გარიგებული მატჩები - "საოცრებები", რომლებიც ჩვენი ჩემპიონატის ქვედა ლიგებში ხდება

AutoSharing Option
ფაქტია, რომ ევროპის ძალიან ცნობილ ტოტალიზატორებში ფსონების დადება აქტიურად ხდება საქართველოს არა მარტო პირველ, არამედ მეორე ლიგის თამაშებზეც. კონკრეტულ მატჩზე მომხმარებელს დაახლოებით 20 სხვადასხვა ტიპის ფსონის გაკეთების საშუალება აქვს და ე.წ. კუშები "ლაივ რეჟიმში" იცვლება, ზოგი მათგანი კი - საეჭვოდაც კი...

სანამ იარსებებს ტოტალიზატორი და ფეხბურთი, მანამდე ეჭვები არ განელდება საქართველოშიც და სხვაგანაც. თუმცა, ჩვენ ყველაზე საგანგაშოდ ის გვეჩვენება, რომ ამ ტოტალიზატორებში საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებიც არის შეყვანილი და აქაც, ანალოგიურად, მომხმარებელს უამრავი ფსონის გაკეთება შეუძლია. კუშები აქაც უცნაურად იცვლება...

მართალია, სფფ-მ აქტიურად დაიწყო ბრძოლა გარიგებული თამაშების მიმართ და რამდენიმე კლუბი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი მკაცრად დაისაჯა კიდეც, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ჩვენს ფეხბურთში გარიგებაში "დახელოვნებული" ადამიანებისგან შემდგარი რამდენიმე ჯგუფი კვლავაც წარმატებით "მოღვაწეობს".

როგორც ქართულ ფეხბურთში კარგად ჩახედულმა პირმა, ინკოგნიტოდ დარჩენის პირობით გვითხრა, დღეს ქართულ ფეხბურთში, განსაკუთრებით პირველ და მეორე ლიგებში, "საოცრებები" კვლავაც მრავლად ხდება.

- როგორ ხდება საქართველოში გარიგებული მატჩის ამოცნობა - სფფ-ის მოქმედების პრინციპი

18:0, 15:0, 13:0, 12:0, 10:0, 8:0, 6:0, 13:1, 12:3, 8:5, 9:3 - ეს ის ანგარიშებია, რომელიც მეორე ლიგის შეხვედრებში ფიქსირდება და ცხადია, თუ ოდნაც მაინც ერკვევი ფეხბურთში, ეჭვები გაგიჩნდება.

შესაბამისად, არსებობს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ ჩვენს ქვედა ლიგებში კლუბების გარკვეული ნაწილი მხოლოდ ტოტალიზოტორში შედეგებით მანიპულირებისა და თანხის ამ გზით მიღებისთვისაა შექმნილი. ასეთ კლუბებში, სადაც ხელფასები მიზერულია, ინფრასტრუქტურა თუ ინვენტარი - სასაცილო და სატირალი ერთად, წმინდა სპორტული შედეგის მიღწევა არც არავის აღელვებს, მთავარი - ტოტალიზატორით მიღწეული შედეგია!

თამაში კი ყველაფერზე შეიძლება: მოგება-წაგებაზე, მეტ მიღებულ-გაშვებულ გოლზე, გაძევება-შეცვლებსა და ა.შ. შედეგად კი ვიღებთ ერთ სახასიათო სურათს ჩვენი ჩემპიონატის ქვედა ლიგის მატჩიდან - ზის ამა თუ იმ კლუბის მეპატრონე ტრიბუნაზე და თამაშს კი არ უყურებს და ღელავს ამა თუ იმ სახიფათო ეპიზოდისას, მთელი 90 წუთის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრება ვიღაცას...

გამომდინარე იქიდან, რომ სფფ ამ მატჩების შესახებ უეფასგან რაპორტებს არ იღებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ტიპის გარიგებებში არცთუ დიდ თანხებზეა საუბარი (დაახლოებით 3-5 ათასი ლარი). წინააღმდეგ შემთხვევაში, ტოტალიზატორი ამოიღებდა ინფორმაციას და მიაწვდიდა უეფას, ეს უკანასკნელი კი - სფფ-ს.

არის მეორე ვარიანტიც: ჩვენი ჩემპიონატის "საქმოსნები" ამა თუ იმ ტოტალიზატორთან არიან შეკრულები...

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: სფფ-მ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენი ქვედა ლიგების მატჩებსა და ამ მატჩებზე ცნობილ ტოტალიზატორებში უცნაურად "მოთამაშე" კოეფიციენტებს.

ვფიქრობთ, საეჭვოა, როცა მატჩის პირველ 15 წუთში 5 გოლი გადის, თანაც, არა ერთი გუნდის კარში, არამედ - მორიგეობით... უცნაურია, როცა გუნდის მწვრთნელი, რომელიც 5:0-ს იგებს, მეკარეს ცვლის, რომელიც შემოსვლიდან 1 წუთში მსაჯის გინების გამო წითელ ბარათს იღებს...

უცნაურია, როდესაც 90-ე წუთის შემდეგ, როცა ანგარიში 0:0-ია, 4 პენალტი ინიშნება...

ყველაზე უცნაურად და სამწუხაროდ კი მაინც ის ფაქტი მიგვაჩნია, რომ ტოტალიზატორებში ფსონები საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებზეც იდება... იმ ჭაბუკ ფეხბურთელთა თამაშებზე, რომლებმაც ხვალ-ზეგ დიდი და აუცილებლად "სუფთა" ფეხბურთი უნდა ითამაშონ და ევროპაში საქართველოს სახელი გაიტანონ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აწყობენ თამაშებს და მასე მიდის მაგათი ბედი
vladimeri
11:52 25-11-2016
0
სუფთა ფეხბურთი არ არსებობს ბუნებაში, რით ვერ გაიგეთ ხალხო?! ანდა რა ქვედა ლიგებში გუშინ მიუნხენმა რა გააკეთა, უმოტივაციო არა ზღმარტლის კურკა, სუფთა ტოტალიზატორი გააგორა, ასეა ყველა თამაშში აბსოლუტურად, ზოგზე შედეგზე ზოგზე სხვა რაღაცეებზე. მოკლედ ფეხბურთი არ იყო არ არის და არ იქნება სუფთა. გაიხსენეთ პირველი მერცხალი, ყალბი ფულის მომენტი მაშინაც კი ფეხბურთი აფიორა და ხალხის თვალში ნაცრის შეყრა იყო, ნუ კარგი შოუპროგრამა არის მაგას ვერავინ წაართმევს.
ქარ
16:41 24-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული