უმაღლესი ლიგა. პლეი აუტის წინათქმა: ტიტულოვანთა მოკრძალებული მიზანი

AutoSharing Option
ფოტოზე: არმაზ ჯელაძე
ისევე, როგორც სათასო დაპირისპირებების დროს, პლეი ოფის მატჩებშიც უადგილოდ გვეჩვენება ამა თუ იმ გუნდის ფავორიტად მოხსენიება.

სწორედ ასეთი სიტუაციაა ახლაც: ორივე წყვილი, ფაქტობრივად, თანაბარი ძალის გუნდებით არის დაკომპლექტებული და დღევანდელი გადმოსახედიდან მართლაც ძალიან ძნელია იმ ორი გუნდის დასახელება, მომავალ სეზონში კვლავაც უძლიერესთა შორის რომ იასპარეზებს.

აღარ შევუდგებით საუბარს პლეი აუტის მნიშვნელობაზე: ამ ოთხი გუნდიდან ორს ქვედა ლიგაში დაქვეითება ელოდება, ორი კი უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნებს ადგილს. არადა, როგორი საქმეა: ამ ოთხეულიდან მხოლოდ "შუქურაა", ტიტული რომ არასდროს მოუპოვებია, აი,
დანარჩენ სამ გუნდს კი სხვადასხვა დროს გარკვეული წარმატებები ჰქონდა.

"ლელოს" გუშინდელ ნომერში აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად სწორედ ამ სეზონში ხდება, როცა მესამე ადგილისათვის (შესაბამისად - ევროტურნირის საგზურისათვის) პლეი ოფის მატჩები იმართება; აი, რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში დასარჩენ პლეი აუტს, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ასეთი შინაარსის დაპირისპირებები არაერთხელ გამართულა.

სხვათა შორის, "სიონს", "გურიასა" და "დილას" სხვადასხვა დროს ასეთ პლეი აუტებში უთამაშიათ კიდეც...

01.12. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 14:00
სიონი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =2 -1, 4:4
რეგულარულ ჩემპიონატში
თეთრი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
5. შუქურა 12 2 6 4 10-13 12

წითელი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
6. სიონი 12 3 2 7 13-19 11

VI ეროვნულ ჩემპიონატში (1994/95) "სიონმა" წარმატებით იასპარეზა პირველი ლიგის გათამაშებაში და უმაღლესი ლიგის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა. აი, იმის მერე კი ბოლნისური გუნდი უმაღლესი ლიგის უცვლელი წევრი იყო და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდა: ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი თასის ფინალში ითამაშა.

თუმცა, ბოლო წლებში "სიონის" ლამის "საფირმო ნიშანი" გახდა არასტაბილურობა: გუნდი ერთ სეზონს აღმავლობით რომ ჩაატარებდა, მომდევნოში ბევრად უფრო მოკრძალებული მიზნები ჰქონდა. რაღა შორს წავიდეთ: 2013/14 წლების სეზონის მსვლელობისას გუნდში მთავარ მწვრთნელად ლადო ბურდულის მისვლის შემდეგ "სიონმა" წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონატი მესამე ადგილზეც დაასრულა.

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბოლნისური კლუბი ევროპის საკლუბო ტურნირებს რვაწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა! აი, მომდევნო სეზონი კი "სიონმა" აშკარად სუსტად ჩაატარა და უმაღლეს ლიგაში დარჩენა მხოლოდ ბოლოსწინა ტურში გაინაღდა, რასაც ბევრად უკეთესი შედეგი მოჰყვა: წინა ჩემპიონატში (2015/16 წლების სეზონი) გუნდმა V ადგილი დაიკავა.

სწორედ ეს ბოლო ფაქტიც გვაფიქრებინებდა, რომ გარდამავალ ჩემპიონატში "სიონი" ერთ-ერთი ფავორიტი უნდა ყოფილიყო თავის ჯგუფში. მით უფრო, რომ არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდში საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები ჩაირიცხნენ გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე; თუმცა, ზოგმა ახალწვეულმა აშკარად ვერ გაამართლა, ზოგს - ადაპტაციის პერიოდი გაუგრძელდა და ამის გამოც მოხდა, რომ "წითელი ჯგუფის" ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ გუნდს ორი უმძიმესი დაპირისპირება მოუწევს საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "შუქურასთან".

- ლადო ბურდული: ნათელმირონობა და მეგობრობა - ცხოვრებაში, მინდორზე - ბრძოლა
-  გია გურული: დარწმუნებული ვარ, ეს ორი შეხვედრა ნამდვილი ომი იქნება

ისე, ბოლნისურ გუნდს სულ მცირე უპირატესობა აქვს მეტოქესთან შედარებით: "სიონი" ბოლო ტურში ისვენებდა, მაშინ, როცა "შუქურას" უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ჰქონდა სტუმრად "ლოკომოტივთან". სწორედ იმ მატჩს უნდა გადაეწყვიტა კიდეც, პლეი აუტში "სიონის" მეტოქე რომელი გუნდი იქნებოდა.

გია გურულის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "შუქურასათვის" მოვლენები თავდაპირველად იდეალური სცენარით წარიმართა, მაგრამ ქობულეთელთა გუნდი საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა. "შუქურას" უამრავი საკადრო პრობლემა ჰქონდა მთელი გარდამავალი ჩემპიონატის განმავლობაში.

ტრავმის გამო, ფაქტობრივად, მთელი სეზონი გაუცდა გუნდის კაპიტან გიორგი ჩელებაძეს, ასევე ბევრი მატჩი გამოტოვა გამოცდილმა ცენტრფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა. თუმცა "შუქურაში" მრავლად არიან ძალზე გამოცდილი ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს წარმატებით რომ უთამაშიათ სხვა გუნდებში: ზურაბ არზიანი, სანდრო გურული, კობა შალამბერიძე, ლაშა ჯაფარიძე...

ამათ გარდა, აღსანიშნავია უდავოდ პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, 19 წლის ირაკლი კომახიძე და მართლაც "ხარისხიანი" ლეგიონერები: მეკარე აზამატ ჯიოევი (რუსეთი) და შემტევი ნახევარმცველი ჟეფინიო (ბრაზილია).

01.12. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე". 14:00
გურია-დილა
ურთიერთშეხვედრები:
25: +10 =6 -9, 37-39
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე (დილა)

რეგულარულ ჩემპიონატში
თეთრი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
6. გურია 12 3 2 7 8-21 11

წითელი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
5. დილა 12 5 2 5 13-12 17

იყო დრო, როცა სწორედ "გურია" მიიჩნეოდა თბილისის "დინამოს" უმთავრეს კონკურენტად საჩემპიონო ბრძოლაში. ლანჩხუთელთა გუნდმა პირველ და მეორე ეროვნულ ჩემპიონატებში მეორე ადგილი დაიკავა, აი, ამის მერე კი გუნდის საქმეები უკან და უკან წავიდა.

ეგ კი არა, 2013/14 წლების სეზონის წინ "გურია" რომ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, 12-წლიანი პაუზა გამოვიდა! ის სეზონი ლანჩხუთელებმა მართლაც მშვენივრად ჩაატარეს, აი, მერე კი მწვრთნელთა გაუთავებელმა ცვლამ ის შედეგი მოიტანა, რომ "გურიის" მიზანი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო და არის კიდეც.

გამონაკლისი არც ეს გარდამავალი ჩემპიონატი გამოდგა: გადამწყვეტ ეტაპზე (ანუ, მეორე წრეში) "გურიამ" ექვსი მატჩიდან ხუთი წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო. ცალკე თემაა სამწვრთნელო "კარუსელი": ეს სეზონი თემურ მახარაძემ დაიწყო, რომელიც III ტურის მერე უკრაინელმა სპეციალისტმა ოლეგ ლეშჩინსკიმ ჩაანაცვლა.

თუმცა, გარდამავალი ჩემპიონატი მორჩა და ლანჩხუთელები ლეშჩინსკისაც დაემშვიდობნენ და "დილასთან" უმნიშვნელოვანეს ორრაუნდიან დაპირისპირებებში "გურიას" ახალი მწვრთნელი დამოძღვრავს - ზაზა ინაშვილი, რომელიც წინა სეზონში ფოთის "კოლხეთში" მუშაობდა.

ეს სეზონი ვერც "დილასთვის" იყო წარმატებული, მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ გორელთა გუნდმა წინა ჩემპიონატი III ადგილზე დაასრულა, 2014/15 წლების სეზონში სულაც ისტორიულ შედეგს მიაღწია და პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

- უჩა სოსიაშვილი: "დილასთვის" უკან დასახევი გზა მოჭრილია

ეს ორივე მიღწევა, ფეხბურთელებთან ერთად, მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის დამსახურებაც იყო; თუმცა, ამ გარდამავალ ჩემპიონატში ახალგაზრდა სპეციალისტს უამრავ პრობლემასთან მოუხდა გამკლავება: ცალკე - ფინანსური, ცალკე - საკადრო და ასე შემდეგ.

თუმცა, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობასთან ერთად, სხვა არანაკლებ აქტუალური პრობლემაც უნდა ვახსენოთ: გარდამავალ ჩემპიონატში ჩატარებულ თორმეტ მატჩში "დილას" ფეხბურთელებმა 5 (ხუთი!) წითელი ბარათი მიიღეს, თანაც, ყველა ეს ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული