"ტორპედოს" წარმატებულ ბოლო აკორდში გუგა ფალავანდიშვილის წვლილიც არის. ეროვნული ნაკრების კანდიდატსა და გორის "დილას" ყოფილ ლიდერს ბევრი გუნდი იწვევდა, მაგრამ 23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა არჩევანი ქუთაისური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა, ოღონდ, წლის ბოლომდე. ასე რომ, საინტერესოა მისი მომავალი.
"ლელო" ფეხბურთელს სწორედ ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ
- როცა "ტორპედოში" მიდიოდით, თქვით, რომ ასეთი შემადგენლობით სამეულში უნდა მოხვედრილიყავით. მაგრამ სეზონი ძალიან უცნაურად ჩაატარეთ...
- გარდამავალი ჩემპიონატი ხანმოკლე იყო, მაგრამ მსგავსი არასტაბილური და მოვლენებით მდიდარი სეზონი არ მახსენდება. პირველი 4 ტური ძალიან სუსტად ჩავატარეთ, გოლიც ვერ გავიტანეთ და აუტსაიდერები ვიყავით. დავკარგეთ ოქროს ქულები, რის გამოც უფრო მაღალი ადგილი ვერ დავიკავეთ. გუნდი საკუთარ თავს ვერ ავლენდა...
მაგრამ სეზონი ისე დასრულდა, რომ თასიც ავიღეთ, ბრინჯაოს პლეი ოფშიც ვიბრძოლეთ და ევროპის ლიგაზეც გავედით. თავიდანვე ასეთი ამბიცია გვქონდა, მინიმუმ, სამეულში მოხვედრა გვსურდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მიზანს ასეთი გზით მივაღწევდით.
- ბრინჯაოს პლეი ოფში ბათუმის "დინამოსთან" დამარცხებას რით ახსნიდით?
- ორი მიზეზია. სიმართლე ითქვას, თასის მოგებით ევროპის ლიგაში თამაშის უფლება რომ უკვე მოპოვებული გვქონდა, ამ პლეი ოფისთვის მოტივაციაც ვერ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო...
- ...კი, მაგრამ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასვლა სტიმული არ იყო?!
- როგორ არ იყო?! ესეც დიდი სტიმულია, მაგრამ ბათუმელებისთვის ეს ევროთასებზე მოსახვედრად ერთადერთი შანსი იყო და მათ ყველაფერი ჩადეს ამ ორ თამაშში. ჩვენ კი ორივე შეხვედრაში მოედანზე თავისუფლად გავედით, დაუძაბავად ვთამაშობდით... პირველი მოვიგეთ, მეორის ბედი კი პრაგმატულმა ფეხბურთმა გადაწყვიტა. მეტოქემ შედეგისთვის ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და მოიგო. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გვაჯობა. ახლაც დარწმუნებული ვარ, თასი რომ არ აგვეღო, ამ პლეი ოფს სხვაგვარი მოტივაციით შევხვდებოდით.
- პირველი მიზეზი გასაგებია, მეორე რომელი იყო?
- ჩვენ ბუნებრივ მოედანზე ვვარჯიშობთ, ბათუმის "დინამომ" კი ქობულეთში ხელოვნურ საფარზე გვიმასპინძლა და თამაში ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენ ხალიჩას მიჩვეულები არ ვართ და პლეი ოფის ბედი ამ ორმა ფაქტორმა გადაწყვიტა.
თუმცა, მთლიანობაში, სეზონი მაინც წარმატებული გამოდგა. ყველაფერი კახა ჩხეტიანის მოსვლით შეიცვალა - გათითოკაცებულები ვიყავით და ერთსულოვან გუნდად, ერთ ოჯახად გვაქცია. ოღონდ, ისე არ გაიგოთ, თითქოს კობა ჟორჟიკაშვილის მუშაობას სათანადოდ არ ვაფასებ - არავითარ შემთხვევაში! ის ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ არ გაუმართლა. კახა ჩხეტიანმა კი ვითარებას ალღო აუღო და გუნდი შეკრა. რეალურად, ჩვენ თამაში მე-5 ტურის შემდეგ დავიწყეთ და მე-7 ადგილიდან მე-3 საფეხურზე გადავინაცვლეთ. გამოჩნდა, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყოლია. ეს რესურსი კი ჩხეტიანმა გამოიყენა.
- ასეთი სეზონის შემდეგ ბევრად დიდი ამბიცია გაგიჩნდებოდათ...
- რა თქმა უნდა?! დარწმუნებული ვარ, ეს ბირთვი თუ შევინარჩნეთ და გავძლიერდებით კიდეც, ევროპის ლიგას "ტორპედო" გაცილებით კარგად მომზადებული და შეთამაშებული შეხვდება. ჩემთვის ისიც ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ შედეგი გვქონდა, არამედ, სანახაობრივ და აზრიან ფეხბურთსაც ვთამაშობდით.
- თქვენი აზრით, გუნდმა საკუთარი სტილი იპოვა?
- მიმაჩნია, რომ იპოვა. ამ "ტორპედოს" სახით, საქართველოს ჩემპიონატმა შეიძინა გუნდი, რომელიც ლაღად თამაშობს და ხარისხიან ფეხბურთზეა ორიენტირებული. მაგრამ ეს მაქსიმუმი არ არის. ცხადია, დახვეწა და განვითარება გვჭირდება.
- წლეულს საქართველოს ნაკრებში აღარ გიწვევენ. რას ფიქრობთ, ეს "ტორპედოს" თამაშით იყო გამოწვეული, თუ ახალ გუნდში თავს კარგად ვერ ავლენდით?
- შესაძლოა, გუნდი რომ აუტსაიდერებში იყო, იქიდან მოთამაშის მიწვევა სასურველი არ არის. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, ზუსტი ახსნა გამიჭირდება...
კახა ცხადაძის მადლიერი ვარ, მან ეს შანსი მომცა. ამასაც გულწრფელად ვამბობ - საწყენია, ვაისი რომ არ მიწვევს, მაგრამ მისიც კარგად მესმის, რადგან მწვრთნელი ყველა საინტერესო ფეხბურთელს ვერც მიიწვევს. ეს მისი არჩევანია და ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მჩაგრავს. ნაკრებში მიწვევის იმედს არ ვკარგავ.
- ვიცით, რომ კონტრაქტი დეკემბრამდე გაქვთ. მერე რას აპირებთ?
- ჯერ არ ვიცი. გავახანგრძლივებთ თუ არა კონტრაქტს, წავალ თუ არა უცხოეთში, ეს მხოლოდ ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული.
- წინადადებები თუ გაქვთ?
- მაქვს, საქართველოშიც და უცხოეთიდანაც. მაგრამ ჯერ დაკონკრეტებას მოვერიდები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"