ბუდუ ზივზივაძე: ვერ ვიტყვი, რომ დავფრინავ, მაგრამ აქ ყველაფერს მივაღწიე

AutoSharing Option
საჩემპიონო ფინალის პირველ მატჩში "სამტრედიამ" შინ "ჩიხურას" ბუდუ ზივზივაძის დუბლით 2:0 მოუგო.

- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

საგულისხმო იყო საჩხერელთა მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის, სიტყვები, რომელმაც სამტრედიელთა ფორვარდის თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა - თავდამსხმელი ასეთი უნდა იყოსო!..

ამ შეხვედრას ყველა დაინტერესებული გულშემატკივარი უყურებდა. თამაში ტემპიანი და საინტერესო გამოდგა. ბევრი დარწმუნდა, რომ საქართველოს ჩემპიონატში საინტერესო მოთამაშეები ჯერ კიდევ მოიძებნებიან.

შეიძლება ითქვას, ბოლო მატჩის გაუთვალისწინებლად, ტანმაღალი და სწრაფი ზივზივაძე გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდება: 22 წლის თავდამსხმელმა 13 შეხვედრაში 13
გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა შეხვედრაში გაჰქონდა საშუალოდ ერთი გოლი.

ზივზივაძეს გაჰქონდა წინა სეზონშიც, მაგრამ მაშინ 16 გოლი ვერ აღმოჩნდა საკმარისი ბომბარდირობისთვის და უმაღლესი ლიგის ბომბარდირებს შორის მხოლოდ მე-3 ადგილს ეყო. თუმცა ეს გასაგებია, რადგან წინა სეზონი 16-გუნდიანი იყო და მატჩიც მეტი ჩატარდა...

ბოლო წლებში თბილისის "დინამოდან" გაშვებულ ნიჭიერ ახალგაზრდებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ზივზივაძეც ერთი მათგანია - ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ითამაშა და ნიჭით აშკარად გამოირჩეოდა. ახლა ის "სამტრედიის" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა და მის გარეშე გუნდი ძნელი წარმოსადგენია.

ზივზივაძე "ლელოსთან" ინტერვიუში ლაპარაკობს განვლილ სეზონზე, საპასუხო მატჩის სირთულეებსა და იმედებზე, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე...

- პირველი საჩემპიონო ფინალი ძალიან ემოციური გამოდგა. "სამტრედიამ" უჩვეულო ენთუზიაზმით ითამაშა...
- ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობისთვის ეს პირველი საჩემპიონო შეხვედრა იყო და ემოციები და სტიმული გასაკვირი არც იყო. გვსურდა, დაგვემტკიცებინა ყველასთვის, რომ საჩემპიონო ფინალში შემთხვევით არ მოვხვდით და ოქროს მედლებს ვიმსახურებდით. გარდა ამისა, პირადად მე იმის დამტკიცება მსურდა, რომ საქართველოს ჩემპიონატში თამაშის მიუხედავად, ნაკრებში შანსს ვიმსახურებდი.

- და თქვენი აზრით, ორივე დაამტკიცეთ?
- იმედია, დავამტკიცეთ. "ჩიხურასთან" პირველი მატჩი კარგად ჩავატარეთ და მოვიგეთ. პირადად ჩემს თამაშს რაც შეეხება, სამტრედიაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მჯერა, რომ შანსი მომეცემა.

- საქართველოს ჩემპიონატში ისეთი დინამიკაა, ამის შემდეგ სანაკრებო დონეზე გადართვა ძალიან რთულია. ეს არაერთხელ დამტკიცებულა და სამიოდე მოთამაშეს თუ არ ჩავთვლით - გიორგი ლორიას, ჯაბა ჯიღაურსა და ნიკა კაჭარავას - ნაკრებში ღირსეულად ბევრმა ვერ ითამაშა...
- ეს მეც მესმის და ამაზეც მიფიქრია. მაგრამ შანსს თუ მომცემენ, მაშინ გამოჩნდება, სანაკრებო დონეზე თამაშის პოტენციალი გამაჩნია თუ არა. ჩემს შესაძლებლობებსა და პლუს-მინუსებს მეც მეტ-ნაკლებად ობიექტურად შევაფასებ.

მაგრამ ეს ნათქვამი ნაწყენი კაცის პოზიციიდან არ გაიგოთ. მე ჩემს სურვილზე ვლაპარაკობ და დარწმუნებული ვარ, ასე თუ გავაგრძელე, ნაკრებში აუცილებლად მოვხვდები.

- ფინალურ დაპირისპირებას დავუბრუნდეთ. ბევრი ფიქრობს, რომ საპასუხო შეხვედრამდე "სამტრედიას" ჩემპიონობა უკვე "ჯიბეში" აქვს...
- ასეც ვერ ვიტყვი. 2:0 კი მოვიგეთ, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. "ჩიხურა" მართლა ძლიერი გუნდია და ასეთ შეცდომას არ გვაპატიებს. თანაც, ახლა საჩხერელებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ალბათ, მთელი ძალებით შემოგვიტევენ. მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ დაძაბული თამაში იქნება. მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი შანსია და უნდა გამოვიყენოთ.

- წლეულს საშუალოდ ყველა შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანეთ. ასეთი შედეგი მხოლოდ "დინამოს" დუბლებში გქონდათ...
- "დინამოს" დუბლებში ბევრი გამქონდა. 2012/13 წლებში 19 შეხვედრაში მხოლოდ 14 გავიტანე, შემდეგ - ჯერ 21 შეხვედრაში 23 გოლი დავაგროვე, ბოლოს კი 10 მატჩში 10-ის გატანა მოვახერხე.

- "დინამოში" რატომ არ დარჩით?
- ქუთაისის "ტორპედოში" სათამაშო პრაქტიკის იმედად გადავედი. წამოსვლამდე მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, ისიც, სულ 23 წუთი და მერე როგორც მითხრეს - ეს იყო შენი შანსი, რომელიც ვერ გამოიყენეო. გამიკვირდა, ეს რა შანსი იყო? თუ გახსოვთ, 2014 წელს ვარლამ კილასონიას რუსთავის "მეტალურგთან" 0:3 წავაგეთ, მე კი მოედანზე თამაშის დასრულებამდე 23 წუთით ადრე შემიყვანეს. იმ სეზონის შემდეგ წავედი.

- მახსოვს, ძალიან გულდაწყვეტილი იყავით...
- უმაღლეს ლიგას ადაპტაცია სჭირდება, 23 წუთში კი არათუ მე, რონალდო და მესიც ვერაფერს გააკეთებენ. თავი ვერც ქუთაისის "ტორპედოში" გამოვიჩინე. თუმცა მომხდარს სულაც არ ვნანობ. სხვაგვარად, ვერც "სამტრედიაში" მოვხვდებოდი და ვერც გია ცეცაძესთან ვიმუშავებდი. ეს კაცი მენდო და ამათამაშა.

- თუ ბოლო შეხვედრაში საბა ლობჟანიძემ "სამტრედიას" 5 ბურთი არ გაუტანა, რაც არარეალურია, გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდებით...
- მეც ასე მგონია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ 11 დეკემბერსაც გავიტან. თან, როგორც ვიცი, ამ შეხვედრაზე დასწრებას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი აპირებს და ეს დიდი სტიმულია. სხვათა შორის, ბომბარდირობის შანსი შარშანდელ სეზონშიც მქონდა, მაგრამ ტრავმამ შემიშალა ხელი.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პოლონურ კლუბში გიწვევენ...
- მოლაპარაკებები დაწყებულია. თუმცა მხოლოდ პოლონეთზე არ მელაპარაკნენ - მენეჯერები ამბობენ, რომ უკრაინის, რუსეთისა და უნგრეთის უმაღლესი ლიგის გუნდებიც არიან დაინტერესებულნი.

- სინჯებზე გიწვევენ?
- სინჯებზე ნამდვილად არ წავალ. მპირდებიან, რომ პირდაპირ კონტრაქტს გამიფორმებენ, მაგრამ ჯერ არც კონკრეტულია რამე და სიჩქარეც არ მარგებს. დასრულდება ჩემპიონატი და რომელიმე გუნდი დაინტერესებული თუ არის, არ მოერიდება და დამელაპარაკება.

- თქვენი აზრით, ჩვენი ჩემპიონატის დონისთვის გადაიზარდეთ?
- ასეთ მყვირალა სიტყვებს მოვერიდები, სასწავლი და დასახვეწი ბევრი მაქვს და არავინ გაიგოს, თითქოს, მგონია, რომ სრულყოფილი ვარ და დავფრინავ - ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. 22 წლის ფეხბურთელს სერიოზული პროგრესისთვის დიდი შრომა სჭირდება.

მაგრამ აქ სხვა მომენტია: ჩემპიონობასთან ახლოს ვარ და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ოქროს მედალს მოვიპოვებთ, მე კი - საუკეთესო ბომბარდირის ტიტულსაც. საქართველოს ჩემპიონატში ეს ყველაზე დიდი სტიმულია - ამაზე მეტი არაფერია და ამიტომაც მინდა, უცხოეთში ვითამაშო და გავიზარდო. მერე და მერე, ასაკი რომ მომემატება, უცხოეთში გასვლა გამიჭირდება.

- საქართველოს ჩემპიონატში გაზრდა ძალიან რთულია. თქვენ ხელი რამ შეგიწყოთ?
- უპირველესად, ამის სურვილი და ნებისყოფა თავად უნდა გქონდეს. კმაყოფილი ადამიანი ვერ გაიზრდება. მაგრამ მარტო ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, თუ გარემო ხელს არ უწყობს და გვერდით არ ჰყავს ადამიანი, რომელიც დაეხმარება.

მე მქონდა იმის ბედნიერება, მეთამაშა ცეცაძის ნაკრებში, რომელიც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, ახლა კი "სამტრედიაში" მავარჯიშებს. ამ ადამიანმა ბევრი რამ მასწავლა, შემძინა, გამზარდა და საკუთარი ძალების რწმენა გამიჩნდა. მოთამაშეს კი ნდობა და სათამაშო პრაქტიკა ზრდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს კაცი დინამოს როგორ მოუხდებოდაა!!!
რა დვალიშვილი და გელაშვილ ეს უნდა მოეყანათ თუ უნდოდათ რამე!!!
და ნაკრებშიც მოლდოვასთან დვალიშვილის გამოჩნამ ინფარქტი კინაღამ დამმართა!!! ეს ბიჭი ვლადიმერსაც და დღეს სხვა ქართველ ფორვარდებს ნამდვილად ჯობს!!!!
ვაკო
17:32 09-12-2016
0
ბუდუ წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაგნაროსა.მტავარია გია აქ არის და არსად წასვლას არ აპირებს.
samtredia123
17:37 09-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული