უცხოურზე რეალური - გიორგი რეხვიაშვილი თბილისის "ლოკომოტივში" ითამაშებს

AutoSharing Option
გიორგი რეხვიაშვილმა დაადასტურა, რომ კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს. 28 წლის ცენტრალურმა მცველმა გარდამავალი ჩემპიონატი საჩხერის "ჩიხურაში" ჩაატარა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ ვიცე-ჩემპიონის რიგები დატოვა...

ამ გადაწყვეტილების მიზეზი გიორგი რეხვიაშვილმა "ლელოსთან" ინტერვიუში ახსნა - "ჩიხურასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა, პირობებს არ მიუმჯობესებდნენ და მივხვდი, გუნდს აღარ ვჭირდებოდიო.

"დიახ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2017 წლიდან თბილისის "ლოკომოტივში" ვითამაშებ. კლუბის სპორტულ დირექტორს, გიორგი ყიფიანს შევხვდი და შევთანხმდით, რომ ერთწლიან კონტრაქტს გავაფორმებ", - ამბობს რეხვიაშვილი.

"ჩიხურადან" წამოსულ მცველს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა. გიორგი იმაზეც გველაპარაკა, რატომ შეაჩერა არჩევანი
მაინცდამაინც "ლოკომოტივზე":

"იმედი მქონდა, რომ კარიერას უცხოეთში გავაგრძელებდი. იყო ლაპარაკი პოლონეთზე, მერე, თითქოს, ყაზახეთიდანაც რეალური მიწვევა გამოჩნდა და საქართველოშიც კარგი ვარიანტები შემომთავაზეს. მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე რეალური, კონკრეტული და საუკეთესო წინადადება "ლოკომოტივის" აღმოჩნდა.

უცხოური ვარიანტების ლოდინს და გაურკვევლობაში ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. გადასვლისას ის ფაქტორიც გავითვალისწინე, რომ თბილისური გუნდია, კარგი ხელმძღვანელობა და ერთ-ერთი გამორჩეული მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამიტომ ბევრი აღარც მიფიქრია".

რეხვიაშვილი ახალ ვითარებაზეც გველაპარაკა:

"ჯერ მხოლოდ სპორტულ დირექტორ გიორგი ყიფიანს ველაპარაკე, პრეზიდენტსა და მწვრთნელს არ შევხვედრივარ და არ ვიცი, ახალ სეზონში გუნდს რა მიზნები აქვს. მაგრამ შეკრება უკვე იწყება და ამ ყველაფერზე აუცილებლად ვილაპარაკებთ.

ვიცი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ლოკომოტივი" საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ბირთვი შეინარჩუნეს, რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაიმატეს და საკმაოდ საინტერესო შემადგენლობა შეიკრიბა. მიმაჩნია, რომ ამ კონტინგენტით გუნდს ლიდერებში დამკვიდრება შეუძლია".

შეგახსენებთ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თბილისის "ლოკომოტივმა" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთელ რიგ მოთამაშეებთან (ბექა მახარაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, დავით ჩაგელიშვილი, ვაჟა ქიქავა, გიორგი ღვინიაშვილი, ომარ პატარკაციშვილი, ნიკა წივწივაძე, ალეკო მზევაშვილი, დავით დარციმელია) კონტრაქტები უკვე გაწყვიტა.

ხელშეკრულება დაუსრულდა და გუნდიდან წავიდა ეროვნული ნაკრების კანდიდატი მათე ვაწაძე. მასავით ევროპაში დაბრუნებას აპირებს ლუკა ზარანდიაც. იჯარის ვადა მეკარე ლაზარე კუპატაძესაც ამოეწურა და ის "საბურთალოს" დაუბრუნდება. თუმცა, თბილისურმა კლუბმა "ლოკომოტივში" სანაცვლოდ ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ბექა ქურდაძე გაუშვა.

გუნდში ითამაშებენ გორის "დილას" მცველები - თემურ ღონღაძე და გულვერდ თომაშვილი, აგრეთვე, ბოლნისის "სიონის" ყოფილი თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე და რუსეთიდან ჩამოსული 24 წლის ფლანგის თავდამსხმელი ნოდარ ქავთარაძეც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
როცა იყო ვასილი ჯიბე გვქონდა გავსილი, მოიყვანეს შევარდნაძე შარვალი გვაქვს ჩავარდნაზე.
ჰაჰა ვასილს
15:29 09-01-2017
0
ეს ზარანდია , მახსოვს პატარაობაში კარგად თამაშობდა და რატო რჩებიან ბოლოს ესეთ ბურუსით მოსულ ფეხბურთში ვერ ვხვდები, უგუნდოდ რატო რჩება საქართველოში ყველა პერსპექტიული მოთამაშე , რა უაზრობაააა!!! ე.ს. საქართველოში საუკეთესო ფეხბურთელი უგუნდოდაა და საზღვარგარეთ კიდე მეორე სასტავის ზამენის ზამენა..../ იმიტომაცაა ნაკრები 130-თე
Vasili
14:23 09-01-2017
0

სიახლეები პოპულარული