სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა კლუბები და მწვრთნელები უმკაცრესად დასაჯა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა მორიგი სხდომა ჩაატარა და აწ უკვე დასრულებული საფეხბურთო სეზონის ბოლო შვიდი საკითხი განიხილა.

სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ასეთია:

1. უმაღლესი ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში, ბათუმის "დინამოსა" და "საბურთალოს" მატჩისას მასპინძელი კლუბის გულშემატკივართა მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა მსაჯებისა და ოფიციალურ პირთა მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება. ასევე, "დინამომ" დაარღვია დებულება და ვერ შეძლო სტადიონზე შეცვლებისთვის საჭირო ელექტროტაბლოს ან მისი შემცვლელი მექანიკური ტაბლოს უზრუნველყოფა. სადისციპლინო კოდექსის თანახმად, ბათუმის "დინამო" სკანდირების გამო დაისაჯა 5000 ლარით, ხოლო
ტაბლოს არქონის გამო - 500 ლარით.

2. უმაღლესი ლიგის პლეი აუტის პირველ მატჩში, ლანჩხუთის "გურიასა" და გორის "დილას" შორის, სტადიონზე მომხდარი არაერთი ინციდენტის გამო შეხვედრის მეორე ტაიმი დაიწყო 6 წუთის დაგვიანებით. მასპინძელმა კლუბმა ვერ შეძლო უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დაცვა, რასაც მოჰყვა 10-15-კაციან გულშემატკივართა ჯგუფის მიერ მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფურთხება და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა, რასაც დაემატა ფეხბურთელთა გასასვლელ გვირაბში მსაჯების მიმართ კლუბის თანამშრომელთა მხრიდან გამოჩენილი აგრესიაც. სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, "გურია" დაჯარიმდა 10 000 ლარით.

3. უმაღლესი ლიგის პლეი აუტის საპასუხო მატჩში, ქობულეთის "შუქურას" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირებაში დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი. "შუქურას" გულშემატკივრების მხრიდან მატჩისას მეტოქის მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი სკანდირების და მიუღებელი ლექსიკის გამო კლუბი დაჯარიმდა 5000 ლარით და "ჩელე არენაზე" 3-თამაშიანი დისკვალიფიკაციით. "სიონის" ფეხბურთელები - წითელი ბარათით გაძევებული დავით ხურცილავა, კაპიტანი დავით სვანიძე და ჯაბა უგულავა, მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო დაისაჯნენ. ხურცილავა - 5 მატჩით და 1200 ლარით, სვანიძე - 4 მატჩით და 800 ლარით, უგულავა - 3 მატჩით და 800 ლარით. მეკარეთა მწვრთნელი დავით ასლანაძე მატჩის შემდეგ მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაისაჯა 2500 ლარით და ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით. განმეორებით შემთხვევაში ასლანაძეს 6 თვით აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა. "სიონის" გუნდის უფროსი ლაშა ალიმბარაშვილი მატჩის შემდეგ მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობისათვის დაისაჯა 2500 ლარით და ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით. განმეორებით შემთხვევაში მასაც 6 თვით აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.

4. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, "ავაზა" - "საბურთალოს" მატჩის შემდეგ, "საბურთალოს" გულშემატკივრებმა გამოიჩინეს აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მსაჯებს. გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ მუსერიძემ კი მსაჯთა ოთახში შესვლა შეძლო და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, "საბურთალო" დაჯარიმდა 3000 ლარით, ხოლო ვლადიმერ მუსერიძეს 2017 წლის 29 ნოემბრამდე აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა.

5. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ "მერიის თასის" გათამაშებაში 2004 წელს დაბადებულთა შორის, სულაქველიძის აკადემია მასპინძლობდა თბილისის "ლოკომოტივს". შეხვედრა მე-20 წუთზე შეწყდა, როცა აკადემია 1:0 იგებდა. "ლოკომოტივის" მწვრთნელმა კოტე მელქაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯებს, რასაც "ლოკომოტივის" გულშემატკივართა პროვოცირება, მათი მოედანზე შეჭრა და მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი" დაისაჯა 3000 ლარით. მაყურებელთა პროვოცირებისა და მსაჯთა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კი კოტე მელქაძეს აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა 2017 წლის 1 ივნისამდე.

6. 17-წლამდელთა ლიგაში ლანჩხუთის "გურიასა" და მარტვილის "მერანის" მატჩში, მასპინძელთა გულშემატკივრის მხრიდან დაფიქსირდა მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა. უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო "გურია" დაჯარიმდა 1000 ლარით.

7. 19-წლამდელთა ლიგის ნახევარფინალში, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრისას, ქუთაისელთა გულშემატკივრების მხრიდან მოხდა მსაჯების მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება. "ტორპედო" დაჯარიმებულია 100 ლარით.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამტრედია რატო არდაისაჯა იმისგამო რო U17ის თამაშზე ვაიგულშემატკივარი შევარდა სტადიონზე და ზესტაფონელ ბავშვებს ცემდნენ? იმ თამაშის გაგრდძელება მსაჯმა მოითხოვა და მსაჯი რატო არდაისაჯა? რადგან სტადიონზე როდესაც ბავშვები ცემეს მერე მოვიდა ორი პოლიციელი და მატაც კი სტადიონის კარები არდაუკეტავთ. სირცხვილია ესეთი ფაქტები რო დაუსჯელი რჩება და ვიგაც სხვა გუნდს ელემენტარულს ედავები
0
რა უბედურებაა 5 ათას ლარიანი გინება? ტრიბუნებზეც დიქტატურაა. თუ იყვირებ გინება არ უნდა წამოგცდეს
dima
00:09 17-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული