ერთი ნაბიჯით უკან

AutoSharing Option

ჩვენი ორი მეტოქე ათეულში

გუშინ ფიფასა და "კოლა კოლას" მარტის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა და 72-ე ადგილზეა. ვიმედოვნებდით, რომ ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრების დამარცხება წინ წაგვწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან არც სომხებს აქვთ შთამბეჭდავი რეიტინგი – თუმცა ჩვენზე წინ მაინც არიან, 65-ე პოზიციაზე. ქართველებთან წაგებით მათ სამი ადგილით ქვევით ჩაინაცვლეს.

გადავხედოთ ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეების მდგომარეობას. ხორვატიამ და საბერძნეთმა საუკეთესო ათეულში ადგილი შეინარჩუნეს. ბერძნები მეათე ადგილზე რჩებიან, ხორვატებმა კი მეცხრედან მერვე საფეხურამდე
აინაცვლეს. ისრაელი, რომელმაც 6-ადგილიანი ვარდნა განიცადა, 58-ე ადგილზეა, ლატვია კი ერთი პუნქტით დაწინაურდა და 75-ეა. ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილმა აუტსაიდერმა მალტამ 163-ედან 156-ე საფეხურამდე აინაცვლა.

რეიტინგის ზედა ათეულში განსაკუთრებული ცვლილებები არაა. საუკეთესო სამეული უცვლელი დარჩა და ზუსტად იმ თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი, 2010 წლის მუნდიალზე რომ განლაგდა, არგენტინამ მეოთხე ადგილი ბრაზილიას მეხუთეში გაუცვალა, ხორვატიამ კი მერვე პოზიცია პორტუგალიას ჩამოართვა.

ფიფასა და "კოკა კოლას" ერთობლივი ვერსიით, მსოფლიოს ათი საუკეთესო ნაკრების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1. ესპანეთი, 2. ჰოლანდია, 3. გერმანია, 4. არგენტინა, 5. ბრაზილია, 6. ინგლისი, 7. ურუგვაი, 8. ხორვატია, 9. პორტუგალია, 10. საბერძნეთი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული