[ჩვენ და ლატვიელები] გავასწოროთ ანგარიში

AutoSharing Option
დღეს, 28 მარტს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლატვიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჰოდა, ჩვენი ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც მშვენიერი შანსი ეძლევათ, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოახდინონ, მით უფრო, რომ ჩვენი დღევანდელი მეტოქე ყველა კომპონენტში ჩამოუვარდება იმავე სერბეთის ნაკრებს.

- საქართველო VS ლატვია - ბრძოლა ღირსებისთვის!

თუმცა, ნურც საკუთარ პრობლემებს დავივიწყებთ: დღევანდელ მატჩს საქართველოს ნაკრები ხომ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერიით ხვდება! ეგ კი არა, უკვე 2 წელიწადი გავიდა მას მერე, თბილისში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში რომ შეძლო ჩვენმა უპირველესმა გუნდმა გამარჯვების
მოპოვება!

ოღონდ, ისიც სათქმელია, რომ ამ მატჩში (მალტასთან) ჩვენს ნაკრებს ვლადიმირ ვაისის წინამორბედი (კახა ცხადაძე) მოძღვრავდა, აი, სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კი საქართველოს ნაკრებს საშინაო მატჩი ჯერჯერობით არ მოუგია...

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვლადიმირ ვაისი დაინიშნა, თბილისში 4 მატჩი (ამხანაგურიც და ოფიციალურიც) ჩავატარეთ: ყაზახეთთან და მოლდოვასთან - ფრედ ვითამაშეთ, ხოლო ავსტრიასთან და სერბეთთან - დავმარცხდით;

მოკლედ, მართლაც მოვიდა იმის დრო, რომ საქართველოს ნაკრებმა საშინაო გამარჯვებით გაახაროს გულშემატკივარი...

მეტოქე
ლატვიის ნაკრები გრანდთა კატეგორიას არასდროს განეკუთვნებოდა და ამ მიმდინარე შესარჩევ ციკლშიც, საქართველოს ნაკრების მსგავსად, თავის ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზეა. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ლატვიას ერთი მოგება მაინც აქვს, ოღონდ ანდორის ნაკრებთან...

ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს, თბილისის "დინამოს" სახელი ევროპაში რომ ქუხდა, ცნება "ლატვიური ფეხბურთი", ფაქტობრივად, არც არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ლატვიის საუკეთესო გუნდის, რიგის "დაუგავას" ყველაზე დიდ მიღწევად ის ითვლებოდა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მუდამ ლიდერთა შორის იმყოფებოდა. რომელიმე ლატვიელ ფეხბურთელს რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაემკვიდრებინოს ადგილი, ამაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი...

სიტუაცია დიდად არ შეცვლილა მას მერეც, რაც ლატვიის ფეხბურთმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა. და ასე გრძელდებოდა გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლომდე, რის შემდეგაც ლატვიურმა ფეხბურთმა (სანაკრებოზეც და საკლუბო დონეზეც) სერიოზული წინსვლა განიცადა.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ალეკსანდრს სტარკოვსის დამოძღვრილმა ლატვიის ნაკრებმა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა და თავი არც იქ შეურცხვენია: გერმანიის ნაკრებთან ფრედ ითამაშეს. მეკარე - ალეკსანდრს კოლინკო, მცველები - იგორს სტეპანოვსი, ვიტალის ასტაფიევსი, იურის ლაიზანსი, ნახევარმცველები - ანდრეის რუბინსი, იმანტს ბლეიდელისი, თავდამსხმელები - მარიან პაჰარსი, ანდრეის შტოლცერსი, მარის ვერპაკოვსკისი - ამ ფეხბურთელთა უმრავლესობამ მოგვიანებით წამყვან ევროპულ კლუბებში დაიმკვიდრა ადგილი.

სხვათა შორის, ლატვიური ფეხბურთის აღორძინებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველებსაც: 90-იანი წლების შუაგულიდან მოყოლებული, იქაურ საფეხბურთო ჩემპიონატში არაერთი ჩვენებური გამოჩნდა და ალექსანდრე რეხვიაშვილის, ძმების - ლევან და ლაშა სილაგაძეების, ზურაბ მენთეშაშვილის, დავით ჩალაძის, სოსო გრიშიკაშვილის, დავით გვარამაძის, მამუკა წერეთლის, არმაზ ჯელაძის, ლევან კორღალიძის, დავით გამეზარდაშვილის (მოგვიანებით - ლადო დვალიშვილის) დიდი დამსახურებაც იყო ლატვიური საკლუბო ფეხბურთის დონის ამაღლება.

აღარაფერს ვამბობთ რევაზ ძოძუაშვილზე, რომლის სახელსაც უკავშირდება როგორც რიგის "სკონტოს", ასევე - ლატვიის ნაკრების აღზევება. თანაც, რევაზ ძოძუაშვილი სულაც ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგშიც დაუპირისპირდა... საქართველოს ნაკრებს და ის მატჩი ლატვიელებმა მოიგეს.

საერთოდაც: ისევე, როგორც ძალიან ბევრ მეტოქესთან, ლატვიელებთან ურთიერთდაპირისპირებაშიც უარყოფითი ბალანსი გვაქვს: 2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება (ბურთების სხვაობა: 9-10)!

დაბოლოს, კიდევ ერთ ჩვენებურზე: თამაზ პერტია ჯერ ფეხბურთელობის დროს გამოდიოდა ლატვიის ჩემპიონატში, შემდეგ კი, უკვე მეცხრე სეზონია მწვრთნელად მუშაობს ამ ქვეყნის სხვადასხვა გუნდში...

პირველი მოგება
ლატვიასთან პირველი დაპირისპირების წინ ჩვენი ნაკრების იმდროინდელ თავკაცს, ალექსანდრე ჩივაძეს სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა და 1994 წლის ზაფხულში ჩატარებულ იმ მატჩში სანახევროდ ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა.

ასე მაგალითად, დებიუტი ჰქონდათ გამოცდილ გოჩა ტყებუჩავას, ბათუმის "დინამოს" ნიჭიერმა შემტევმა ნახევარმცველმა თეიმურაზ ტუღუშმა მეორე სანაკრებო მატჩი ჩაატარა. ისე, როგორც თელავის "კახეთის" ფლანგის ნახევარმცველმა ვასილ სეფაშვილმა, ასევე "კახეთის" ცენტრალურმა მცველმა მერაბ კაციტაძემ 31 წლის ასაკში ჩაატარა თავისი პირველი სანაკრებო მატჩი.

სხვათა შორის, იმ მატჩში კიდევ მოხდა დასამახსოვრებელი ფაქტები: დავით ჯანაშიამ პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა, კახა კაჭარავამ კი თავის მესამე სანაკრებო მატჩში მეორედ გამოიჩინა თავი.

აღარაფერს ვამბობთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელზე, გოჩა ჯამარაულზე, რომელმაც სწორედ ლატვიასთან გაიტანა თავისი პირველი სანაკრებო გოლი და, რაც მთავარია, ჩივაძემ ამ მატჩში კაპიტნის სამკლავური სწორედ "ჯამარას" ანდო!..

Sportall.Ge

ქართველი მწვრთნელების დუელი
4 წლის ლატვიელებს მეორე მატჩშიც ვაჯობეთ: მალტის საერთაშორისო ტურნირის პირველ ტურში ვლადიმერ გუცაევის დამოძღვრილმა საქართველოს ნაკრებმა 2:1 მოუგო ლატვიის ნაკრებს, რომელსაც ...რევაზ ძოძუაშვილი თავკაცობდა!

ეს მატჩიც ბევრი ფაქტით იყო დასამახსოვრებელი: ვლადიმერ გუცაევი პირველად ხელმძღვანელობდა საქართველოს ნაკრებს, გიორგი ნემსაძემ ასევე პირველად გაიყვანა გუნდი კაპიტნის სამკლავურით, გოჩა ჯამარაულმა სანაკრებო კარიერაში პირველად შეასრულა დუბლი, ხოლო ლევან სილაგაძეს საქართველოს ნაკრებში ჰქონდა დებიუტი!

რევანში
დღევანდელმა მტეოქეებმა ერთმანეთში პირველი ოფიციალური მატჩი 2000 წლის ევროპის შესარჩევ ციკლში ჩაატარეს. სამწუხაროდ, ის მატჩი რევაზ ძოძუაშვილის დამოძღვრილმა ლატვიის ნაკრებმა მოიგო და ასე აიღო "მიხიჩამ" რევანში ორი წლის წინანდელი მარცხისათვის.

ის ერთადერთი გოლი კი მატჩის დასაწყისშივე რომ გაიტანა ანდრეის შტოლცერსმა, ცოტა არ იყოს, კურიოზულიც გამოდგა...

ბოსკამპიც და ტოპიც...
ისე მოხდა, რომ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მსველობისას, ორივე გუნდში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებში იოჰან ბოსკამპი (ჰოლანდია) დაინიშნა, ლატვიაში კი - გარი ჯონსონი (ინგლისი).

სამწუხაროდ, ლატვიასთან რევანშის აღება ვერ მოვახერხეთ, არადა, შოთა არველაძისა და მიხეილ ყაველაშვილის გოლებით, მატჩის დამთავრებამდე ნახევარი საათით ადრე ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა; თუმცა, ლატვიელებმა მაინც მოახერხეს თბილისიდან ქულის წაღება.

აღსანიშნავია, რომ ლატვიასთან დაპირისპირება ბოსკამპის ბოლო საშინაო მატჩი გამოდგა საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე - სულ მალე ჰოლანდიელმა სპეციალისტმა სამსახური დატოვა...

ნავსიანი გამოდგა ჩვენი ნაკრებისთვის ლატვიელებთან რიგით მეხუთე დაპირისპირებაც: ჯერ პირველი ტაიმი არ იყო დასრულებული და თბილისში გამართულ ამხანაგურ მატჩს სამბურთიანი სხვაობით ვაგებდით! მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ თავისი პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად (პენალტიც ვერ გამოვიყენეთ), ის მატჩი მაინც წავაგეთ (1:3).

კლაუს ტოპმიოლერმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და იმ მატჩშიც არაერთ ახალგაზრდას მისცა თავის გამოჩენის საშუალება: სანდრო კობახიძე, ბექა გოცირიძე, შოთა გრიგალაშვილი და გიორგი ხიდეშელი 19-20 წლის ბიჭები იყვნენ, ლევან მჭედლიძე და ლევან ყენია კი - სულაც 17 წლისანი!

ასე იყო თუ ისე, ლატვიელებთან ეს დაპირისპირება კლაუს ტოპმიოლერისათვისაც ბოლო საშინაო მატჩი აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში! დაახლოებით ერთი თვის მერე ჩვენმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი ანგარიშით (1:4) წააგო და ტოპიც წავიდა..

ცაუნიას სინდრომი
ამ ფეხბურთელის გვარს დღემდე სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს და ზოგისთვის - ცაუნიაა, ზოგისთვის - ცაუნა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ - კაუნაა! თუმცა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს: ბოლო წლებში ლატვიური ფეხბურთის, უდავოდ, ყველაზე გამორჩეულმა მოთამაშემ, ალეკსანდრს ცაუნიამ ზედიზედ ორჯერ დაგვამწუხრა!

ყველაფერი კი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოხდა, რომელიც თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა მართლაც წარმატებულად დაიწყო. ჰო, ახლანდელ მდგომარეობასთან შედარებაც არ შეიძლება: 2010 წლის შემოდგომაზე, ლატვიასთან საგარეო მატჩის წინ, ჩვენს ნაკრებს 3 მატჩის მერე 5 ქულა ჰქონდა.

წაუგებელი სერია რიგაშიც გაგრძელდა, მაგრამ დავით სირაძის გოლი მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა: უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო იწურებოდა, მასპინძელთა ტანმორჩილმა შემტევმა ალექსანდრს ცაუნიამ ურთულესი პოზიციიდან, იშვიათი სილამაზის გოლი რომ გაგვიტანა!

Sportall.Ge

ამ მატჩმა სხვა მხრივაც დაგვიტოვა ნეგატიური განწყობა: როგორც მერე გაირკვა, მალხაზ ასათიანს სწორედ რიგაში ჩაუტარებია თავისი უკანასკნელი სანაკრებო მატჩი...

კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება გველოდა იმავე შესარჩევ ციკლში ლატვიელებთან საშინაო დაპირისპირებაში; არადა, ჩვენს ჯგუფში ისეთი სატურნირო სიტუაცია შეიქმნა, რომ თუ დარჩენილ სამივე მატჩს (ლატვიასთან, მალტასთან, საბერძნეთთან) მოვიგებდით, პლეი ოფში მოხვედრის შანსი გვიჩნდებოდა.

თუმცა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ის მატჩი, უდიდესი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, სულაც წავაგეთ და ის ერთადერთი გოლიც კვლავ ცაუნიამ გაგვიტანა, ოღონდ, ამ გუნდებს შორის პირველი მატჩისაგან განსხვავებით, ამჯერად ისეთი კურიოზული გოლი გაიტანა, წესითა და რიგით, თვითონაც რომ ძალიან უნდა გაჰკვირვებოდა...

საქართველო-ლატვიის ყველა დაპირისპირება
ამხანაგური მატჩი
26.06.94. რიგა
ლატვია-საქართველო 1:3
გოლები: 0:1 დ. ჯანაშია (13), 1:1 ელისეევი (60), 1:2 კ. კაჭარავა (74), 1:3 ჯამარაული (76)
საქართველო: ზოიძე, ბერაძე, კაციტაძე, ნემსაძე, გ. ჯიშკარიანი, ინალიშვილი, ჯამარაული, თ. ტუღუში (78. ტყებუჩავა), დ. ჯანაშია (85. სეფაშვილი), ქინქლაძე, კ. კაჭარავა.
კაპიტანი: გოჩა ჯამარაული
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

საერთაშორისო ტურნირი
06.02.98. ლა ვალეტა. ტა ქალი
საქართველო-ლატვია 2:1
გოლები: 1:0 ჯამარაული (50), 2:0 ჯამარაული (70), 2:1 ბლეიდელისი (86-პენ)
საქართველო: ტოგონიძე, შეყილაძე, კალაძე, შელია, ჩიხრაძე, გახოკიძე, ნემსაძე (80. კიკნაძე), ჯამარაული (71. სილაგაძე), ქეცბაია (81. ცქიტიშვილი), ა. არველაძე (46. ყაველაშვილი), შ. არველაძე (46. ა. იაშვილი).
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

ევროპის ჩემპიონატი
10.10.98. ლიეპაია. დაუგავა
ლატვია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 შტოლცერსი (3)
საქართველო: გვარამაძე, შეყილაძე, ნემსაძე, კალაძე, კობიაშვილი, გახოკიძე (60. დემეტრაძე), ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე, ყაველაშვილი, შ. არველაძე.
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

ევროპის ჩემპიონატი
08.09.99. თბილისი. ბორის პაიჭაძე
საქართველო-ლატვია 2:2
გოლები: 1:0 შ. არველაძე (29), 2:0 ყაველაშვილი (51), 2:1 ბლეიდელისი (61), 2:2 სტეპანოვსი (90)
საქართველო: გვარამაძე, დიდავა, შეყილაძე, წერეთელი, კალაძე, ცქიტიშვილი (69. სიჭინავა), ნემსაძე, ჯამარაული, კობიაშვილი, ყაველაშვილი (74. ა. არველაძე), შ. არველაძე (71. დემეტრაძე).
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი

ამხანაგური მატჩი
06.02.08. თბილისი. ბორის პაიჭაძე
საქართველო-ლატვია 1:3
გოლები: 0:1 კარლსონსი (7), 0:2 სტეპანოვსი (16), 0:3 ასტაფიევსი (34), 1:3 კალაძე (46)
საქართველო: ნ. რევიშვილი, სალუქვაძე, ხიდეშელი (83. ბ. გოცირიძე), კალაძე, ელიავა, გოგუა (74. შ. გრიგალაშვილი), კანკავა, ასათიანი, ყენია, სირაძე, მჭედლიძე (41. კობახიძე).
კაპიტანი: კახა კალაძე
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

ევროპის ჩემპიონატი
12.10.10. რიგა. სკონტო
ლატვია-საქართველო 1:1
გოლები: 0:1 სირაძე (74), 1:1 ცაუნია (90)
საქართველო: ნ. რევიშვილი, უ. ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე, დაუშვილი, კობიაშვილი, ა. იაშვილი (88. კოშკაძე), ანანიძე (79. სალუქვაძე), დ. კვირკველია (69. გოგუა), სირაძე.
კაპიტანი: კახა კალაძე
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ევროპის ჩემპიონატი
02.09.11. თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო-ლატვია 0:1
გოლი: 0:1 ცაუნია (64)
საქართველო: ლორია, კაშია, ამისულაშვილი (71. დვალიშვილი), ხიზანიშვილი, კალაძე, კანკავა, კობიაშვილი, თარგამაძე, ანანიძე (54. შ. გრიგალაშვილი), ა. იაშვილი (54. სირაძე), მარცვალაძე.
კაპიტანი: კახა კალაძე
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ფორმაციის გუნდმა გულები გვატკინა თუნდაც 4-1 მოიგოს, რა აზრი არის. მათი მატარებელი წავიდა. არაპატრიოტები არიან არც ტელევიზორს ჩავრთავ!
გოგი ქუთაისელი
13:56 28-03-2017
0
როგორ სეიცლება გამოგრჯეს მამუკა გონგაზე კანუ ლატვიის საუკეტესო ფეხბურტელი და ბომბარდირი
dato buxa
14:19 28-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული