- "დინამოსთან" კონტრაქტი კი დაგისრულდათ, მაგრამ უცნობია, სად გაატარებთ მომავალ სეზონს?
- ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ფაქტი ისაა, ხელშეკრულება აღარ მაქვს. ასე რომ, ჯერ ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.
- კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივება არ შემოუთავაზებია?
- არაფერი მსგავსი არ უთქვამთ, არც დარჩენაზე და არც წასვლაზე. ფაქტია, რომ თავისუფალი აგენტი გავხდი. მეორე მომენტია - სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ ახალგაზრდული გუნდი უნდა ჩამოაყალიბონ და სეზონის
"დინამომ" თავისი საქმე უკეთ იცის, მე კი ფეხბურთელი ვარ და დიდი ხანია შევეგუე იმ აზრს, რომ კარიერაში ცვლილებები ხშირად ხდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია.
- სხვა კლუბებისგან არ გქონიათ შემოთავაზებები?
- ჯერ კონკრეტული არაფერია.
- რამდენად მართალია, თითქოს თქვენით დაინტერესებული კლუბები თბილისის "ლოკომოტივი" და "საბურთალო" არიან?
- პირადად მე არცერთი მათგანი არ დამკავშირებია.
- გარდამავალ ჩემპიონატში "დინამომ" ვერც თასი მოიპოვა და ვერც სამეულში შევიდა. თქვენი აზრით, რატომ ჩააგდო გუნდმა მოკლე სეზონი?
- ყველაფრის გაანალიზება ჩემი საქმე არ არის და არც მსურს, მაგრამ ფაქტია, შედეგი არ იყო და ევროპის ლიგის მიღმაც კი დავრჩით.
- ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება...
- უბრალოდ, ერთი რამ იყო თვალშისაცემი - ხანმოკლე პერიოდში სამი მთავარი მწვრთნელი შევიცვალეთ, რამაც ბიჭებიც და საბოლოოდ გუნდიც ძალიან არია. ძნელია, ხანმოკლე სეზონის მსვლელობისას სამ სხვადასხვა სტილზე გადაწყობა-გადმოწყობა. მერე შემადგენლობა უცებ შეიცვალა და გაახალგაზრდავება დაიწყო. სეზონის მსვლელობისას ესეც ძალიან რთული პროცესი იყო...
ახალი სეზონიდან გუნდს წარმატებებს ვუსურვებ და დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ ისეთ "დინამოს" ვიხილავთ, რომელიც თავის სიმაღლეზე იქნება და გულშემატკივარს გაახარებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"