ერთი ტრანსფერის ისტორია: ვინ არის "დინამოს" ახალწვეული საბა თავაძე?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალწვეულების შესახებ გავრცელებულ ცნობებში ყველაფერი, მეტ-ნაკლებად, ლოგიკაში ჯდებოდა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა და კითხვები "დინამოში" თბილისის "შევარდენი 1906"-დან საბა თავაძის მისვლამ გამოიწვია.

- გიორგი ბეგაშვილი და კიდევ სამი - თბილისის "დინამოს" ახალწვეულები ჰყავს

მაგალითად, ზუგდიდის "ბაიამ" ყველა გააოცა, როცა სენაკის "ეგრისში" უნიჭიერესი თავდამსხმელი ირაკლი ქობალია აღმოაჩინა, რომელმაც შემდეგ ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებშიც კი ითამაშა. მაგრამ ძნელად გვახსენდება, "დინამოს" სელექციონერებს დაბალ ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდებისთვის მიეპყროთ მზერა - თავაძის პერსონით ამიტომაც დავინტერესდით.

რამდენიმე ცნობაში შეცდომით მიუთითეს, რომ ის მარჯვენა მცველია - რეალურად,
23 წლის ფეხბურთელი ფლანგის შემტევია და ორივე მხარეზე თამაშობს, სწრაფი და ტექნიკურია.

ვფიქრობ, დაგაინტერესებთ, რა გზა გაიარა "დინამომდე" გულშემატკივრისთვის უცნობმა ამ ფეხბურთელმა.

"უკრაინის მოქალაქე ვარ, მაგრამ თბილისელი გახლავართ და "დინამო" ჩემთვის უცხო კლუბი ნამდვილად არ არის: 2008 წლიდან "დინამოს" აკადემიაში ვვარჯიშობდი და ჭაბუკთა ლიგაში გამოვდიოდი, საიდანაც "ცხინვალის" დუბლებში გადავედი.

უკრაინაში კარიერის ასაწყობად 18 წლისა გავემგზავრე და "ობოლონის" დუბლებში ვვარჯიშობდი. უკრაინის მოქალაქეობა იმიტომ მივიღე, რომ ამ დონეზე ლეგიონერის თამაში პრობლემური იყო და სხვა გზა არც მქონდა, მაგრამ ქართული პასპორტიც დავიტოვე. მეორე ლიგის პოლტავურ კლუბში მხოლოდ ამის შემდეგ, 2013 წელს ჩავირიცხე.

მაგრამ ისევ საქართველოში ჩამოვედი და მცირე ხნით ცხინვალის "სპარტაკში" ვთამაშობდი. 2015 წელი ტყიბულის "მეშახტეში" გავატარე, საიდანაც თერჯოლის "საპოვნელაში" გადავედი. 2016 წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანში, ზაქათალის "სიმურგში" აღმოვჩნდი, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობს.

გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე "მარკ სტარში" ვვარჯიშობდი, მაგრამ "შევარდენის" ხელმძღვანელები, გეგი კიკაბიძე და დიმა ბარათაშვილი დამიკავშირდნენ და მეც დავთანხმდი", - ამბობს თავაძე.

საინტერესოა, რომ თავაძემ "შევარდენი 1906"-ში 16-ვე შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. მეორე ლიგა კარგად არ შუქდება და გულშემატკივრისთვის ბევრი საინტერესო ფაქტი უცნობი რჩება. არადა, ნოემბერში თავაძის მიერ გატანილი გოლი სოციალურ ქსელებსა და ტელემედიაშიც გავრცელდა - მან კონკურენტ სოხუმის "ცხუმის" დამარცხებაში წვლილი საჯარიმოდან გატანილი ულამაზესი გოლით შეიტანა.

საბა გვიყვება, როგორ მოხვდა "დინამოში":

"იცოდნენ, რომ "შევარდენში" ვთამაშობდი, სინჯებზე მივედი, გუნდში 10 დღე ვივარჯიშე და ჩემი დარჩენა ამის შედეგად გადაწყდა. კონტრაქტი უკვე გავაფორმე და ძალიან მიხარია, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი. ჩემთვის დინამოელობა ძალიან დიდი წარმატების შანსს ნიშნავს. თუმცა ეს გულისხმობს, რომ უფრო მეტი მონდომება და შრომა დამჭირდება".

საინტერესო კომენტარი გააკეთა "შევარდენი 1906"-ის დამფუძნებელმა გეგი კიკაბიძემ:

"ჩვენი გუნდის ფეხბურთელი საბა თავაძე კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს - მეორე ლიგიდან საქართველოს ყველა დროის საუკეთესო გუნდში! მტკიცდება, რომ ფეხბურთელს ნებისმიერ დონეზე უფასდება შრომა, მიზანმიმართულობა და პროფესიონალიზმი! მე არ მახსენდება მეორე ლიგიდან "დინამოში" ვინმეს გადასვლა. კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია".

კიკაბიძემ გადასვლის დეტალებიც გვითხრა:

"ის ერთ-ერთ გუნდში ვარჯიშისას დიმა ბარათაშვილმა შენიშნა. ისე მოგვეწონა, საბოლოოდ, მაინც გადმოვიყვანეთ.

გუნდებს შორის ტრანსფერი არ განხორციელებულა, რადგან საბას "შევარდენთან" კონტრაქტი დეკემბერში დაუსრულდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა. ჩვენ აქედან ფინანსურად არანაირად არ გვიხეირია, მაგრამ მაინც ბედნიერები ვართ, რომ ერთი ნიჭიერი მოთამაშე მოვძებნეთ, რომელსაც თავისი პოტენციალის გამოვლენის შანსი აქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები საბა!! დინამო კიდევ შეეშვას ამ თბილისელი გამოსვეტებული ვითომ ფუტბალისტების აყვანას და მიაქციოს ყურადღება ქვედა ლიგებსაც. რატომ უნდა იყოს ეს პირველი შემთხვევა ასეთი მთელი 25 წლის მანძილზე?? ვის ჭირდება მასხარა პაპუნაშვილი და ბევრი კიდევ ვინც სამარიაჟოდ გამოდის მოედანზე.
odala
21:03 26-12-2016
0
საბა მართლაც უძლიერესი ფეხბურთელია.ვულოცავ "დინამოს" საუკეთესო შენაძენს.წარმატებები საბა! ❤
თიკო
19:46 26-12-2016
0

სიახლეები პოპულარული