საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრების განცხადება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი კოტე ბოჭორიშვილი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში გულშემატკივრები მოითხოვენ "ზესტაფონთან" დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენას.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ლევან კობიაშვილს;
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს;
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა ოფიციალური
კლუბის წევრთა და ამავე კლუბის რიგით გულშემატკივართა

მ ი მ ა რ თ ვ ა

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 19 აპრილს საფეხბურთო კლუბი
"ზესტაფონი" ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩზე სათამაშოდ არ გავიდა. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შეხვედრის "დათმობა" შესთავაზეს...

უნდა ითქვას, რომ "ზესტაფონი" არის საფეხბურთო კლუბი, რომელსაც არაერთგზის გაუპროტესტებია სპორტული პრინციპებითა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილე გუნდების რაოდენობით მანიპულირება.

ჩვენს საყვარელ კლუბთან ერთად, ჩვენც, მისი ქომაგები, თანაბარი დაფინანსების პრინციპის დანერგვისაკენ მოვუწოდებდით სახელმწიფოს და ყოველთვის ფეხბურთის სისუფთავის სადარაჯოზე ვიდექით. ერთ დღეს კი აღმოვჩნდით იმ საშიშროების წინაშე, რასაც ჩვენი გუნდის ფეხბურთელის მოსყიდვა და ჩვენი კლუბის ავტორიტეტის შესაძლო შელახვა ერქვა.

შექმნილი ვითარების შესახებ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ აცნობა სფფ-ის წინა მენეჯმენტს და სთხოვა მათ შექმნილი სიტუაციის შესაბამისი მოქმედებების გატარება. ჩვენდა გასაკვირად, მეორე დღესვე მოწვეულ იქნა სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელმაც მიიღო "ზესტაფონის" ჩემპიონატიდან მოკვეთის შესახებ გადაწყვეტილება. რამდენიმე დღეში კი ეს გადაწყვეტილება სფფ-ის აღმასკომის წინა შემადგენლობამაც დაადასტურა...

საინტერესოა, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ფედერაციის უკვე ახალმა ხელმძღვანელობამ ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში, მაშინ, როცა საფეხბურთო კლუბ "ლიახვის" ფეხბურთელი "ზესტაფონის" ფეხბურთელის მსგავსად მოიქცა, მასთან გარიგების მცდელობისა და ბინძური გზით სიარულზე უარი განაცხადა, "ლიახვი" არავის მოუხსნია ჩემპიონატიდან. მეტიც, ვითარებაში გარკვევამდე მატჩის გადადების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად თავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ლევან კობიაშვილმა მიიღო...

არ იყო გასაკვირი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შარშანდელ არჩევნებში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" და მისმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილსა და მის გუნდს - იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთში იმ პერიოდში გამეფებულ სიბინძურეს ღიად დაუპირისპირდნენ.

ფედერაციის სათავეში მოსვლამდე ამ ადამიანებმა (ლევან კობიაშვილმა და მისმა გუნდმა) პირდაპირ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ჩვენს გუნდს უსამართლოდ მოექცნენ, უმაღლესი ლიგიდან უკანონოდ მოკვეთეს და რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანა "ზესტაფონთან" მიმართებაში სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა. რა გასაკვირია, რომ დღესაც დარწმუნებულები ვართ - სამართალი იზეიმებს და ისინი, დაპირებისამებრ, შეასრულებენ "ზესტაფონთან" დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენის თაობაზე დადებულ პირობას.

უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო თვეების განმავლობაში "ზესტაფონის" გულშემატკივრები ვცდილობდით, მაქსიმალურად თავშეკავებულები და კორექტულები ვყოფილიყავით. ვცდილობდით, ჩვენი თემით ზედმეტი დისკომფორტი არ შეგვექმნა ქვეყნისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის.

თუმცა, ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხის დღემდე მოუგვარებლობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, შეგხმიანებოდით და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ ფეხბურთის ზესტაფონელ მოყვარულთა, რიგით ზესტაფონელთა და ჩვენი საყვარელი კლუბის მიმართ ჩადენილი უსამართლობით აღშფოთებულ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთა მრავალათასიანი არმია კვლავაც ელოდება სფფ-ის წინა ხელმძღვანელობის მიერ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების სამართლებრივ შეფასებასა და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას.

გვეიმედება, რომ ამ საკითხით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა, ასევე დაინტერესდებიან და ჩვენს სატკივარს გულთან ახლოს მიიტანენ საქართველოს მთავრობის მეთაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას - ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ შეფასებულ იქნას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მოკვეთის სამართლებრივი შესაბამისობის საკითხი და ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ მიღებული სადამსჯელო სანქციების უსამართლოდ მიჩნევის შემთხვევაში, ფედერაციის აღმასკომის მიერ იქნას მიღებული გადაწყვეტილება ამ სანქციების გაუქმებისა და ჩვენი კლუბის უმაღლეს ლიგაში აღდგენის შესახებ!

პატივისცემით,
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის"
გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი /კ. ბოჭორიშვილი/

2016 წლის 7 დეკემბერი

P.S. მიმართვის ტექსტს თან ახლავს პეტიცია, რომელსაც თან 1 000-ზე მეტი გულშემატკივრის ხელმოწერა ახლავს".
მკითხველის კომენტარები / 19 /
რატო დაწვრილმანდა ასე ეს კაცი,პრო-1 კი არა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უნდა მოეთხოვა ასეთი სტადიონის პატრონს.
CHEROELI
18:32 13-12-2016
0
გაუმდიტ ხალხო ქარტული ფეგბურტიდან ინვესტორები გარბის და არც კოკაიას სჰერცხვება წასვლის ტუ წასვლა უნდა ტქვენი ტვინიტ ნუ განიხილავტ რაფერ რარის იყოს ზესტაფონიც და დაატონ ერტი კლუბიც და იყოს 12 გუნდი რა პრობლემა 4 წესიერი სტადიონი სუა საქარტველოში და ერტერთი ზესტაფონსაქ და ალამაზებს ჩემპიონატს და ტქვენ უარზე ხააარტ რეალის ტამასჰის ყურება გირჩევნიატ თუ მოსკოვის ცესკასი ამაზე არ გიფიქრიათ
ჯუმბერი
17:22 13-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული