10:43 01-12-2016
საბურთალო-დინამო (თბ) 0:0 - დაძაბული და ნულოვანი [VIDEO]
AutoSharing Option
თამაში მძიმე და დაძაბული გამოდგა. რეალური საგოლე მომენტი იშვიათად იქმნებოდა. დინამოელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. ისინი ცდილობდნენ, უპირატესობა მოეპოვებინათ და მეტოქე საკუთარ საჯარიმოში გამოეკეტათ. საპასუხოდ, "საბურთალოს" დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავის პასიურ ფეხბურთელებს ემოციურად შეჰყვირა, რომ მაღალი პრესინგითა და აქტიურად ეთამაშათ.
ნომინალურმა მასპინძლებმა ეს მოახერხეს - "დინამოს" სივრცე შეუზღუდეს და იმდენად მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, მეტოქის შეტევებიც შეაჩერეს. ამით "საბურთალომ" ტაქტიკური ბრძოლა მოიგო და ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს საკუთარი თამაშის დემონსტრირების შანსი არ მისცა.
მალე შეტევების ორგანიზება თავად საბურთალოელებმაც მოახერხეს. ჯერ გიორგი ფანცულაიამ სცადა ბედი, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმა გაუჭირდა. მერე ვაგნერმაც შეუტია, რომელმაც ნოდარ იაშვილთან ერთად მარჯვენა ფლანგზე გაილაღა - ისინი მწვავედ და ეფექტურად მოქმედებდნენ და მეტოქეს არაერთი პრობლემაც შეუქმნეს.
"საბურთალომ" მწვავე და სწრაფი კონტრშეტევა 21-ე წუთზე ისევ მარჯვენა ფლანგიდან წამოიწყო. იაშვილმა საჯარიმოში მშვენიერი გადაცემით მოძებნა ვაგნერი, რომელსაც კარის წინ გახსნილი ფანცულაიასთვის სურდა ბურთის გადაწოდება, დინამოელმა მცველმა ძალიან სახიფათო მომენტი განმუხტა.
გავიდა კიდევ 3 წუთი და სანტიაგო ხარას საჯარიმოში შეჭრილი ფანცულაია მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, მაგრამ ზაზა ჭელიძემ ბურთი ბოლო მომენტში აართვა და დინამოელებმა კიდევ ერთხელ ამოისუნთქეს.
სტუმართა საპასუხო იერიშის დაგვირგვინებას მოულოდნელი დარტყმით ლადო დვალიშვილი შეეცადა, თუმცა ოთო გოშაძემ პოზიცია სწორად შეარჩია და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ტაიმის დასასრულს მწვავე კონტრშეტევის წამოწყება ისევ "საბურთალომ" მოახერხა, მაგრამ იაშვილის გარღვევა ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა - "დინამოს" მცველები ყურადღებით და თითქმის უშეცდომოდ თამაშობდნენ. ანგარიშის გახსნა თითქოს ხარასაც შეეძლო, მაგრამ მეკარე ნუკრი რევიშვილს სერიოზული პრობლემა ვერ შეუქმნა.
"დინამოს" სამწვრთნელო შტაბმა მეორე ნახევარში წინა ხაზზე ბექა მიქელთაძე გადასწია, ხოლო დვალიშვილის ნაცვლად მოედანზე შევიდა გიორგი თევზაძე, რომელსაც ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერება დაევალა. მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ 20 წლის დინამოელს არ გაუმართლა და ტრავმის გამო თავადაც შესაცვლელი გახდა.
მეორე ნახევარი უფრო საინტერესოდ წარიმართა. 65-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა კინაღამ კურიოზული გოლი გაიტანა - მცველის მიერ მოგერიებული ბურთი მოხვდა და მერე მეკარე გოშაძე ჩაერია საქმეში.
67-ე წუთზე კი, გიორგი ჩაკვეტაძის მშვენიერი გადაცემით, ჯიღაური დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ცოტნე ნადარაიამ ბურთი სუფთად აართვა და უმწვავესი მომენტი გააუვნებელყო.
"საბურთალო" ძლიერ მეტოქეს გაუთამამდა, არაფერში ეპუებოდა და უკეთეს შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. დინამოელ მცველებს არ ასვენებდა ვაგნერი, რომელიც რევიშვილის კარს საჯარიმოს მისადგომებიდან "მოჭრილი" დარტყმით დაემუქრა - ბურთი მიზანს ასცდა.
77-ე წუთზე დინამოელებმა ძალზე სწრაფი და ეფექტური შეტევა წამოიწყეს: თევზაძემ დაახლოებით 40 მეტრიდან იუველირის სიზუსტით გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე მიქელთაძე, რომელმაც ბურთი შეტევაში ჩართულ უჩა ლობჟანიძეს დაუგორა - მცველის შორეული დარტყმა ძლიერი, თუმცა არაზუსტი გამოდგა.
"საბურთალოს" მისთვის სასარგებლო ანგარიშის დაფიქსირების რეალური შანსი 86-ე წუთზე გაუჩნდა, როცა ვაგნერმა ხარას საჯარიმოში გააყოლა ბურთი - რევიშვილს რეაგირება არ გასჭირვებია.
საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა და ამ გუნდების ურთიერშეხვედრათა ხანმოკლე ისტორიაში პირველად მოხდა, რომ "დინამომ" ვერ მოიგო. მონდომებული და აზრიანი თამაშით "საბურთალომ" ასეთი შედეგი დაიმსახურა.
საპასუხო მატჩს 4 დეკემბერს "დინამო არენა" უმასპინძლებს და ეს მატჩი "ბრინჯაოს ფინალის" მონაწილეს გამოავლენს.
უმაღლესი ლიგა. ბრინჯაოს პლეი ოფი. პირველი მატჩები
30.11. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-დინამო (თბ) 0:0
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ნადარაია (67. კოხრეიძე), ვაგნერი, ტერა, მამუჩაშვილი (87. კარასკო), ჩაბრაძე, ფანცულაია (66. პენა), ხარა.
სათადარიგოები: ქურდაძე, სოფრომაძე, ალთუნაშვილი, გვარაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დინამო: რევიშვილი, უ. ლობჟანიძე, ზ. ჭელიძე, ხუბუტია, ლოჩოშვილი, ცინცაძე, ზარია (57. ჩაკვეტაძე), ჯიღაური, კიტეიშვილი, მიქელთაძე, დვალიშვილი (46. თევზაძე/84. ნინუა).
სათადარიგოები: ლომაია, კიკალიშვილი, ქავთარაძე, კუცია
მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
გაფრთხილებები: მამუჩაშვილი (61), უ. ლობჟანიძე (78), ზ. ჭელიძე (90)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ჩვენსკენ დადებული ტუფტა პენალტიც(მანდ მაგაზე ვერაფერს ამბობენ,მაგრამ მახსოვს მაშინდელ პრესაში ჩვენი მცველი იფიცებოდა მოწინააღმდეგეს,რენე ნოტენს,არ შევხებივარო),მაგრამ დინამომ მაინც თავისი გაიტანა და ფინალში გავიდა.რატომ გავიმარჯვეთ იმ ბრძოლაში?შემადგენლობა ნახეთ,ნახევარი დინამო ქუთაისელი ბიჭები იყვნენ,გაბელია,კოსტავა,სვაNაძე,სულაქველიძე,შენგელია.90000 მაყურებლიდან ნახევარი ალბათ დასავლეთ საქართველოდან იყო, წარმოშობით მაინც.სწორედ ამით გავიმარჯვეთ,რომ ერთად ვიყავითდა კიდევ იმით,რომ ღირსება გვქონდა,გუნდსაც და მაყურებელსაც.თუ ერთად არ ვიქნებით და ერთმანეთს ისე ვუყურეთ,როგორც მტერს,ყოველთვის ასე გაუბედურებული იქნება დინამოც,ტორპედოც ქართული ფეხბურთიც და ის ერთმანეთის თავპირის მნგრეველი ვითომ ფანებიც,გუნდის და ქალაქის ღირსების დაცვად რომ მიაჩნიათ ჩხუბი.
გუცაევმა ვერ გაიხსენა ამ მატჩების მსაჯები.აქაურ თამაშზე არც მე მახსოვს,მაგრამ როტერდამში მსაკობდა ავსტრიელი ფრაბ ვიორერი,რომელიც შემდეგ ჩამოდიოდა ხოლმე სტადიონების ხარისხის შესამოწმებლად,ევრო თასებზე თამაშების წინ,და როცა ქართველმა თანმხლებმა ჰკითხა,ახსოვდა თუ არა ის მატჩი,მან უარჰყო,არ მახსოვსო,თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალური მატჩის ჩატარება არ მახსოვსო,ნამუსგარეცხილმა და ნამუს გაყიდულმა.
ნახეთ მეგობრებო ეს გადაცემა,ჩემს სიტყვებს კი საწყენად ნუ მიიღებთ და დაფიქრდით იმაზე,თუ რის თქმას ვცდილობ თქვენთვის.