როგორი იქნება 2017 წელს ქართული ფეხბურთი? სფფ-მ და კლუბებმა ქობულეთში იბაასეს

AutoSharing Option
გუშინ, 20 დეკემბერს, ქობულეთის სასტუმრო "ჯორჯია პალასში" დიდი საფეხბურთო თავშეყრა იყო - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელები პრო ლიგა 1-სა და 2-ში კლუბების მესვეურებს სამუშაო ვითარებაში შეხვდნენ.

ახალი სეზონის პროექტმა იმხელა ინტერესი გამოიწვია, 14 საათზე დაწყებული შეხვედრა საღამოს 20:30 საათზე დასრულდა...

...ჯერ განვლილი სეზონი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სფფ-ის სამოქმედო სტრატეგიასა და ფეხბურთის განვითარებაში კლუბების ჩართულობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

კლუბებმა და სფფ-ის თავკაცებმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს - მომავალი ჩემპიონატის ფორმატზე,
კლუბების ლიცენზირებაზე, სპორტული სამართლიანობის დაცვის თემასა და დაფინანსებაზე, სატელევიზიო გაშუქებაზე, კალენდარზე, ინფრასტრუქტურაზე...

ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ კლუბების დაფინანსების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ცენტრალიზებული მარკეტინგის სისტემა ჩამოყალიბდება, რაც სახეობის პოპულარიზაციასა და ფეხბურთის, როგორც კომერციული სექტორისთვის მიმზიდველი პროდუქტის შექმნას ისახავს მიზნად.

"უპირველესად, დიდი მადლობა კლუბების წარმომადგენლებს. ასეთი შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა. მოხარული ვარ, რომ მათი მხრიდან დაინტერესება იზრდება.

გავაანალიზეთ განვლილი სეზონი, ასევე,  ვისაუბრეთ ახალ ჩემპიონატსა და მნიშვნელოვან საკითხებზე, თუ რა უნდა გამოსწორდეს; ვილაპარაკეთ 2017 წლის ჩემპიონატის ფორმატზე. მიხარია, რომ კლუბების მხრიდან პოზიტიური და საქმიანი განწყობა იგრძნობა", - ამბობს კობიაშვილი.

ამის შემდეგ სფფ-ის ხელმძღვანელებმა კლუბების წარმომადგენლების ინიციატივები და პრობლემები მოისმინეს, ხოლო შემდეგ კითხვებს უპასუხეს. ჩვენ კი მოგვეცა საშუალება, კითხვები დაგვესვა "საბურთალოს" აღმასრულებული დირექტორისთვის; "ლელოსთვის" კომენტარი გააკეთა "რუსთავის" დირექტორმაც:

კახა კაშია, "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი:
- ძალიან საინტერესო, სასარგებლო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. წარმოიდგინეთ, 6-საათნახევარი ვილაპარაკეთ და ძლივს დავიშალეთ. კონკრეტულად კი ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრო 1 და პრო 2 ლიგების, ასევე, ეროვნული თასისა და სუპერთასის ჩატარების პროექტები წარმოადგინა. სხვათა შორის, ითქვა, რომ თასის გათამაშების მოდელმა გაამართლა და საწყის ეტაპზე ისევ თითო მატჩი იქნება. სხვა ბევრი სიახლეც შევიტყვეთ - მაგალითად, თასის 1/16-ფინალიდან მოყოლებული, ყველა რაუნდში გუნდი პრემიას მიიღებს.

- საინტერესოა, ჩემპიონატი როდის დაიწყება და დასრულდება?
- სეზონის განახლებამდე, სავარაუდოდ, 1-ელ მარტს სუპერთასი გათამაშდება, ხოლო 4-5 მარტს ჩემპიონატი დაიწყება. სხვათა შორის, ეს არ ყოფილა შეხვედრა შეხვედრისთვის. ისიც კარგი იყო, პრობლემებზეც ღიად რომ ვილაპარაკეთ.

- კონკრეტულად, რა პრობლემებზე?
- ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო და რჩება ინფრასტრუქტურა. კობიაშვილი ყველა კლუბს დაჰპირდა, რომ საკითხის მოსაგვარებლად ყველა დონეზე მხარში დაუდგება, რადგან ეს ფეხბურთის, გუნდებისა და მოთამაშეთა გაზრდას ემსახურება. მისი თქმით, თუკი გუნდებიდან იქნება ინიციატივა, სტადიონებისა და მოედნების მოწესრიგებასა და სტანდარტებში მოქცევაზე რაიონების ხელმძღვანელებს დაელაპარაკება.

- ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქების პროექტი თუ განიხილეთ?
- ჯერ არ დაკონკრეტებულა, რომელ ტელევიზიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. დეტალებს რაც შეეხება - ყველა ტურში გაშუქდება ცენტრალური შეხვედრა, იქნება გადაცემა, სადაც ტურის პრევიუს და მიმოხილვას შემოგვთავაზებენ. პირადად მე ამ შეხვედრიდან დაიმედებული წამოვედი.

ბადრი მაჭავარიანი, "რუსთავის" დირექტორი:
- ჯერ ერთი, თავად ეს შეხვედრა იყო კარგი ფაქტი, რადგან აბსოლუტურად ყველა სატკივარზე ღიად და გულახდილად ვილაპარაკეთ. მე ძალიან მესიამოვნა, რომ საქმიანი ლაპარაკი გვქონდა, სადაც არც პრობლემებისთვის აგვიქცევია გვერდი და არც კონკრეტიკას მოვრიდებივართ.

შეხვედრის შემდეგ კლუბების ხელმძღვანელებს ველაპარაკე და ყველა ვთანხმდებოდით, რომ სასარგებლო შეკრება გამოვიდა. რაც შეეხება თემატიკას - ითქვა კლუბების ლიცენზირებაზე, ჩემპიონატის ფორმატზე, ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობაზე, ბევრი კითხვაც დაისვა და საინტერესო პასუხებიც მივიღეთ.

ცხადია, ეს ჯერ მხოლოდ განხილვა იყო და ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხი არ გვაქვს. შემდეგ შეხვედრაზე დაკონკრეტდება, თუ როგორი იქნება 2017 წელს ქართული ფეხბურთი.

მთავარი ისაა, რომ ყველაფერზე ღიად და საქმიანად ვლაპარაკობთ. შევთანხმდით, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ამ მდგომარეობიდან ერთიანი ძალებით უნდა გამოვიდეთ. რაც მთავარია, შეხვედრიდან იმედიანად გამოვედი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
სირცხვილია 10 წელია ბათუმს სტადიონი არ აგირსეთ!! გრცხვენოდეს ლევან შენი იმედი გვქონდა რაგაცას შეცვლიდი მაგრამ დიდი არაფერი, (((
batumi
22 დეკემბერი 2016 00:00
0
ეჰ,ლევან სად შეყავი თავი ჯერ კიდევ არ იცი.
გიორგი
21 დეკემბერი 2016 15:54
0
ლევანი კი ბატონო, მაგრამ დახედეთ ამ ფოტოზე გამოსახულ სხვა სუბიექტებს და დარწმუნდებით, თუ რა სიფათის ხალხი მართავს დღეს ფედერაციას. ესენი რაიმეს გამკეთებელია!!!
boris
21 დეკემბერი 2016 15:25
0
მართალი-ს :D :D :D /// მართალი ხარ, თქვენ სწორად ჩასწვდით პრო-1 სა და პრო -2 ის არსს. დიახ!!! სწორედ მაქეთკენ მივექანებით!!!! დღესდღეობით საქართველოში ყველა სფეროში პრო ობაა და საქართველოს ჩემპიონატში რაც პრო ობა მომხდარა და მოხდება , აბა სხვა რა უნდა ერქვას ?!?!?! :D :D :D
Vasili
21 დეკემბერი 2016 14:52
0
ბატონო ლევან ვიცით რო ძალიან გიყვართ ფეხბურთი და ცდილობთ ეროვნული ჩემპიონატის დონის აწევას, მაგრამ ინფრასტრუქტურის გარეშე ეს არ და ვერ მოხდება.საქართველოში მხოლოდ 4 სტადიონზეა განათებაზე თამაში შესაძლებელი და ზაფხულში როცა ტემპერატურა საღამოს 6 საათზე 35 გრადუსია ჩემპიონატის მატჩი როგორ უნდა ჩატარდეს? ქობულეთში,ფოთში,საჩხერეში,სამტრედიაში, და ა.შ ინფრასტრუქტურის გარეშე წინ ვერ წახვალთ,თქვენი საუბარი მხოლოდ წყლის ნაყვას გავს
კობიაშვილს
21 დეკემბერი 2016 14:34
0
ეს პრო 1 და პრო 2 რას ნიშნავს, იმას ხო არა, რომ .... მივექანებით
მართალი
21 დეკემბერი 2016 14:32
0
სამართლიანობა უნდა აღვადგინოთო და დედა უტირეს საერთოდ ყველაფერს, ძალიან ცდებით თუ გგონიათ დიდხანს მოგითმენენ
გულშემატკივარი
21 დეკემბერი 2016 14:24
0
ესეთ წერილებს მხოლოდ რიცხვის შეცვლა ჭირდება. ყოველწელიწადს ერთიდაიგივე შინაარსია.
haha
21 დეკემბერი 2016 13:47
0
ამ ფოტოს რო ნახავ რამის იმედი ექნება ადამიანს?
გიორგი
21 დეკემბერი 2016 13:38
0
ლევან კობიაშვილის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინტერესებს 20 დეკემბერს ტარდებოდა თუ არა პარლამენტის სხდომა და თუ ჩატარდა რატომ არ დაესწრო ლევან კობიაშილი? რით აუხსნის თავის ამომრჩევლებს, რომლებმაც იმიტომ აირჩიეს რომ სწორედ ის უნდოდათ წარმომადგენლად პარლამენტში“ როდესაც ვერ ახერხებ 2 საქმის ერთდროულად კეთებას ერთ-ერთს უნდა შეეშვა რომ ორივე არ გააფუჭო.
კანონმორჩილი ქომაგი
21 დეკემბერი 2016 13:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული