"იგეგმება, რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი კიევის "დინამოსთან" ერთად გაემგზავროს შეკრებაზე..."

AutoSharing Option
მალე ერთი თვე გახდება, რაც თბილისის "დინამო" უკრაინელმა სპეციალისტმა ვიაჩესლავ გროზნიმ ჩაიბარა. მართალია, საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მომავალზე უკვე ბევრს საუბრობენ...

მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დინამოს" თემურ ფარცვანიას დამატება სურს. ფარცვანია 25 წლისაა. ის კიევის "დინამოს"საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და 2009 წელს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონიც გახდა.

კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში წარმატებული თამაშის შემდეგ ფარცვანიამ კარიერა ზაპოროჟიეს "მეტალურგსა" და ლუცკის "ვოლინში" გააგრძელა, ამ დროისთვის კი დონეცკის "ოლიმპიკის" ფეხბურთელია. მას უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
იმასაც ამბობენ, რომ თბილისური გრანდის რიგებში მალე კიევის "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გამოჩნდეს...

ერთი სიტყვით, დაგროვდა ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებას საჭიროებდა და სწორედ ამ მიზნით დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველ ლევან სალუქვაძეს, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა "დინამოს" პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე...

- საინტერესოა, რა ხდება თემურ ფარცვანიასთან დაკავშირებით? როგორც შევიტყვეთ, ის საინტერესო ფეხბურთელია თბილისის "დინამოსათვის"...
- პირდაპირ გეტყვით: არა მხოლოდ ფარცვანიაზე, არამედ არც ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე ამ მომენტისთვის საუბარი არ არის. ამ ეტაპზე, გუნდის მთავარი ამოცანა და საფიქრალი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ღირსეულად ჩამთავრებაა. მოგეხსენებათ, 10 დეკემბერს მთავრდება სეზონი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამის მერე დაიწყებს "დინამო" სატრანსფერო პრიორიტეტებზე მუშაობას.

თემურ ფარცვანია ძალიან კარგი ფეხბურთელია და სამომავლოდ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. როცა ჩვენ "დინამოს" სატრანსფერო პრიორიტეტებზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - თუ ჩვენ ერთ კონკრეტულ პოზიციაზე გვყავს ორი კარგი ფეხბურთელი, თვითმიზანი სულაც არ არის გუნდში ახალი მოთამაშეების მოყვანა.

და კიდევ ერთი - მოგეხსენებათ, "დინამოს" პრიორიტეტს წარმოადგენს გუნდში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელის დაწინაურება. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ამას ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მათ აუცილებლად უნდა მიიღონ სათამაშო პრაქტიკა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "დინამოს" სხვადასხვა გუნდში განათხოვრებული ჰყავს რამდენიმე ძალიან საინტერესო ფეხბურთელი, მათ შორის ერთი - საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებშიც არის. ვგულისხმობ საბა ლობჟანიძეს, მის გარდა, არიან დავით ვოლკოვი, ბაჩანა არაბული... ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეს მოთამაშეები "დინამოში" დაბრუნდებიან.

ჯერ ერთი თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამოს" ვიაჩესლავ გროზნი ჩაუდგა სათავეში და ცხადია, ახალ მწვრთნელს სჭირდება დრო იმისთვის, რომ თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ბოლომდე შეაფასოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს...

სატრანსფერო ამბებს რაც შეეხება, "დინამო" იქნება მაქსიმალურად ღია და გახსნილი. არ გამოგაპარებთ თქვენთვის არცერთ საინტერესო ინფორმაციას. მოლაპარაკებების, ტრანსფერების თუ კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, მედია ბოლომდე ინფორმირებული იქნება...

საგანგებოდ მინდა ვთქვა, რომ სამუშაო პროცესში ძალიან ინტენსიურად არის ჩართული კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია.

ერთი სიტყვით, ამ დროისთვის "დინამო" მეტად საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს. 10 დეკემბრის მერეც ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაო გველის.

- მაშ, არც იმ უკრაინელი ფეხბურთელების ვინაობაა ცნობილი, რომლებმაც, შესაძლოა, მალე "დინამო" გააძლიერონ?
- არა, არ არის ცნობილი. ამ უკრაინელი ფეხბურთელების ვინაობა შეიძლება გაირკვეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიევის "დინამო" ჩაატარებს შეკრებას. ბოლო დრომდე გაურკვეველი იყო, რა ბედი ეწეოდა კიევურ კლუბს ევროთასებზე. ამიტომ შეკრებაც არ იყო დაგეგმილი.

სხვათა შორის, ერთი რამ შემიძლია გაგიმხილოთ - იგეგმება, რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი კიევის "დინამოსთან" ერთად გაემგზავროს შეკრებაზე და არ არის გამორიცხული, ამ შეკრების შემდეგ მათთან საიჯარო ხელშეკრულებებიც გაფორმდეს.

- ხომ არ არის გადაწყვეტილი, სად მოემზადება "დინამო" მომავალი სეზონისთვის?
- პირველი შეკრება რომ თურქეთში გვექნება, ეს უკვე გადაწყვეტილია. მეორე შეკრებაც, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ქვეყანაში ჩატარდება. გვქონდა ესპანეთის, მალტისა და სხვა ქვეყნების ვარიანტებიც, მაგრამ არჩევანი ისევ თურქეთზე შევაჩერეთ და ამას ჰქონდა ერთი მთავარი მიზეზი...

- რას გულისხმობთ?
- მოგეხსენებათ, თბილისის "დინამო" ახლა ჩამოყალიბების სტადიაშია. ეს შეკრებები კი ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვიღაცის ნახვა მოგვიწევს, ვიღაცის მოყვანა, დატოვება ან გაშვება. შეკრებაზე უნდა წავიყვანოთ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი. თურქეთსა და საქართველოს შორის კი სავიზო რეჟიმი არ არის და ეს ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.

აქედანვე შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ "დინამოს" თურქეთში ექნება ისეთი პირობები, როგორიც ჩვენს კლუბს ეკადრება. ვგეგმავთ ორ ხანგრძლივ, 20-დღიან შეკრებას და მიგვაჩნია, რომ ეს დიდი ნაბიჯი იქნება გუნდის ჩამოყალიბების გზაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა უნდა ცჰამოაყალიბოტ ყველასტან აგებტ
0
ეჰ ბატონო ლევან, ჩემდა სამწუხაროდ კარგა ხანია გაუვიდა ყავლი თქვენს ნათქვამს "დინამოს" თურქეთში ექნება ისეთი პირობები, როგორიც ჩვენს კლუბს ე კ ა დ რ ე ბ ა".
gizog
18:57 27-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული