საბა ლობჟანიძე: "დინამოს" უახლოეს დღეებში უნდა დაველაპარაკო

AutoSharing Option
საბა ლობჟანიძემ ეროვნული ჩემპიონატის საპასუხო ფინალური მატჩის ბოლო წუთზე პენალტით აღადგინა წონასწორობა და 12 შეხვედრაში 9 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილი დაიკავა, თუმცა ეს - არაოფიციალურ ჩათვლაში, რადგან ასეთ დროს სათვალავში იღებენ რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო შედეგებს. მაგრამ ლობჟანიძე აქაც მეორეა და 3 გოლით ჩამორჩება სამტრედიელ ბუდუ ზივზივაძეს.

ცხადია, ფლანგის შემტევი ნახევარმცველისთვის ეს კარგი მაჩვენებელია და, საერთოდაც, "ჩიხურას" 21 წლის მოთამაშემ წლევანდელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. ის ფინალში წაგებით გულდაწყვეტილია, მაგრამ "სამტრედიის" უპირატესობას აღიარებს.

"შეიძლება ვთქვათ, რომ გასატანი ვერ გავიტანეთ და
ორივე შეხვედრაში, გარკვეულ ეპიზოდებში, არ გაგვიმართლა. მაგრამ, საერთო ჯამში, უნდა ვაღიაროთ, რომ კარგად ვერ ვითამაშეთ და მეტოქემ აშკარად დაგვჯაბნა.

ყველაფერი ჩვენი ბრალია და შეცდომებიც ჩვენში უნდა ვეძებოთ. "სამტრედიამ" ორივე მატჩში ძალიან კარგად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ კიდეც, ჩვენ კი ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ბოლოს და ბოლოს, ასეთი წარმატებისთვის აქამდე არ მიგვიღწევია", - ამბობს ლობჟანიძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა გარდამავალი ჩემპიონატი "ჩიხურაში" იჯარით გაატარა და მიიჩნევს, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო:

"ნებისმიერ შემთხვევაში, "ჩიხურასა" და მის თითოეულ წევრს მადლობა უნდა გადავუხადო: სოსო ფრუიძე, ყველა მწვრთნელი, ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები გვერდში დამიდგნენ. ნდობაც არ მაკლდა და სწორედ ამან მომცა იმის ძალა, თავი გამომეჩინა, რაც ძალიან მჭირდებოდა. ვიცე-ჩემპიონობაში წვლილი მეც შევიტანე და ნდობა გავამართლე".

ლობჟანიძის ტრანსფერი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის. ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოს ექსჩემპიონს განათხოვრებული მოთამაშეების დაბრუნება სურს:

"მე ჯერ არავისთან მილაპარაკია, თუმცა ჩემთან დაკავშირებით თბილისის "დინამოს" ჩანაფიქრის თაობაზე მეც შევიტყვე.

ტრანსფერი ამ კლუბს ეკუთვნის, თავისუფალი აგენტი მხოლოდ მაისის შემდეგ გავხდები, "ჩიხურაში" იჯარა დეკემბერში დამიმთავრდა და ისედაც "დინამოს" უნდა დავუბრუნდე და დავრჩები თუ სხვაგან წავალ, ეს საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება".

გავრცელებული ინფორმაციით, ლობჟანიძით ერთ-ერთი პოლონური კლუბი დაინტერესდა, მაგრამ რამდენად კონკრეტულია მოლაპარაკებები? ლობჟანიძეს ამაზეც ვკითხეთ:

"დიახ, ასეთი ინტერესი არსებობს და ეს ჭორი არ არის. ვიცი, რომ პოლონელი მენეჯერი "ჩიხურა"-"სამტრედიის" საპასუხო შეხვედრასაც დაესწრო, მაგრამ ჯერ არ მეუბნებიან, რომელი კლუბი მიწვევს.

მეორე მხრივ, თბილისის "დინამოს" ჩემი დაბრუნება სურს და არ ვიცი, კონტრაქტის გაწყვეტას დათანხმდება თუ არა. "დინამოს" უახლოეს დღეებში უნდა დაველაპარაკო და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბიჭი მარცხენა ნახევარმცველია, თუ მარჯვენა? ორივე ფეხით თამაშობს?
პოლონეთში და მისთანა წყალწაღებულ ლიგებში წასვლა სისულელეა.
მერაბი გ.
09:51 14-12-2016
0
ქართული გუნდები ხო დაფრინავენ ევროპაზე :) იმედია მალე გაცდება აქაურობას,მონაცემები აქვს აშკარად,სწრაფი და ტექნიკურია,წარმატებები
jangos
17:47 13-12-2016
0

სიახლეები პოპულარული