თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო

AutoSharing Option
ფოტოზე: "ლოკომოტივის" წლის საუკეთესონი
გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ფეხბურთელები ხანმოკლე არდადეგებზე გაუშვა და ვარჯიშები დეკემბრის ბოლოს, უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე ადრე განაახლა - თბილისელები 19 დეკემბრიდან "დინამო არენის" სარბენ ბილიკებზე ვარჯიშობენ. პირველ ეტაპზე, დევდარიანმა აქცენტი ფიზიკურ დატვირთვაზე გააკეთა.

"ლოკომოტივის" პრესსამსახურის ცნობით, უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრში სამედიცინო შემოწმება გაიარა. მოსამზადებელი ეტაპის ძირითადი ნაწილი კი 9 იანვრიდან, საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე გაგრძელდება.

საკადრო რევოლუციას ვერც "ლოკომოტივი" ასცდა: კლუბმა 10 ფეხბურთელთან (ბექა მახარაძე, ირაკლი კლიმიაშვილი,
გიორგი გეთიაშვილი, დავით ჩაგელიშვილი, ვაჟა ქიქავა, გიორგი ღვინაშვილი, ომარ პატარკაციშვილი, ნიკა წივწივაძე, ალეკო მზევაშვილი, დავით დარციმელია
) კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

ხელშეკრულება დაუსრულდა მათე ვაწაძესაც. 28 წლის თავდამსხმელი ევროპაში დაბრუნებას აპირებს. ასეთივე განზრახვა აქვს ლუკა ზარანდიასაც, მაგრამ ჯერაც გაურკვეველია, სად გააგრძელებენ კარიერას. იჯარის ვადა მეკარე ლაზარე კუპატაძესაც ამოეწურა და ის "საბურთალოს" დაუბრუნდება. თუმცა თბილისურმა კლუბებმა, ამჯერად, მეკარეები გაცვალეს და 2017 წლიდან "ლოკომოტივში" ახალგაზრდული ნაკრების კარის დარაჯ ბექა ქურდაძეს ვიხილავთ, რომლის ტრანსფერიც "საბურთალოს" ეკუთვნის.

ახლა სხვა სიახლეებზე: გადაწყვეტილია, რომ გუნდში ითამაშებენ გორის "დილას" კაპიტანი, მარჯვენა მცველი თემურ ღონღაძე და ბოლნისის "სიონის" ყოფილი თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე.

გუნდში გულვერდ თომაშვილიც ვარჯიშობს. ეს უკანასკნელი ბოლოს "ცხინვალში" თამაშობდა და გუნდს დეკემბერში დაემშვიდობა. თომაშვილის კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და ამ გუნდის ფორმით 2007-12 წლებში აგორებდა ბურთს. მერე ითამაშა გორის "დილაში", "სამტრედიაში", შარშან კი "ცხინვალში" აღმოჩნდა.

Sportall.Geდევდარიანის გუნდშია ნოდარ ქავთარაძეც, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი არ იცნობს, რადგან მოსკოვის "ლოკომოტივის" აღზრდილია: 24 წლის ფლანგის თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქეა და იქაური დაბალი ლიგის გუნდებში (მაიკოპის "დრუჟბა", "ტიუმენი" და ტვერის "ვოლგა") უთამაშია. ის "ლოკომოტივში" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.

ამასობაში, კლუბმა, რომელსაც ახალი ლოგოც აქვს, განვლილი სეზონი საგურამოს ბაზაზე გამართულ საზეიმო საღამოზე შეაჯამა. პირველი გუნდის ფეხბურთელების და მწვრთნელების გარდა, საღამოს 17 და 19-წლამდელთა გუნდების დამრიგებლები, მოთამაშეები და კლუბის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

"ლოკომოტივის" პრესსამსახურის ცნობით, სეზონი კლუბის პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ შეაჯამა და ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ახალი წლის დადგომა მიულოცა. "რკინიგზელთა" ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა განვლილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 2016 წლის აღმოჩენა, საუკეთესო მწვრთნელი და გუნდი დაასახელა.

საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გეგა დიასამიძემ მიიღო, რომელსაც ჯილდო კლუბის სპორტულმა დირექტორმა თამაზ ბოკერიამ გადასცა. "ლოკომოტივის" სეზონის აღმოჩენა 17 და 19-წლამდელთა გუნდის წევრი, ლევან გრძელიძე გახდა - მან ჯილდო აკადემიის დირექტორისგან, გიორგი მინაშვილისგან მიიღო. "ლოკომოტივის" დამრიგებელმა გიორგი დევდარიანმა კი საუკეთესო მწვრთნელად ლადო ვაშაძე დასახელა, რომელიც "რკინიგზელთა" 17-წლამდელებს ავარჯიშებს, ეს გუნდი კი საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ლოგიკურია, რომ წლის საუკეთესო გუნდის ჯილდოც მისმა გაწვრთნილმა 17-წლამდელთა გუნდმა მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი ლოგოა, ოღონ 1936 ცოტა მოზრდილი ასოებით უნდა ეწეროს. ასევე ვერტიკალური ზოლები ერთმანეთში უფერულად, რომ არ გადადიოდეს საჭიროა გამყოფი მკვეთრი ხაზების დამატება! მოკლედ, ცოტა დახვეწა კიდევ უნდა!
არჩილ ხოფერია
04 იანვარი 2017 11:39
0
რა შუაშია სსრკ-ში დაბრუნება, თქვენი ტვინები რატომ ვერ გამოვიდა ამ უაზრო ვითომ პატრიოტიზმიდან. მაშინ სსრკ-ში დაბრუნება ყოფილა თბილისის ,,დინამო", ქუთაისის ,,ტორპედო", მოსკოვის ,,სპარტაკი'', კიევის ,,დინამო", დონეცკის ,,შახტარი" და ა.შ.
გიორგი
04 იანვარი 2017 10:42
0
კარგი ლოგოა. დიდი ხნის წინ უნდა შეეცვალათ....
data
04 იანვარი 2017 10:04
0
არ მესმის ლოკომოტივი რატომ ქვია სიევ ამ კლუბს? რკინიგზას აღარ ეკუთვნის ეს გუნდი და ეკუთვნის სილკ როად ჯგუფს, ლოგოც კი წინა სეზონებში მაგათი ქონდათ, ეხლა ისევ ლოკომოტივი და სსრკ დაბრუნდა ((
dato
03 იანვარი 2017 16:32
0
ლექსო ჩაერიე მალე თორემ დაღუპეს ამ პროფესორებმა გუნდი
დათო
03 იანვარი 2017 12:58
0
მაგარი უაზრო ლოგოა.
სულ რკინიგზელობა რავა ელანდებათ.თუ ასე ძალიან უნდოდათ,სამტრედიის 1977 წლის ლოგოს იდეაზე გაეკთებინათ რაიმე.რაა ეს, რას აგავს? სუფთა Back in USSR -ია...
Back in USSR
03 იანვარი 2017 12:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული