გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" "თეთრ" ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და სამშვიდობოს გავიდა. ესპანელი ჟერარდ სარაგოსა მულეტის მიერ დაწყებული სეზონი გიორგი დევდარიანმა ჩაამთავრა და პროგრამა-მინიმუმი შეასრულა: ახლა გუნდი არც ევროსაგზურისთვის იბრძვის და არც - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. "რკინიგზელებმა" პრო ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვეს.

რა გეგმები აქვთ "ლოკომოტივში" და როგორ წარმოუდგენიათ ახალი სეზონისთვის გუნდის განახლება? ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიასა და მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანს ველაპარაკეთ...

-align: center;">ლექსო თოფურია: მათ უფრო მაღალი ადგილის დაკავების იმედს ვუკავშირებდით...
- სეზონი დამთავრდა. გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებდით?
- მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ, რადგან პრო ლიგა 1-ში, 10-გუნდიან ჩემპიონატში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

- ახლა მთავარი საფიქრალი პრო ლიგა 1-ში ღირსეული თამაშია...
- ახლა ერთი რამ შემიძლია გითხრათ დაზუსტებით: ახალ სეზონში ჩვენი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი იქნება. სხვა საკითხები კი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

- წლეულს ბევრი ცნობილი მოთამაშე მიიწვიეთ. მათზე რას იტყვით?
- მათ უფრო მაღალი ადგილის დაკავების იმედს ვუკავშირებდით. სამწუხაროდ, ბევრ მათგანს ტრავმის გამო თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონდა. მაგალითად, ამ მიზეზით მათე ვაწაძემ და ლუკა ზარანდიამ თამაშები გამოტოვეს, მათ შორის, ბოლო ტურში - "შუქურასთან", რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- რაც შეეხება შემადგენლობას. გაძლიერებას გეგმავთ?
- ახლა ზოგადად გეტყვით, რომ გაძლიერება აუცილებლად მოგვიწევს.

- რა ცვლილებები იქნება? ვინ წავა ან ვინ მოვა?..
- ვინ დაგვტოვებს და ვის დავიმატებთ, ჯერ არ ვიცი. ეს დევდარიანის გადასაწყვეტია.

- თქვენი აზრით, 10-გუნდიან ჩემპიონატში, დონის მხრივ, უკეთესობის იმედი უნდა გვქონდეს?
- ამაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. 10-გუნდიანი ჩემპიონატი კარგი ჩანაფიქრია, მოთამაშეების გაზრდასაც შეუწყობს ხელს და თავად კლუბების პროგრესსაც. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ლიგაშიც დიდი კონკურენცია იქნება.

- თასის ფინალმაც აჩვენა, რომ ბევრად უკეთესია პატარა სტადიონზე თამაში, სადაც ხალხი საფეხბურთო გარემოს ქმნის, ვიდრე - დიდზე. ადრე ამბობდით, რომ არენის შეცვლას და "მიხეილ მესხიდან" სხვაგან გადასვლას აპირებთ...
- პატარა სტადიონი რომ იყოს, რატომაც არა?! მაგრამ ახლა სხვა რა გამოსავალი გვაქვს?

- საგურამოს ბაზაზე 4-ათასიანი ტრიბუნების აშენება ხომ გსურდათ?
- გვსურდა, მაგრამ გულშემატკივრებისთვის იქ სიარული მოუხერხებელია და ამ ჩანაფიქრზე ხელი ავიღეთ.

გიორგი დევდარიანი: მათ კარგი სეზონი ჩაატარეს და არ შეიძლება, შრომა წყალში ჩაეყაროთ
- მაქსიმუმს ვერ მივაღწიეთ, ანუ "ბრინჯაოს პლეი ოფში" ვერ მოვხვდით. მაგრამ დაძაბული სეზონი უკვე წარსულია. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უკვე მომავალი ჩემპიონატია.

- საინტერესოა, მომავალი წლის დასაწყისში რა შემადგენლობა გეყოლებათ?
- გუნდი აბსოლუტურად გადახალისდება და სახეს შეიცვლის. ეს იქნება არა მხოლოდ სახელებში გამოხატული ცვლილება, მაგრამ ესეც იქნება. და რაც მთავარია - "ლოკომოტივის" დუბლებიდან, 19-წლამდელებიდან და აკადემიიდან თავის გამოჩენის შანსი ბევრ ახალგაზრდას მიეცემა. მათ კარგი სეზონი ჩაატარეს და არ შეიძლება, შრომა წყალში ჩაეყაროთ. თანაც, ისეთ ასაკში არიან, დროა, დიდ ფეხბურთს შეეჩვიონ.

- ერთ-ერთმა მათგანმა, ირაკლი ბუღრიძემ, ბოლო ტურში ქობულეთის "შუქურასთან" ითამაშა, ძალიან მონდომებული იყო და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია...
- ბუღრიძე, სპანდერაშვილი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე არაფრით ნაკლებნი არ არიან მათზე, ვინც უმაღლეს ლიგაში სისტემატურად თამაშობდა. მას შემდეგ, რაც ეს ბიჭები მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან და საკონტროლო თამაშებს ჩაატარებენ, იმედი მაქვს, "ლოკომოტივს" აუცილებლად გააძლიერებენ.

- მთელი სეზონის განმავლობაში რჩებოდა აზრი, რომ გუნდი საკუთარ შესალებლობებს ვერ ავლენდა...
- იმიტომაც ვერ ავლენდა, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავდა. ბოლო ტურში 6 მოთამაშე არ იყო, ვინც ძირითადში თამაშობდა. ფაქტია, ჩვენ საინტერესო მოთამაშეები გვყავს და მათ გარეშე ამ შედეგსაც ვერ მივაღწევდით. თუმცა, გუნდი დაბალანსებული არ არის, სათადარიგოებში ძირითადების სრულყოფილი შემცვლელები არ გვყავს და ამის მოგვარებაა საჭირო. მაგრამ იმედი მაქვს, მოსამზადებელ ეტაპს კარგად გავივლით და ამ პრობლემებს მოევლება. ვეცდებით, ახალ სეზონს "ლოკომოტივი" სხვა ხელწერით შეხვდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
18 კაციან განაცხადში ვინც მოხვდება და + კიდე ის ფეხბურთელები ვინც გუნდში ირიცხება და კიდე მთელი შტაბი აი აქედან ყველას თითო ოროლა ნათესავი თუ მოვა თქვენს თამაშზე და 150 კაციანი ტრიბუნას ან შეავსებთ ან არა ისე რო შეგიძლიათ სადმეს სტანდარტი მინდორი გააკეთოდ და ზედ მიადგათ რკინის ტრიბუნა და ეგარი.
0
წარმატებები დევდარიანს და თოფურიას! მოწმონს მათი ხედვა და სტრატეგია!
dato
13:52 04-12-2016
0

სიახლეები პოპულარული