"დინამოს" დღევანდელობასა და მომავალზე ინტერვიუ ვთხოვეთ კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველს, ლევან სალუქვაძეს, ვინც ჩვენი ცნობისმოყვარეობა ბოლომდე დააკმაყოფილა...
- თავდაპირველად, აწ უკვე გასული სეზონი შევაფასოთ. ფაქტია, ის წარმატებული ვერ გამოდგა თბილისური გრანდისთვის...
- თბილისის "დინამო" დიდი გუნდია და, ამის გათვალისწინებით, დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება ის შედეგი, რაც გუნდმა დასრულებულ სეზონში აჩვენა. ამის მიუხედავად, ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ
ევროთასებზე "დინამოს" წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ თავად გაგაცნოთ სამომავლო პრიორიტეტები. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ გზას არ გადავუხვევთ. გუნდის ახალი სამწვრთნელო შტაბი ვიაჩესლავ გროზნის მეთაურობით, დიდ ნდობას უცხადებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მოიკიდა ფეხი ძირითად შემადგენლობაში, უფრო მეტი კი ძირითად გუნდში ვარჯიშობს.
ჩვენ შეგნებულად წავედით ასეთ ნაბიჯზე. თუნდაც მიგვეღო ის, რაც მივიღეთ. ბოლო მატჩებში "დინამოს" შემადგენლობაში სისტემატურად თამაშობდა 5-6 ახალგაზრდა ფეხბურთელი. ეს მათთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო. ახალი სეზონიდან ის ახალგაზრდები, ვინც უკვე იხილა ქომაგმა და ვინც ვარჯიშობენ გუნდთან ერთად, მიიღებენ ძალიან დიდ ნდობას.
ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის იოლი გზა და ისიც ვიცით, რომ შეიძლება ამას მოჰყვეს კრიტიკა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ "დინამოსთვის" ასე უკეთესი იქნება. ტრაგედია არც იმისგან შეგვიქმნია, ევროტურნირების გარეშე რომ დავრჩით. ჩვენ ვუშვებდით, რომ შედეგი, შეიძლებოდა, სწორედ ასეთი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, წავედით გუნდის მკვეთრად გაახალგაზრდავების გზით.
- კლუბსა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის კონტრაქტი დასრულდა. საფეხბურთო კულუარებში ამბობენ, რომ შესაძლოა "დინამო" დატოვონ რენე ფერეირამ, გიორგი პაპუნაშვილმა, ჯაბა ჯიღაურმა...
- ჩვენი მთავარი ამოცანაა, ძირითად შემადგენლობაში დაწინაურდნენ აკადემიის საუკეთესო აღზრდილები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არის პირველი თაობა, რომელიც აღიზარდა კლუბის აკადემიაში და მან უნდა შეავსოს "დინამოს" რიგები. ახლო მომავალში ვაპირებთ, საზოგადოებას წარვუდგინოთ აკადემიის აღზრდილები, რომლებიც "დინამოს" ძირითად გუნდში დაწინაურდებიან. მათთან გაფორმდება ხელშეკრულებები იმ ვადით, რაც საჭიროა იმისთვის, რომ "დინამოში" ბოლომდე წარმოაჩინონ თავი...
რაც შეეხება დასრულებულ კონტრაქტებს. ზოგი ფეხბურთელის კარიერა შედარებით წარმატებული იყო "დინამოში", ზოგის - შედარებით ნაკლებად. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ "დინამო" არავის უშვებს. თუ ფეხბურთელი გადაწყვეტს, რომ უკეთესი შეთავაზება აქვს და დათანხმდება მას, ჩვენგან დაბრკოლება არ ექნება. ფეხბურთელის სურვილს ნებისმიერ შემთხვევაში გავითვალისწინებთ.
არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებმაც დიდი დრო გაატარეს "დინამოში" და მიიჩნევენ, რომ აქ საკუთარი თავი ამოწურეს...
- ამბობენ, კარგი მეკარე ნახევარი გუნდიაო. დარჩება "დინამოში" ნუკრი რევიშვილი, ვისთანაც სეზონის ბოლომდე იყო კონტრაქტი გაფორმებული?
- ნუკრი რევიშვილის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. როცა გვჭირდებოდა საიმედო და გამოცდილი მეკარე, ის ძალიან მალე დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას. თავადაც დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგად ითამაშა. ჯერ მარტო რამდენი მატჩი ჩაატარა "მშრალად"...
რევიშვილსა და "დინამოს" შორის გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ მას გამოუჩნდება კარგი ვარიანტი უცხოური გუნდიდან, არ შევუშლით ხელს, პირიქით - ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას გადავუხდით. იმ შემთხვევაში, თუ რევიშვილი გადაწყვეტს "დინამოში" დარჩენას, მხოლოდ მივესალმებით ამას.
- როგორც ვიცით, სეზონის დასრულების შემდეგ ვიაჩესლავ გროზნი უკრაინაში არ წასულა და ბაზაზე ვარჯიშებს ატარებს...
- მართალი ხართ, გროზნი თბილისშია და იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ავარჯიშებს, რომლებიც სამომავლოდ ძირითად გუნდში მოიაზრებიან. ის კიდევ 10 დღის განმავლობაში იქნება თბილისში. ფეხბურთელებისთვის სასარგებლოა ეს ყოველდღიური ვარჯიშები.
მალე "დინამოში" ივარჯიშებენ სხვადასხვა კლუბში განათხოვრებული ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს. წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს "დინამოს" 17-წლამდელებმაც, რომლებმაც "შერიფის თასზე" მესამე ადგილი დაიკავეს და რომ არა ძალიან დასანანი მარცხი კიევი "დინამოსთან", მეტსაც შეძლებდნენ.
ეს არის ჩვენი იმედი, ჩვენი მომავალი. მესამე ადგილისთვის მატჩში მათ ძალიან ლამაზად მოიგეს. თუ ამ ასაკში ასე უგებენ "ზენიტს", რატომ არ შეიძლება, საქმისადმი სწორად მიდგომის შემთხვევაში, ორი წლის შემდეგაც მოუგონ და მაშინაც, როცა ზრდასრული ფეხბურთელები იქნებიან? კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია შვილივით ზრუნავს აკადემიის აღსაზრდელებზე. დღე არ გავა, არ მოინახულოს, არ მოიკითხოს, მათი მდგომარეობით არ დაინტერესდეს...
- "დინამო" ევროსაგზურის გარეშე დარჩა. ხომ არ იმოქმედებს ეს კლუბის პოტენციური ახალწვეულების, თუნდაც უკრაინელი ლეგიონერების არჩევანზე?
- ჩვენი აქცენტი ასეთია: თუ "დინამოში" ვინმე მოვა, ეს იქნება ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი. ეს ეხებათ როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს. თუ, ვთქვათ, კიევის "დინამოს" ძირითად გუნდში არ აქვს ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა და ეს პრაქტიკა მას ექნება თბილისის "დინამოში", რატომ უნდა იყოს მისთვის მიუღებელი საქართველოს ჩემპიონატში თამაში?
შემდეგი სეზონი, ეს არის ახალი "დინამოს" ჩამოყალიბების სეზონი. სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს და არ შევაყაროთ თვალებში ნაცარი: ასეთი ახალგაზრდული გუნდით უახლოეს ევროთასებზე გაჭირდებოდა წარმატებით თამაში. აი, ამის შემდგომ ევროთასებზე კი "დინამო" იქნება ის გუნდი, რომელიც უკვე ძალიან მყარად იდგება ფეხზე.
- რა თქმა უნდა, გუნდს დასჭირდება გამოცდილი ფეხბურთელებიც. ახალგაზრდები ხომ სწორედ ასეთი თანაგუნდელების გვერდით უნდა გაიზარდონ?..
- თავისთავად. ჩვენ ასაკობრივი წმენდა ნამდვილად არ გამოგვიცხადებია. "დინამოში" არიან ფეხბურთელები, რომელთაც სანაკრებო გამოცდილებაც აქვთ და საკლუბოც, როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ისე - ევროთასებზე. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მართლაც დიდი სკოლა იქნება მათ გვერდით თამაში.
- აკადემიის თემას აუცილებლად უნდა შევეხოთ, მით უმეტეს, ის კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სეგმენტია...
- მინდა სიამაყით ვთქვა, რომ არაერთი სტუმარი იყო აკადემიაში და ყველა აღტაცებული დარჩა. ბოლოს "ვოლფსბურგიდან" იყვნენ ჩამოსულები და პირდაპირ თქვეს - ასეთი პირობები გერმანიაში მხოლოდ "ბაიერნს" თუ აქვსო...
უნდა გითხრათ, რომ ამიერიდან აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას. ჩვენ ვნახეთ, რომ ფიზმომზადების ის დონე, რაც საკმარისია საქართველოს ჩემპიონატში, არ არის საკმარისი საერთაშორისო ასპარეზზე.
- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ფიზმომზადების მწვრთნელი უცხოეთიდან ჩამოიყვანოთ?
- ვნახოთ, არ არის გამორიცხული.
- აკადემიის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია?
- ვაკანტურია და ეს ისეთი მნიშვნელობის საკითხია, აჩქარება არ შეიძლება, მით უმეტეს ახლა, როცა არდადეგები მოდის...
- ხომ არ გაირკვა ის გუნდები, რომელთაც "დინამო" თურქულ შეკრებაზე დაუპირისპირდება?
- "დინამო" ორ თურქულ შეკრებას გაივლის. თითოეული იქნება 20-დღიანი და ჩავატარებთ 9 ამხანაგურ მატჩს. პირველ შეკრებაზე 4 სპარინგი გვექნება, რადგან აქცენტი უფრო ფეხბურთელების ფიზმომზადებაზე გაკეთდება. კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავასახელოთ მეტოქეები. ამასაც მალე გაიგებთ. მანამდე კი მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვითამაშებთ საფეხბურთო ქვეყნების წამყვან გუნდებთან.
- ითქვა, რომ შესაძლოა, რამდენიმე დინამოელმა კარიერა კიევის "დინამოში" გააგრძელოს...
- აქ ასე არ დგას საკითხი, თითქოს გადაწყვეტილია, რომ ამა და ამ დღეს ესა თუ ის ფეხბურთელი უნდა წავიდეს კიევის "დინამოში". ჩვენ კარგად გვესმის, რომ წარმოვადგენთ პატარა ქვეყანას და ასეთი კლუბი ორიენტირებული უნდა იყოს იმ ფეხბურთელის კარგი პირობებით გასხვისებაზე, რომელიც აქ ამოწურავს საკუთარ თავს. ამის მაგალითია ზაგრების "დინამო". 20 და 25 მილიონად ჩვეულებრივად ყიდიან ფეხბურთელებს. ჩვენი მიზანია, "დინამოდან" წასული ფეხბურთელი უმტკივნეულოდ დამკვიდრდეს ახალ გუნდში. ეს განაპირობებს ნდობას, ამყარებს კლუბის რეპუტაციას...
თქვენ ხედავთ, როგორ გაამართლა "რაპიდში" გიორგი ქვილითაიამ, რომელიც სწორედ "დინამოში" ჩამოყალიბდა ამ დონის ფეხბურთელად...
ერთი რამ მინდა ვთქვა: მოვუწოდებ ჟურნალისტებს, სპეციალისტებს, ქომაგებს - ჩვენთან ერთად მოთმინებით დაელოდეთ შედეგს, რომელსაც მოიტანს ჩვენ მიერ არჩეული გზა. რამდენიმე წლის წინათ "ფეიენოორდმა" 0:10 წააგო "ეინდჰოვენთან". მერე ის გუნდი დაშალეს და ახალგაზრდა ბიჭები დააწინაურეს. თავიდან განსაკუთრებული შედეგი არ ჰქონდათ და ის არც არავის მოუთხოვია. დღეს კი "ფეიენოორდი" ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"