სწორედ დეკემბრის მიწურულს შედგა მისი სევილიური დებიუტიც სტუმრად "ხეტაფესთან" გამართულ მატჩში.
ამის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ აბურჯანია "სევილია ბ"-ში სტაბილურად დაიწყებდა თამაშს, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა - მას ან მაქსიმუმ 15 წუთი ეძლეოდა, ან სულაც ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა.
აბურჯანიას ესპანეთში დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
- პირველ რიგში, ჯანმრთელობის შესახებ გვითხარი. ტრავმა სრულად მოირჩინე?
- კარგად ვარ, ტრავმა არ მაწუხებს. "ხიმნასტიკთან"
- "სევილიას" და მის ფეხბურთს როგორ შეეგუე?
- შეიძლება ითქვას, რომ კარგად. ერთი ისაა ცუდი, რომ "სევილიას" პირველი გუნდის მწვრთნელი ხორხე სამპაოლი და მეორე გუნდის მწვრთნელი დიეგო მარტინესი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს ითხოვენ.
- ნათქვამი გაქვს, "სევილია ბ"-ში ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენცია არისო. ფაქტია, სათამაშოდ რამდენიმე წუთი გეძლევა ხოლმე, ზოგჯერ - ისიც არა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენციას აგებ თუ საქმე სხვა რამეშია?
- ახლაც შემიძლია გითხრათ, რომ კონკურენცია ჩემს პოზიციაზე გუნდში მართლაც დიდია, მაგრამ პრობლემა რეალურად სხვა რამეშია.
კონტრაქტი როგორც კი გავაფორმე, მეორე დღეს ეროვნულ ნაკრებს შევუერთდი. მოგეხსენებათ, მაშინ ვარჯიშზე ტრავმა მივიღე, რის გამოც 3 თვე და 10 დღე გამიცდა, ამან კი, რბილად რომ ვთქვათ, მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა ამირია, რადგან ნაკრებში ჩემი გაშვების წინააღმდეგი იყო.
ასე რომ ჩემს უთამაშებლობას სათანადო ფორმაში არყოფნას ვერ დავაბრალებ. არის მიზეზები, რაზეც საჯაროდ საუბარი მართებულად არ მიმაჩნია.
- სერბეთთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული არ ხარ... გქონდა თუ არა ამ ხნის განმავლობაში ნაკრების მთავარ მწვრთნელთან საუბარი? არ გამოძახების მიზეზი მხოლოდ სათამაშო პრაქტიკაა?
- საუბარი არ მქონია და არ მგონია, მიზეზი ჩემი სათამაშო პრაქტიკა იყოს, რადგან, თუ არ ვცდები, გამოძახებულთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აკლია. უბრალოდ, მწვრთნელმა ამ ფეხბურთელებზე გააკეთა არჩევანი და მის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ.
- ზაფხული ახლოვდება და შენი მომავალი მეტად საინტერესო ხდება. სად იქნება გიორგი აბურჯანია შემდეგ სეზონში?
- დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით, ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა. ცხადია, მინდა "სევილიაში" დარჩენა და პირველ გუნდთან ერთად ტიტულებისთვის ბრძოლა, მაგრამ დავიცადოთ... ზაფხულში მოსამზადებელი პერიოდის დროს ბევრი რამ გაირკვევა.