალომ" 16 ქულას მოუყარა თავი, მე-4 ადგილზეა და ბოლო ტურამდე საევროპალიგო პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

რაც შეეხება "ზუგდიდს", 11 მატჩში მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა და ტალანტებით სავსე ქალაქის გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

უმაღლესი ლიგა. XIII ტური. წითელი ჯგუფი
20.11. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-ზუგდიდი 3:1
გოლები: 1:0 ვაგნერი (34. ჩაბრაძის პასით), 1:1 ზოზულია (56), 2:1 ხარაიშვილი (81. ხარას პასით), 3:1 ხარა (86. ჩაბრაძის პასით)
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, ნადარაია, ვაგნერი (82. კარასკო), მამუჩაშვილი (69. კოხრეიძე), ხარაიშვილი, ჩაბრაძე, ხარა, ფანცულაია (63. ბუხაიძე).
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, რუხაძე, ალთუნაშვილი, სოფრომაძე
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, გ. ქანთარია, ზოზულია, კოხია, სუხომლინოვი, ბეჭვაია (80. პ. ჭანტურია), ტყემალაძე, ლაშხია (63. ჩუკურა), სიხარულია, ერმაჩენკო (46. ნარმანია), გ. სამუშია.
სათადარიგოები: ჯომიდავა, შეველი, აქუბარდია, ბუკია
მწვრთნელი: ლევან მიქაძე
გაფრთხილებები: ლაშხია (24), ტყემალაძე (39), გ. სამუშია (58), მარგველაშვილი (72), გ. ქანთარია (88)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბოლო ტური

26 ნოემბერი

თეთრი ჯგუფი
ჩიხურა-ცხინვალი
ლოკომოტივი-შუქურა
ტორპედო-დინამო (თბ).

წითელი ჯგუფი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-საბურთალო
ზუგდიდი-სამტრედია.

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7
ვოლკოვი (სიონი) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეთამაშეთ ეხლა ჩხოროწყუს.ინვესტორები მოდიან მოდიან და ვერ მოაღწიეს ზუგდიდამდე.
გოგა
16:09 21-11-2016
0
გულორდავას ჩამოყვანილი ინვესტორების იმედად რომ იყო იმ გუნდს აბა რა მოუვიდოდა.ბრავო!გოგოხიას.მაგრამ არჩევნებია კარს მომდგარი,და ალბათ სიმაყით გაგვაცნობს თავის შესრულებულ საქმეებს,ბოტანიკური ბაღის რებილიტაცია,თეატრის განახლება გარემონტება, და რათქმა უნდა ფეხბურთის ფეხზე დაყენება,აი ამ დაპირებების გამო აირჩია ხალხმა ეს კაცი,და რა მივიღეთ?განადგურებული თეატრი, განადგურებული ბოტანიკური ბაღი,და რაც ყველაზე უფრო დაწყვიტა ხალხს გული, განადგურებული ფეხბურთი.
თენგო
18:14 21-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული