ეს არ იქნება ექვსთვიანი გუნდი! - გორის "დილას" აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებს შორის გორის "დილა" განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სეზონთაშორის პერიოდში აქ უამრავი ცვლილება მოხდა.

დავიწყოთ იქიდან, რომ კლუბს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ებრაელი სპეციალისტი ზივ არიე. გარდა ამისა, გუნდში არაერთი ლეგიონერი და ახალი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა...

ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში "დილამ" 0:0 ითამაშა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ საჩხერის "ჩიხურასთან". მთელ რიგ ეპიზოდებში გორელები კარგად გამოიყურებოდნენ.

"ლელო" "დილას" 21 წლის ნახევარმცველ ლევან ნონიკაშვილს, 28 წლის შუახაზელ ირაკლი ძარიასა და კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელ გიორგი ჯოხაძეს გაესაუბრა...

ლევან ნონიკაშვილი:
ამას ხელს  უწყობს მთავარი მწვრთნელის ფაქტორი...
"ჩიხურასთან" შეხვედრაში ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. საერთოდ, მისი ბოლოდროინდელი პროგრესი თვალსაჩინოა...

- ლევან, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში?
- რაც ფეხბურთს ვთამაშობ, სულ გორის "დილაში" ვარ. აქ ყველა საფეხური გავიარე.

დუბლშემადგენლობაში ლადო ელიაურმა დამაწინაურა. დუბლებში ვთამაშობდი, როცა ძირითად გუნდთან გვქონდა ამხანაგური მატჩი. სწორედ ამ თამაშში შემნიშნა "დილას" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა და ძირითად გუნდში დამაწინაურა. ამისთვის მისი უზომოდ მადლიერი ვარ.

- თანამედროვე "დილაზე" გკითხავთ. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. რამდენად მოახერხეთ ერთ გუნდად შეკვრა და რას იტყვით თურქულ შეკრებაზე?
- 12 დღე ვიყავით თურქეთში. მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერი შეკრება იყო. რაც შეეხება გუნდში არსებულ ატმოსფეროს, ამაზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. ერთ მუშტად ვართ შეკრულები როგორც ქართველები, ისე ლეგიონერები და ამას ხელს უწყობს მთავარი მწვრთნელის ფაქტორი.

- ახალ მწვრთნელზე ცალკე გვითხარით...
- ძალიან კარგი სპეციალისტია. ზუსტად იცის და აფასებს თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებს. ვარჯიშებზე ძალიან დაკვირვებულია, არის მცოდნე და მომთხოვნი. პირადად მე მასთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს.

- არის საქართველოს ჩემპიონატში იმის საშუალება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოუმატოს?
- ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გველის. ჩემი აზრით, არის პროგრესის საშუალება. მთავარია, პროფესიულად მიუდგე შენს საქმეს.

ირაკლი ძარია: ის ისევე ითხოვს, როგორც გეგუჩაძე...
28 წლის ირაკლი ძარია, ვისაც სხვადასხვა დროს ყველა ქართული ტიტული მოუგია, "დილას" დაუბრუნდა. არადა, გადაწყვეტილი იყო მისი ჩარიცხვა ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ "ალთაიში"...

- თავადაც იცით, "დილაში" ადრე ვთამაშობდი. აქედან გამომდინარე, გუნდში ხელახლა ადაპტაცია არ გამჭირვებია. თურქულ შეკრებაზე შევუერთდი ყაზახურ "ალთაის". დამიკავშირდა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ბულგარელი ილიან ილიევი და მითხრა, რომ ვჭირდებოდი. ჩავედი თურქეთში და ვითამაშე ორ ამხანაგურ მატჩში. მერე ვნახე კონტრაქტი, რომელზეც ორ დღეში უნდა მომეწერა ხელი და...

- ...და რა მოხდა შემდეგ?
- ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციიდან კლუბმა მიიღო წერილი, რომლითაც ირკვეოდა, რომ კლუბმა ვერ გაიარა ლიცენზირების პროცესი. ამის გამო "ალთაი" აღარ დაუშვეს უმაღლეს ლიგაში და მის ნაცვლად ისევ "თარაზი" დააბრუნეს. ყველა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი. რა თქმა უნდა, აღარც მე დავრჩი და საქართველოში ჩამოვედი. ფიქრისთვის ბევრი დრო აღარ იყო, "დილამ" გამოთქვა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი და მეც სიამოვნებით დავთანხმდი.

- "დილა" თითქმის მთლიანად შეიცვალა...
- ძველი გუნდიდან სულ 5-6 ფეხბურთელი დარჩა. ძალიან კარგი გარემოა. მთავარი მწვრთნელი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ჩვენც ძალიან მოგვწონს მისი სტილი.

- რას გულისხმობს მისი სტილი?
- შეიძლება, მთლად ზუსტი შედარება არ გამომივიდეს, მაგრამ ის ფეხბურთელებისგან დაახლოებით იმას ითხოვს, რასაც "ზესტაფონში" ყოფნისას გია გეგუჩაძე ითხოვდა ჩვენგან. არ უნდა "ჩავჯდეთ", შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ...

- რა არის გუნდის მიზანი?
- ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ მინდორზე, დანარჩენი კი მერე გამოჩნდება...

გიორგი ჯოხაძე: ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა
ფეხბურთელებთან გასაუბრების შემდეგ "ლელო" "დილას" აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს დაუკავშირდა. მან არაერთი საინტერესო სიახლე გაგვიმხილა...

- როგორია კლუბში არსებული სადღეისო ვითარება? კიდევ ხომ არ არის გუნდში ახალი ფეხბურთელების, მათ შორის, ლეგიონერების გამოჩენა მოსალოდნელი?
- სადღეისო ვითარება ძალიან კარგია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ერთ მუშტადაა გუნდი შეკრული. რაც შეეხება ლეგიონერების შესაძლო დამატების თემას, როგორც იცით, ჩვენ შეგვიძლია, შვიდი ლეგიონერი გვყავდეს. ამ დროისთვის გვყავს - ექვსი. დარჩენილია ერთი ადგილი და ამ კვოტას მარტის ბოლოსთვის აუცილებლად შევავსებთ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რომელ პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება.

მოგეხსენებათ, სულ სხვაა ოფიციალური თამაში. ასეთ შეხვედრებში მეტია დაძაბულობა და ის უფრო ნაყოფიერ მასალას იძლევა განსჯისთვის.

- ქართველი ფეხბურთელების დამატებას ხომ არ გეგმავთ?
- არა, ამ ეტაპზე არა. "ჩიხურასთან" მატჩში რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა - ლექსო კვახაძე, ირაკლი მოდებაძე, ლუკა რაზმაძე, გიორგი ფოფხაძე... ისინი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები არიან.

დავამატოთ ამას ისიც, რომ გუნდში ახლახან ჩაირიცხა ირაკლი ძარია, რომელიც თანდათან შედის ოპტიმალურ ფორმაში, ამავე სიტუაციაშია თენგიზ წიქარიძე... მოკლედ, რეზერვი არის და "დილაში" ყველა პოზიციაზე იქნება კონკურენცია. ამ დროისთვის ჩვენ 27 ფეხბურთელთან გვაქვს გაფორმებული კონტრაქტი.

- გუნდში არაერთი ლეგიონერია. როგორები არიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად კარგად შეეწყვნენ საქართველოს?
- ძალიან მხიარული, გახსნილი ბიჭები არიან. ქართულ სინამდვილეს და გუნდს შესანიშნავად მოერგნენ. ერთი პრობლემა ის არის, რომ ენობრივ ბარიერს ვაწყდებით, რადგან ბრაზილიელმა ლეგიონერებმა არცთუ კარგად იციან ინგლისური.

- ვინ არის სალიუ ტრავალიე? "დილას" სხვა ლეგიონერებისგან განსხვავებით, ჩვენ მის თაობაზე არაფერი ვიცოდით...
- ის აფრიკელი ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ჩვენ ვნახეთ შეკრებაზე. ასევე, "ჩიხურასთან" თადარიგში იყო მცველი ალიუ აბუბაქარი. მას ფინეთის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება აქვს.

ვფიქრობ, გუნდს სარგებლობას მოუტანს მას შემდეგ, რაც ბოლომდე გაივლის ადაპტაციას.

- სად ცხოვრობენ და ვარჯიშობენ ფეხბურთელები?
- ლეგიონერები თბილისში ცხოვრობენ, საწვრთნელი პროცესი გორში მიმდინარეობს - როგორც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ისე - ახალაშენებულ რაგბის საწვრთნელ ბაზაზე. ამ დროისთვის დაწყებულია სამუშაოები "ქართლის" სტადიონზე და გვინდა, "დილამ" იქ ივარჯიშოს.

- თუ იგეგმება "დილასთვის" ახალი საწვრთნელი ბაზის აშენება?
- კი, არის ასეთი ჩანაფიქრი და ამის გაკეთება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გვინდა... მაგრამ მოდით, ამ საკითხზე მას შემდეგ ვისაუბროთ, როცა პროექტი დამტკიცებული იქნება.

- გადაწყვეტილია, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება...
- მოგეხსენებათ, გორი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებს მასპინძლობს და ჩემი ინფორმაციით, გახსნის მატჩიც აქ შედგება. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ძალისხმევით ხდება ეს ძალიან კარგი ფაქტი და ამისთვის მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ჩვენი, ისე გულშემატკივრის სახელით.

- საინტერესოა, როგორი პიროვნებაა "დილას" მწვრთნელი ზივ არიე?
- სამუშაო პროცესს მიღმა ძალიან მხიარული, მეგობრული ადამიანია. რაც შეეხება საქმეს, ფეხბურთელების მიმართ მომთხოვნი და ზომიერად მკაცრია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - "დილას" გასახდელში ფეხბურთელს ვერ იპოვით, გნებავთ, ძირითადის მოთამაშეს და, გნებავთ, სათადარიგოს, რომელსაც არ სიამოვნებდეს მწვრთნელთან მუშაობა.

- არ შეიძლება, გუნდის მიზანზეც არ გკითხოთ...
- რა თქმა უნდა, გვინდა, რომ საქართველოს ჩემპიონები გავხდეთ, მაგრამ ამავე დროს, ვართ რეალისტები და ვიცით, რომ მიზანს ეტაპობრივად უნდა მიაღწიო. ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონატის სამ საუკეთესო გუნდში დამკვიდრებაა, მაგრამ თუ ამას ვერ მოვახერხებთ, არც ეს იქნება ტრაგედია. ჩვენ უფრო თანდათანობით ზრდაზე ვართ ორიენტირებულნი.

- საქართველოში ბევრი "ექვსთვიანი" გუნდი გვინახავს. იმედია, დღევანდელი "დილაც" მათ ბედს არ გაიზიარებს...
- მე ყოველდღიურად ვხედავ, როგორი მიდგომაა კლუბში საქმისადმი და ამას გამოვრიცხავ. უნდა გითხრათ ისიც, რომ "დილას" ლეგიონერებთან ხანგრძლივი კონტრაქტებია გაფორმებული. ეს ფეხბურთელები და მათი აგენტები ენდნენ კლუბის ახალ ხელმძღვანელობას, ვისაც თავისი წონა აქვს საფეხბურთო სამყაროში. დამეთანხმებით, ეს შემთხვევით არ ხდება, ბევრ რამეზე მეტყველებს.

- კლუბში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ მოხდა რამდენიმე ადგილობრივი კადრის ჩანაცვლება. ეს გორელი გულშემატკივრის უკმაყოფილებას ხომ არ იწვევს?
- მას შემდეგ, რაც ახალმა მენეჯმენტმა აიღო პასუხისმგებლობა კლუბის მართვაზე, მოხდა გარკვეული ცვლილებები. ცხადია, გუნდი მათი შეხედულებისამებრ დაკომპლექტდა. რა თქმა უნდა, ადამიანურად გულდასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ შევხვდით გულშემატკივრებს და ავუხსენით შექმნილი სიტუაცია. მათ ძალიან უყვართ "დილა" და "ჩიხურასთან" მატჩშიც შესანიშნავად გვიქომაგეს.

ჩვენც უდიდეს სიყვარულს ვადასტურებთ მათ მიმართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ა.ა მართალი ხარ,წავიდა და თან სიონში.
dila
09 მარტი 2017 21:05
0
dzaria rogor gexvewnen shiraqtan itamashe da mere wadio mara shen gvigalate, darwmunebuli iyavi ro arcert gulshematkivars ar gaxarebia sheni dabruneba. gtxovt gamoaqveynot
a.a
09 მარტი 2017 18:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული