თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში

AutoSharing Option
საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თბილისის "ლოკომოტივმა" ვარჯიში განაახლა. 19 დეკემბერს გიორგი დევდარიანმა ფეხბურთელები "დინამო არენის" სარბენ ბილიკზე ავარჯიშა...

ცნობილი გახდა, რომ თბილისის "დინამოს" შემდეგ საკადრო რევოლუცია "ლოკომოტივშიც" დაიწყო. სეზონის ბოლოსკენ, გუნდს ესპანელი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი დაემშვიდობა, მის ნაცვლად კი დაინიშნა გიორგი დევდარიანი, რომელიც ბოლოს "რკინიგზელთა"  17-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. ეს ის სპეციალისტია, რომელსაც ასაკობრივი ნაკრებები გაუწვრთნია, თავიდანვე ამბობდა, რომ უახლოეს მომავალში ახალგაზრდებს დაეყრდნობოდა...

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ "ლოკომოტივს" ერთდროულად 10 ფეხბურთელი დატოვებს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მათ შორის
არიან როგორც ახალგაზრდები (ვაჟა ქიქავა, გიორგი ღვინაშვილი, ომარ პატარკაციშვილი, ნიკა წივწივაძე, ალეკო მზევაშვილი, დავით დარციმელია), ასევე გამოცდილები - ბექა მახარაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, გიორგი გეთიაშვილი და დავით ჩაგელიშვილი. ყველა მათგანთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

მახარაძე ბათუმის "დინამოს" კაპიტანი და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ. "ლოკომოტივში" კი დაშავდა და აშკარად არ გაუმართლა. მაგრამ შევიტყვეთ, რომ 26 წლის ცენტრალურ მცველს კარიერის გაგრძელებას საქართველოს კლუბებშიც სთავაზობენ და უზბეკეთშიც, სადაც მისი ძმა, კახა მახარაძე თამაშობს.

უცხოეთში და საქართველოშიც აქვს ვარიანტები კლიმიაშვილსაც. ეს 28 წლის ნახევარმცველმა "ლელოს" თავად უთხრა:

"ჩვენი მიზანი უმაღლესში დარჩენა იყო და დავრჩით. მე რა მიზნითაც მივედი გუნდში, ის მისია შესრულდა და იმედია, ამაში ჩემი მოკრძალებული წვლილიცაა. მხოლოდ ბოლო ტური გამოვტოვე.

ახალი მწვრთნელი თავისი ხედვებითა და გემოვნებით მოვიდა, მე კი ჩემი შეხედულება მქონდა და რადგან ეს აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ერთმანეთს მშვიდად დავშორდით.

კონტრაქტი 2017 წლის დეკემბერში მიმთავრდებოდა, მაგრამ წამოსვლა ვამჯობინე, რადგან თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი", - ამბობს კლიმიაშვილი და იქვე დასძენს, რომ აქვს ვარიანტები ავსტრიული და 2 ქართული კლუბიდან.

ცნობილია, რომ კონტრაქტი მათე ვაწაძესაც დაუსრულდა და "ლოკომოტივში" დარჩენა არც მას სურს. ჯერაც გაურკვეველია ლუკა ზარანდიას ამბავი - დარჩება თუ ისევ ევროპაში წავა. ხელშეკრულების ვადა მასაც ამოეწურა, მაგრამ ახალ კლუბში ჯერ არ გადასულა.

სიახლე ის არის, რომ გუშინ "დინამო არენაზე" გუნდთან ერთად გორის "დილას" კაპიტანმა, ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებმა თემურ ღონღაძემ და თავდამსხმელებმა - ირაკლი სიხარულიძემ და გიორგი ალავერდაშვილმა ივარჯიშეს. ეს უკანასკნელი ბოლოს ჩეხეთის მეორე დივიზიონის (რანგით მეორე ლიგა) "მას ტაბორსკოში" გამოდიოდა, სადაც წლეულს ჩაირიცხა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

ალავერდაშვილმა კარიერა სწორედ "ლოკომოტივში" დაიწყო და მისი ფორმით 2004-07 წლებში გამოდიოდა. რაც შეეხება სიხარულიძეს, ის თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ბოლოს კი ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კიგევ დევდარიანი მაგას სირცხვილის გრძნობა არააქვს ლოკომოტივს რაგა დაემართა ცადი მიხედე სხვა საქმეს თოხი აიგე ხელში
zviadi
16:20 20-12-2016
0
დილას კაპიტანი ალექსანდრე კვახაძეა
რეზო
19:33 20-12-2016
0

სიახლეები პოპულარული