ჩიხურა VS სამტრედია - საქართველოს ახალი ჩემპიონის მოლოდინში

AutoSharing Option
11 დეკემბერს, 13:30 სთ-ზე, საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა გაიმართება. "ჩიხურა" თბილისში, "დინამო არენაზე" "სამტრედიას" უმასპინძლებს და პირველ შეხვედრაში 0:2 წაგებისთვის რევანშის აღებას შეეცდება.

- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" გეგმავს.

პრობლემა: სავარჯიშო მოედნები
ამ შეხვედრაში საჩხერელებს ვერ დაეხმარებიან მარცხენა მცველი ლაშა ჩიკვაიძე და შემტევი ნახევამცველი გიორგი ივანიშვილი. პირველს, სამტრედიულ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე საჩხერელთა ხელოვნურსაფრიან მოედანზე ვარჯიშისას კოჭი გადაუტრიალდა, ხოლო ივანიშვილის
ამბავი მანამდეც ცნობილი იყო - გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოქტომბრიდან მოყოლებული ვეღარ თამაშობს.

ამ კუთხით, სამტრედიელებს პრობლემა არ აქვთ, თუ ორიოდე მოთამაშის მიკროტრავმებს არ ჩავთვლით.

მაგრამ ჩემპიონატის ორივე ფინალისტს ყველაზე დიდი პრობლემა სავარჯიშო მოედნების სიმწირემ შეუქმნა. სამტრედიელებიც და საჩხერელებიც თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" ბაზაზე შეიკრიბნენ, მაგრამ დაბალი ტემპერატურის გამო, მინდორი მოყინული დახვდათ და ორივეს ხელოვნურ საფარზე გადანაცვლება მოუხდა: საჩხერელები რაგბის კავშირმა "შევარდენის" სტადიონზე შეიფარა, ხოლო სამტრედიელებმა გლდანში, თბილისის "ამერის" ხალიჩაზე ჩაატარეს წვრთნა.

მოწოდება: მოდით სტადიონზე!
ცნობილია, რომ სამტრედიელი გულშემატკივრები თბილისში ორგანიზებულად ჩამოსვლას აპირებენ. ფანებისადმი მოწოდება "ჩიხურას" ადმინისტრაციამაც გაავრცელა.

"11 დეკემბერი "ჩიხურას" კალენდარში სეზონის კულმინაციური დღეა, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად და მხოლოდ ტელეტრანსლაციით ვერ გაიზიარებ. "სამტრედიამ" 3 დეკემბერს დაამტკიცა, რომ ღირსეული გუნდია. მაგრამ "დინამო არენაზე" დანიშნული ფინალი ჩვენი პრესტიჟის საქმეა, რომლისთვისაც მთელი სეზონი ვემზადებოდით.

11 დეკემბერი ისტორიული დღეა არა მარტო "ჩიხურასთვის", არამედ საჩხერისთვისაც.

სრულიად საქართველოში მცხოვრებო საჩხერელებო! შეერთდით და სიცივის, 2-ბურთიანი სხვაობისა და ყველაფრის მიუხედავად, მოდით კვირას, 13:30 საათზე "დინამო არენაზე" და 2 საათი გაატარე საჩხერისთვის, ჩვენი გუნდისთვის, ფეხბურთისთვის და ეს დღე ჩვენი ქალაქის ისტორიაში ერთად ჩავწეროთ!" - წერია განცხადებაში.

მოწოდებები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა:

"ყველას, ვისაც გეხებათ, შეგიძლიათ, გევალებათ და იცით, რომ ეს საჭიროა: მოახდინეთ გავლენა ყველა ტელე და რადიომაუწყებელზე, "ფეისბუქშიც" მოუწოდეთ, დღეიდანვე გაუშვით მასობრივი რეკლამა, რომ "დინამო არენაზე" "ჩიხურა"-"სამტრედიას" ოქროს ფინალს მაქსიმალურად ბევრი მაყურებელი დაესწროს.

მრავალი წლის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის თუნდაც ერთი მატჩით შეეცადეთ გაავსოთ სტადიონი და დაანახვოთ ფეხბურთელებს, რომ მათ პატივს სცემთ. ადამიანებო, აჯობეთ თქვენს სიზარმაცეს და დაეხმარეთ ქართულ ფეხბურთს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩიხურა ჩემპიონ 5-0
0
Jango-სsamtredski-ს
დაგიშავათ რამე თბილისმა?!)))))) ყველა კი ვერ ჩამოვა აქ))))))))))
svan
22:48 10-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული