[ოთხშაბათის საკითხავი] უნდა წავიდეს თუ არა ვაისი?

AutoSharing Option
პირადად მე ამ თემის წამოწევა ცოტა ნაადრევად მეჩვენება, მაგრამ ერთია, რას ფიქრობს ჟურნალისტი და მეორე - რას ფიქრობს ხალხი? სადაც დღეს ქართულ ფეხბურთზე მსჯელობაა, იქ ამ საკითხსაც განიხილავენ და ჩვენც ვერ ავუვლით გვერდს.

რას ვიზამთ, ქართულ ფეხბურთში დღეს არსებული მილიონი პრობლემის მიუხედავად, ჩვენს ფეხბურთში ყველაზე მთავარი და მტკივნეული თემა ეროვნული ნაკრებია. ეს ასე იყო სულ და ასე იქნება მანამ, სანამ ფეხბურთს ვითამაშებთ.

სულაც არ მგონია, რომ საქართველოს ნაკრების უპირველესი პრობლემა მთავარი მწვრთნელია. თავი დავანებოთ ჩვენი ჭირის სიღრმისეულ განხილვას. ვთქვათ, რა
ხდება დღეს... თუნდაც ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში? ეს უმნიშვნელოვანესი თემაა. უბრალოდ, ერთ წერილში ვერ ჩაეტევა.

თავი დავანებოთ იმასაც, რა მდგომარეობა გვაქვს კლუბებში. არადა, ეს პირდაპირ აისახება ნაკრების თამაშზე. გნებავთ, უშუალოდ საქართველოს ნაკრებში არსებულ ვითარებაზე ვთქვათ და ამ ვითარებაშიც ძალიან ბევრია ისეთი კომპონენტი, ვლადიმირ ვაისის სასარგებლოდ რომ მეტყველებს.

ავიღოთ თუნდაც ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ ან სულაც სტატისტის როლში არიან დაბალი დონის ევროპულ ან პოსტსაბჭოთა კლუბებში.

ან ის, რომ საქართველოს ნაკრები ჯერაც ვერ იქცა პროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდად.

ისიც, რომ ვაისს ძალიან ხშირად უწევს უთამაშებელი ფეხბურთელების დაყენება ძირითად შემადგენლობაში. თუმცა მედალს ამ შემთხვევაში მეორე მხარეც აქვს.

არ ვიცი, ბევრი დამეთანხმება თუ არა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ: ფეხბურთელების როგორი დეფიციტიც უნდა იყოს დღეს საქართველოში, ნაკრებში მოსვლის დღიდან ვაისს წესად უნდა შემოეღო, რომ უთამაშებელი ფეხბურთელი არ გამოეძახებინა.

სლოვაკმა სპეციალისტმა უფრო იოლი გზით სიარული არჩია და ამან ის რამდენჯერმე დააღალატა. ასე იყო თუნდაც სერბეთის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის ცალკეული ფეხბურთელების მიერ დაშვებული შეცდომების გამო მათი დისკრედიტაცია...

ღმერთმა დაგვიფაროს, მარცხის მთელი სიმძიმე ვაკო ყაზაიშვილს, ოთარ კაკაბაძეს ან რომელიმე სხვა ფეხბურთელს ავკიდოთ... დღეს იგებს და აგებს მთელი გუნდი! უბრალოდ, ჩემი აზრით, ცოტა მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა ზურგს უკან ვაკოს, შეიძლება სულ სხვანაირად გადაეწყვიტა ის ეპიზოდი და, საერთოდაც, ბევრად უკეთესი მატჩი ჩაეტარებინა.

მე არ მესმის, რა უნდა ფლანგზე ჯანო ანანიძეს? არ მესმის თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელ ფეხბურთში ჯანოს კომპლექციის მოთამაშეები ფლანგზე არ თამაშობენ. იქ მისი საუკეთესო თვისებები იკარგება.

არ მესმის, რა საჭირო იყო ახალი ველოსიპედის გამოგონება, როცა საქართველოს ნაკრების წინა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ჯანოს უპოვა პოზიცია, რომელიც საუკეთესო იყო მისთვის. ვგულისხმობთ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციას. ცხადაძის დროს ანანიძე ნაკრებში დაახლოებით იმ ფუნქციას ასრულებდა, რასაც "რეალში" ასრულებს ლუკა მოდრიჩი.

ცხოვრებასა და ფეხბურთში ერთმნიშვნელოვანი ბევრი არაფერია. ყველაფერს უხდება კამათი და სჯა-ბაასი. ასეა ჩვენი ნაკრების მწვრთნელის საკითხიც, ვაისის გასამართლებლად და საწინააღმდეგოდ ზემოთ რამდენიმე არგუმენტი მოვიყვანეთ.

აქვე დავწეროთ იმაზე, რაც ვაისის მოღვაწეობის ჟამს ხელისგულზე დევს, რომ:

საქართველოს ნაკრები, დიდწილად, ჩამოყალიბდა ერთი ტაიმის გუნდად... მწვრთნელი ხშირად აგვიანებს შეცვლებს, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში ეფექტურად ვერ იყენებს მათ...

ჩემი აზრით, ვაისი არ არის ისეთი ძლიერი მოტივატორი, როგორიც იყო კახა ცხადაძე. ეს იმაში ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებს უჭირს მთელი მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება. ის მხოლოდ თამაშის კონკრეტულ მონაკვეთს ატარებს მაღალ დონეზე. ცხადაძის დროს იყო ორი გამონაკლისი, პოლონეთთან და ესტონეთთან მატჩები, მაგრამ იყო საპირისპიროს დამადასტურებელი შეხვედრები...

ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია: საქართველოს ნაკრებს არ აქვს ცივი სისხლი და თუ მან ერთ წამს მაინც დაკარგა კონცენტრაცია, ყველაფერს ჰგავს, ფეხბურთის გუნდის გარდა.

უელსთან მატჩს თუ არ ჩავთვლით, ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ყველა შეხვედრაში დაგვემართა ის, რაც ზემოთ დავწერეთ...

რკინის არგუმენტი მათთვის, ვინც ვაისის წასვლას ემხრობა: საქართველოს ნაკრებს მის ხელში არ მოუგია არც ერთი ოფიციალური შეხვედრა, აქვს მხოლოდ 2 ქულა და პრაქტიკული თვალსაზრისით, "დასრულებული" აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.

რა თქმა უნდა, წონადი არგუმენტია ის, რისი მოშველიებაც ბოლო დროს ვაისმა დაიწყო - საქართველოს არ ჰყავს ბევრი კლასიანი ფეხბურთელი, მაგრამ ვეჭვობ, ფარერებს და აზერბაიჯანს ჩვენზე უკეთესი მოთამაშეები ჰყავდეთ. არადა, განსაკუთრებით აზერბაიჯანის ნაკრების სატურნირო მდგომარეობას, ჩვენთან შედარებით, მართლაც რომ "სახარბიელო" ეთქმის.

რაც ფეხბურთი არსებობს, მთავარი ყოველთვის შედეგია. ჩვენ კი სასტიკი რეალობის წინაშე ვდგავართ - თანამედროვე მაჩვენებლით დაახლოებით იმ ადგილას ვართ, ლიხტენშტაინი და ანდორა რომ არიან. ჰოდა, ასეთ შემთხვევაში, სხვებთან ერთად პასუხისმგებლობას ვერც ვაისი გაექცევა, რადგან, როცა მწვრთნელი თანხმდება შეთავაზებულ სამუშაოს, ის ავტომატურად ხდება პასუხისმგებელი შედეგზე.

არის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოხდა საქართველოს ნაკრების წინა მწვრთნელის ჩანაცვლება ახლით. დღესაც ჩემს აზრზე ვრჩები: მაშინ ამ ქირურგიული ჩარევის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა.

საკითხავია ისიც, გაკეთდა თუ არა ეკონომია ვაისის ნაკრებში დანიშვნით და რომც გაკეთებულიყო, თანხის დაზოგვის დაწყება ეროვნული ნაკრებიდან მაშინ, როცა ჩვენს საკლუბო ფეხბურთს, სახელმწიფოს ყურადღებით აწ უკვე განებივრებულს, მაინც ბევრი "მღრღნელი" ხრავს შიგნიდან, აშკარად გაუმართლებლად მიმაჩნია.

ყველა ფორმაციის ფედერაციას უნდა ახსოვდეს: საკლუბო დონეზე რომელმა გუნდმა რა ტიტულიც უნდა მოიგოს, ამა თუ იმ ქვეყნის საფეხბურთო რაობის განმსაზღვრელად ყოველთვის დარჩება ეროვნული ნაკრები და ის ნებისმიერი ფედერაციის მუშაობაში არის ყველაზე პრიორიტეტული.

ქართულ კლუბებს ევროპული ტიტულების მომგების ჯერ არაფერი ეტყობათ. ისიც ფაქტია, ცხადაძის გაშვებით და ვაისის დანიშვნით ფედერაციამ დიდზე დიდი პასუხსმგებლობა აიღო საკუთარ თავზე. ოდნავი უკეთესობა რომ მაინც იყოს, ხმას ვინ ოხერი გაიღებდა, მაგრამ...

თავის დროზე ცხადაძის გათავისუფლება ერთი არგუმენტითაც შეიფუთა - თუ საკუთარი თავის იმედი ჰქონდა, დათანხმებულიყო ბონუს-სისტემასო. იმ კაცმა საქართველოს ნაკრებში მოსვლისთანავე თქვა, ეს ციკლი ჩამთავრდება და მომავალ შესარჩევში, სულ მცირე, მესამე ადგილის დაკავება მექნება მიზნად, ნებისმიერ სხვა შედეგს წარუმატებლობად ჩავთვლიო...

თქმით, ეს ნამდვილად ითქვა. რა თქმა უნდა, ძნელია იმის მტკიცება, შეძლებდა თუ არა ცხადაძე ამ ამოცანის შესრულებას ძალიან თანაბარ და, ჩემი აზრით, ძალიან ძლიერ ჯგუფში, სადაც ჩარჩენის დიდი შანსი აქვს ევროპის ბოლო ჩემპიონატის ნახევარფინალისტ უელსს, მაგრამ ფაქტია, რომ მიზანი დაისახა და ცხადაძეს, როგორც მინიმუმ, თამასა არ დაუშვია.

ძალიან მინდა, ვცდებოდე, მაგრამ ისე ჩანს, რომ საქართველოს ნაკრები მიმდინარე შესარჩევ ციკლში ვერაფრით შესწვდება თუნდაც მესამე ადგილს. ეს კი არა, მეშინია, ემანდ, მოლდოვამაც არ გაგვისწროს.

ფაქტია, უკეთესობის ნაცვლად უარესობა მივიღეთ.

...და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 50 /
ვაისმა მუსაობა უნდა გააგრძელოს,მწვრთნელის შეცვლა ახლა არაფრის მომტანი იქნება,ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებში შრომა უნდა გააგრძელონ და ნაკრებში მომზადებულები უნდა ჩამოდიოდნენ.სერბეთი კი ამ ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები მგონია.
bebeto
30 მარტი 2017 15:37
0
მეც ასე მგონია უნდა ვაცალოთ ვაისს, მწვრთნელების ასე ხშირი შეცვლები არაფერ კარგს არ მოუტანს ნაკრებს , სერბეთის მერე აღარ მინდოდა ყურება ლატვიასთან თამაშის, მაგრამ მაინც ვუყურე, კარგია, ცუდია, ჩვენი გუნდია რა ვქნათ რა.
გიორგი ვარშავიდან
30 მარტი 2017 12:51
0
შემი აზრით კობიაშვილი უნდა გადადგეს და ცხადაძე დაბრუნდეს ექსპერიმენტების დრო ერთხელ დასამუდამოდ უნდა დამთავრდესთუ გვინდა რაიმე გვეშველოს თუ არადა შევეგუოთ ასეთ მდგომარეობას,
ნიკო
30 მარტი 2017 12:12
0
უნდა ვაცალოთ ვაისს. კარგად მუშაობს.
ქართველი
30 მარტი 2017 11:29
0
ყოველთვისმიყვარდა ფეხბურთი,ოქროს დინამოს თაობა ვარ,ჩემ შვილიშვილსაც უყვარს,მაგრამ რა უნდა ეშველოს ჩვენ ფეხბურთს,როდესაც ბავშვებს ,,ელიტ რაუნდის'' ტურნირზე რომ მიიღონ მონაწილეობა 100 ლარს სთხოვენ,ბავშვთა ფეხბურთი უფასო უნდა იყოს და ეძებდნენ ნიჭიერებს და ხელს უწყობდნენ
ნინო
30 მარტი 2017 10:17
0
წავიდეს კობიაშვილი პარლამენტიდან. ეს ხალხის დაცინვაა.
giorgi
30 მარტი 2017 08:34
0
საქართველოში რომ ყველგან პოლიტიკაა ნებისმიერ დარგში და ფეხბურთშიც რა თქმა უნდა ნათელია,სულ რომ მსოლიოზე გაეყვანა მწვრთნელს ნაკრები და ნაციონალი ყოფილიყო მიზეზს იმასაც მოუდებდნენ და გაუშვებდნენ,ცხადაძის გაშვება ზუსტადაც რომ პოლიტიკური მიზეზებით იყო!!!
smouk
30 მარტი 2017 01:48
0
ცხადაძეზე მეც გული მწყდება და ვფიქრობ ფედერაციამ შეცდომა დაუშვა, იქით სამინისტროც გაჯიტდა და ...... რაც შეეხება ვაისს ვფიქრობ უნდა გააგრძელოს მუშაობა და შედეგს აუცულებლად დადებს. დანრჩენილი მატჩები იძლევა მშვენიერ შანს, რომ ვაისმა გუნდი შეათამაშოს და ჩამოაყალიბოს მებრძოლ ნაკრებად. სტატიის ავტორს ჯანოს პოზიციაზე ვეთანხმები. ჩვენ ქომაგებს კი უკეთესეი მომვლის იმედი. ძალიან კი გაიჭიმა ჩვენი იმედები მაგრამ მაინც )))
საქართველოს ქომაგი
30 მარტი 2017 01:07
0
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის კობიაშვილი და ხეჩიკაშვილი! რა უნდოდათ ცხადაძისგან? კაცს ჰქონდა გარკვეული შედეგები, თუნდაც თამაშის ხარისხის მხრივ და მოტივაციის მხრივ. მაგრამ, სომხურად, ფულის დაზოგვის ამბავში ჩაანაცვლეს ვაისით, ვითომ საბუნესე სისტემაზე შესვეს ნაკრების თავკაცობა.ძუნწი მეტს იხდისო ამათზეა ნათქვამი, თორემ ცხადაძე ამაზე ბევრად კარგ შედეგს დადებდა.მინიმუმ, მოუგებდა მოლდოვას და ფრეს ითამაშებდა სერბეთთან, ამაში დარწმუნებული ვარ! ვაისი აგვიანებს მაღტლა ცვლილებებს და ერთი ტაიმის გუნდია ნაკრები. ყველა შემთხვევაში წარმატებები ნაკრებს.
ქომაგი
30 მარტი 2017 00:39
0
უნდა ვაცადოთ რა ამ კაცს.ეს კაცი \თუ წავიდა ასე მგონია 20 რასაც ეხლა ვთამაშობთ ისიც არ გვეGირსება და ისევ თავიდან მოგვიცევს დაწყება ყველაპრის
butxa
29 მარტი 2017 23:32
0

სიახლეები პოპულარული