ცხინვალი-ტორპედო 1:2 - სულ სხვა "ტორპედო" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო უშუალო კონკურენტ "ცხინვალთან" და მკვეთრად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე. დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას გარეშე დარჩენილი მასპინძელი კი ისეთი ვერ იყო, როგორსაც ამ ზეპრინციპულ თამაშში ველოდით.

"ტორპედომ" ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა, განსაკუთრებით - პირველ ტაიმში და ქომაგებს იმედი გაუჩინა, რომ ამ გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, კახა ჩხეტიანის ხელში ტრადიციულმა ქართულმა კლუბმა იქნებ ოდინდელი სიმაღლეებიც დაიბრუნოს.

მართლაცდა, მას შემდეგ,  რაც "ტორპედოში" ჩხეტიანი მივიდა, ამ გუნდის საქმეები სულ აღმასვლით მიდის. რაც მთავარია, გამოსწორდა
"ტორპედოს" თამაშის ხარისხი, რაც სამწვრთნელო შტაბის სწორ მუშაობას უნდა მივაწეროთ. ჩხეტიანის გარდა, იქ მიხეილ აშვეთია და ვასილ გიგიაძეც არიან, 90-იანი წლების შესანიშნავი ფეხბურთელები...

თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო. "ცხინვალის" კართან ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა. მომენტი ჰქონდა ბექა ტუღუშს, მაგრამ ცხინვალელთა კარის დარაჯ გიორგი ნადირაძეს ვერ აჯობა.

თავიდანვე უნდა დავწეროთ, რომ ტუღუშმა მართლაც გამორჩეული მატჩი ჩაატარა - სანამ მინდორზე იყო, დიდ პრობლემებს უქმნიდა მოწინააღმდეგის დაცვას. არაერთი ქართველი სპეციალისტისგან მსმენია, რომ ბექა ერთ-ერთი გამორჩეულია თავის თაობაში, ოღონდ რიგი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ "იხსნებაო". იქნებ ათვლა აქედან დაიწყოს...

მიმდინარეობდა შეხვედრის მე-15 წუთი, როცა ტუღუშმა, მარცხენა ფლანგისკენ ოდნავ გადაწეულმა, მიიღო პასი და ერთი შეხებით, მძლავრად "დააჭედა" ბურთი ნადირაძის კარის ზედა კუთხეში. გოლი ისეთი გამოვიდა, ძალიან ბევრი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს - მარტო მის სანახავად ღირდა ამ თამაშზე წასვლა...

"ცხინვალი" მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარს არ შეეგუა. მალევე მასპინძელთა შეტევა სტუმართა კარში დარტყმით დაასრულა აქტიურმა ჯაბა დვალმა. იქ ბურთი ხელზე ერთ-ერთ ქუთაისელ მცველს შეეხო და არბიტრმა 11-მეტრიანი დანიშნა ქუთათურთა კარში.

აქ მეტად საინტერესო დუელის მომსწრენი გავხდით. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის აღსრულება თავად დვალმა ითავა, მის პირისპირ კი როინ კვასხვაძე იდგა. ვინ იცის, რამდენჯერ დაურტყამს დვალს მისთვის პენალტი თუნდაც ვარჯიშებზე - ისინი ხომ წლების განმავლობაში ერთად იცავდნენ "ზესტაფონის" ღირსებას...

ამჯერად, შემტევს მეკარემ აჯობა. კვასხვაძემ ზუსტად გამოიცნო დარტყმის მიმართულება და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა. უნდა ითქვას, რომ "ტორპედოს" მეკარე სხვა ეპიზოდებშიც დამაჯერებლად თამაშობდა...

იქვე, მასპინძელმა კიდევ ერთი მომენტი შექმნა. ბიძინა მახარობლიძემ გადააწოდა ლაშა ქოჩლაძეს, რომლის მიერ შორეულ კუთხეში დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა სტუმართა კარს.

30-ე წუთზე ქუთათურთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. გრიგოლ დოლიძის აქტიურობას ნადირაძის არცთუ დამაჯერებელი თამაში დაერთო - "ცხინვალის" კიპერმა კარი "დაკარგა", დოლიძემ კი იქვე გახსნილი თორნიკე კაპანაძე მონახა და როგორც წესი, "ელვას" ასეთ შემთხვევებში სიზუსტე არ ღალატობს.

ტაიმის ბოლომდე იყო შოთა ბაბუნაშვილის შესანიშნავი საჯარიმო, ცხინვალელთა კარის ხარიხამ რომ მოიგერია. მეორე ტაიმი კი სანახაობრივი თვალსაზრისით პირველს აშკარად ჩამორჩა, თუმცა გოლი აქაც ვიხილეთ...

პირველად სიტუაცია 55-ე წუთზე დაიძაბა. დოლიძე მასპინძელთა საჯარიმოში დაეცა და სტუმრები 11-მეტრიანს ითხოვდნენ, მაგრამ არსენ ნონიკაშვილმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

იქვე, "ცხინვალმაც" შეაგდო. კუთხურის შემდეგ ბაქარ ქარდავა ახლო ძელთან გაიხსნა და თავით აიღო მოწინააღმდეგის კარი. თამაშის ბოლომდე მასპინძელს ერთადერთი საგოლე შანსიღა ჰქონდა, როცა დამატებულ წუთზე დვალი ვერ შესწვდა ბურთს. ეს იყო და ეს.

უმაღლესი ლიგა. XIII ტური. თეთრი ჯგუფი
17.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
ცხინვალი-ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 ტუღუში (15), 0:2 კაპანაძე (30), 1:2 ქარდავა (57)
ცხინვალი: ნადირაძე, მახარობლიძე (78. მაქაცარია), ქარდავა, სულთანიშვილი, მაისაშვილი, კაჭკაჭიშვილი (34. თომაშვილი), ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (46. შინდაგორიძე), კახელიშვილი, დვალი.
სათადარიგოები: სომხიშვილი, ფირცხალავა, მ. გელაშვილი, გაბრიჩიძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი, კაპანაძე (61. კვერნაძე), ნერგაძე, დოლიძე (56. ბენაშვილი), ქიმაძე, ტუღუში (81. ენდელაძე).
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, წილოსანი, ბურჯანაძე, საღრიშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ცერცვაძე (68), გურული (77), შინდაგორიძე (86)
გამოუყენებელი პენალტი: დვალი (20. ცხინვალი)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბოლო ტური

26 ნოემბერი

თეთრი ჯგუფი
ჩიხურა-ცხინვალი
ლოკომოტივი-შუქურა
ტორპედო-დინამო (თბ).

წითელი ჯგუფი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-საბურთალო
ზუგდიდი-სამტრედია.

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7
ვოლკოვი (სიონი) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კუხი და კლიმა დაიკარგენ ლოკომოტივში!
გოგი ქუთაისელი
13:58 21-11-2016
0
ყოჩაღ ქუთათურებო,აბა მიაწექით,ახლა ბოლო აკორდია დასაკვრელი დინამოსთან აუცილებელი გამარჯვებით
QWERTY
13:54 21-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული