[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?

AutoSharing Option
ყოველი სანაკრებო თამაში თემაა განსჯისთვის - სად და რატომ მოხდა? ვინ და როგორ ითამაშა? სტრატეგია და ტაქტიკა. თამაშის ორგანიზაცია და შესრულების ხარისხი. მწვრთნელი და მოთამაშე. მიზეზი და შედეგი...

მოკლედ, ბევრი რამეა ისეთი, რაზედაც მსჯელობა შეიძლება.

ერთი რამ კატეგორიულად ცალსახაა - არ უნდა დადგეს საკითხი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ყოფნა-არყოფნისა, რადგან: საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა ფეხბურთელებშია და არა მწვრთნელში.

ასე იყო აქამდეც - უფრო სწორად, ასეა, დიდი ხანია.

სერბეთთან წავაგეთ. გარდამტეხი მომენტი ვაკო ყაზაიშვილისა იყო - ჯობდა პასი, ვიდრე დარტყმა. ლოგიკურია იმ
ხალხის მოსაზრება, ვინც თვლის, რომ სერბები 0:2-ს ვეღარ "ამოქაჩავდნენ".

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

თუმცა, საფეხბურთო "ოქროს წესია" - რაც მინდორზე ხდება, მინდორზევე რჩება და როგორი გულდასაწყვეტიც უნდა იყოს ვაკოს მიერ ჯანოსთვის მიუცემელი პასი, ყველაფრის ამ მომენტზე აკინძვა მიუღებელია.

მთავარია, ამ მომენტიდან სათანადო დასკვნები გაკეთდეს და "არასწორ გოლს" "სწორი პასი" ამჯობინონ, ყაზაიშვილმაც და სხვებმაც - მერე აღარ ჩაირთვება ხოლმე დაუწერელი კანონი: ვერ გაიტან, გაგიტანენ!

ამაზე, როგორც კონკრეტულ პრობლემაზე, მოვრჩეთ და ზოგად სირთულეებზე ვისაუბროთ - ეს უფრო მთავარია.
ვაისის ფორმაციის ნაკრებს ყველაზე მეტად თამაშის კონცენტრაციასა და ორგანიზაციაში უჭირს. როგორღაც წელიწადზე მეტია, გაიწელა ეს საქმე.

ამის მთავარი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ საქართველოს ნაკრებს არა ჰყავს ფეხბურთელთა ის ჯგუფი, რომელსაც გუნდის ბირთვს ვუწოდებთ.

დიდ ნოდარ ახალკაცს მიაჩნდა, რომ ეს უნდა იყოს, მინიმუმ, 7 მოთამაშისგან შექმნილი ხერხემალი, რომელიც "აიტანს" დანარჩენ ოთხს და გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში ექნება თავისი ხელწერა, არ იარსებებს შეთამაშების პრობლემა და, შესაბამისად, არ იქნება პრობლემები თამაშის ორგანიზებისას.

სამწუხაროა, მაგრამ არახალი - უკვე წლებია, საქართელოს ნაკრებს ამგვარი ბირთვი არ ჰყავს. მაქსიმუმ, 3-4 ფეხბურთელი თუ მოიძებნება, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. სხვა პოზიციებზე კი ყველაფერი ლაგდება იმის მიხედვით, თუ ვინ სად "გაისროლა", ან ვის სად "გაუვარდა".

როგორ მწარედაც უნდა ჟღერდეს, ეს რეალობაა.

რაც შეეხება სათამაშო კონცენტრაციას, ესეც ძველი პრობლემაა. ჩვენები ყოველთვის უკეთ იწყებდნენ და მერე დუნდებოდნენ. ალბათ, ამის გამოა, ამდენი გოლი რომ გაგვიშვია ტაიმების ბოლოსკენ და ამ პრობლემის კიდევ ერთი დასტური იყო სერბების პენალტი "გასახდელში"...

ფეხბურთი მარტივი და ლოგიკური თამაშია. ვინც კი სერბების მეორე და მესამე გოლების ჩანაწერს გადახედა, უთუოდ დაინახავდა ტყუპისცალივით მსგავს კადრებს - სერბთა ორი შემტევის აქტიურობა შვიდი ქართველი "ხელისშემშლელის" ფონზე.

დიახ, დროებით დავივიწყოთ, ვინ წამოიწყო და ვის შეცდომას მოჰყვა გოლები გიორგი ლორიას კარში: ხაზგასასმელი ისაა, რომ ორივე შემთხვევაში, ორმა სერბმა შვიდ ქართველში გაითამაშა საგოლე კომბინაცია.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვაისს ვინმემ რამე ასწავლოს საქართველოში - სხვა თუ არაფერი, უხერხულია და პლუს, "ჯვაროსნებთან" გვაქვს საქმე - აქ სამსახური ნებისმიერი მწვრთნელისთვის ელექტროსკამად იქცა.

უბრალოდ, მახსენდება, თუ რამდენი დრო დახარჯა ზონური დაცვის სწავლებაზე იოჰან ბოსკამპმა (და ეს მაშინ, როცა გაცილებით კვალიფიციურ ფეხბურთელებთან უხდებოდა მუშაობა, ვიდრე ვაისი და მისი ფორმაციის გუნდია). არ ვიტყვი, რომ არაფერი გამოუვიდა, მაგრამ რაც გამოუვიდა, დიდი რამე არ ყოფილა, უფრო ცუდი იყო, ვიდრე კარგი...

ვფიქრობ, ამ მხრივ, დღემდე ბევრი ვერაფერი ბიჭები ვართ: ზონური დაცვა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საფეხბურთო კომპონენტებს, როგორიცაა ზონის ჩაკეტვა, დაზღვევა, კოორდინაცია, ბურთის და მეტოქის კონტროლი, აზროვნების და შესრულების სისწრაფე. ეს ყველაფერი ავტომატიზმამდე უნდა იყოს დაყვანილი, გაფიქრებისა და შესრულების თანხვედრამდე და...

ვერ ვახერხებთ ამას.

ეგებ, პერსონალური მიდგომა სჯობდეს? ამაში ხომ ძველმოდური ან სასირცხვილო არაფერია და დავალებაც გაცილებით გასაგები იქნება ჩვენი დაცვის ბიჭებისთვის. მით უმეტეს, თანამედროვე ფეხბურთში ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, ინდივიდუალური უპირატესობით ცდილობდეს ფონს გასვლას და პერსონალური მეურვეობისას პოზიციურ ბრძოლას რაც შეეხება, აქ მეტი შანსია, თანაგუნდელმა დაგაზღვიოს, ვიდრე ზონური დაცვისას - როცა ყველას თავისი ზონის "მუღამი კლავს".

ვიმეორებ: ეს არ არის რეცეპტი, ეს არის თემა განსჯისთვის.

უბრალოდ, როცა ათეული წლების მანძილზე გესმის ძოძუაშვილისა და ჯაიჩის, კეტაშვილისა და რომარიოს, ყიფიანისა და ბრუკინგის, კალაძისა და ფიგუს (კიდევ შეიძლება ჩამოთვლა) ორთაბრძოლების შესახებ, იმასაც ფიქრობ, რომ ეგებ ასეთი ვარიანტი ჯობია "ზონის კონტროლს"...

გასაგებია, რომ ამ ფორმაციის ნაკრებს გაცილებით მეტი პრობლემები აქვს ინდივიდუალური კარიერებიდან გამომდინარე, მაგრამ როცა ორ ფეხბურთელს მეტი გაქანება აღმოაჩნდება ხოლმე, ვიდრე შვიდს...

ამაზე ღიმილის ბიჭებიც აღარ იცინიან.

რაც შეეხება თამაშის რიტმიდან ამოვარდნას და სტაბილური სათამაშო კონცენტრაციის უქონლობას, ამაზე რბილი კატეგორიულობით რევაზ ძოძუაშვილმა თქვა "ლელოსთან" ინტერვიუში - ბიჭები ჯერაც ვერ არიან სათანადოდ პროფესიონალებიო...

- რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...

პროფესიონალიზმს ავტომატიზმამდე მისული მოქმედებები მოაქვს 90 წუთის განმავლობაში და კიდევ არითმიული თამაშის ცოდნა.

ვინ შეიძლება ეს მოახერხოს და თამაშის ტემპი აკონტროლოს სიტუაციიდან გამომდინარე? ჯერჯერობით, მხოლოდ ჯანო ანანიძემ - სამწუხაროდ, მხოლოდ ის იღებს ხოლმე უმეტესად სწორ გადაწყვეტილებებს და მომენტებიდან გამომდინარე, კონცენტრირებულია.

საშუალო დონეზე ამას ვაკო ყაზაიშვილი, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და ვაკო გვილიაც ახერხებენ, მაგრამ ეს "საშუალო" რომ არ არის საკმარისი, ტაბლო აჩვენებს.

მეტი ფიქრია საჭირო, თორემ ვაისი და ბიჭები რომ მუშაობენ, მჯერა.

ცალკე საკითხია ისიც, რომ ნაკრებში, თუნდაც ათდღიანი შეკრებით, ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. ასეთი შეკრება ორი ან სამი შეიძლება იყოს წელიწადში და დანარჩენი დრო?

განა, თითოეულმა მოთამაშემ სხვებზე ნაკლებად იცის საკუთარი მინუსები? განა, როგორ უნდა იმუშაონ, ესწავლებათ? ან იქნებ მაგალითებია ცოტა?

აგერ, ქართული, ფაჩულიასებური გავიხსენოთ - კაცი ათ წელზე მეტია ჩვენი კალათბურთის სიმბოლოდ იქცა და საშუალო მანძილიდან სროლების მასწავლებელს ეთხოვა დირკ ნოვიცკის.

პროფესიონალიზმიც ეს უნდა იყოს - სწორი ანალიზი და შრომის ნიჭი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ასეთი პროგრამა არსებობს და რამდენიმე დღის წინ აქ იდო წერილი:"ამ ტემპით წლები დაგვჭირდება, რომ უცხოელებს ფიზიკურ მომზადებაში დავეწიოთ", მაგრამ ფედერაციიდან არავინ დაინტერესებულა. რაღაც სხვა გვჭირდება და თუ ვინმემ იცის თქვას!
dragonfly-ს!
16 აპრილი 2017 17:21
0
იქნება გვთხრათ ის ფეხბურთელები რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ და ტან ნაკრებისთვის გამოდგება..სანამ ძლიერი ჩემპიონატი არ გვექნება არაფერი გამოვა.
პაატა
16 აპრილი 2017 14:41
0
ყველა ვცოდავთ ფეხბურთის წინაშე, მწვრთენელები ფეხბურთელები და ფეხბურთის მესვეურები, ჩვენ გვაკლია პროფესიონალიზმი და ნებისმიერ საკითხთან სწორი მიდგომები და შეფასებები რაც ერთ ერთი მნისვნელოვანი საკითხია,ერთმანეთს არ უსმენთ იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა გვაქვს დაკარგული!!!
dragonfly
16 აპრილი 2017 14:01
0
რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი რეალობა,აი აქ ვუშვებთ ყველა შეცდომას!არც ტრენერები უნდა შეურაცვყოთ არც ფეხბურთელები,გამოსავალი და გამოსწორება ფესვებიდან უნდა ვეზებოთ და დავიწყოთ,ამ ეტაპზე არც ერთ ნაკრებში და არც ერთ კუბში ჩამოყვანილი მწვრთნელები შეცდომაა! ჩვენ უნდა მოვნახოთ შევიმუშაოთ ჩევნზე მორგებული სისტემა და დავიწყოთ თადაუზოგავი მუშაობა!!! ეტაპობრივად უნდა განვითარდეს ყველაფერი და გზადაგზა დასკვნების შედეგად გავაგრზელოთ მუშაობა!!! ჩვენ გვჩირდება ისეთი უცხოელი სპეციალისტები რომლებსაც მუშობის დიდი გამოცდილება აქვთ და განვითარების პროგრამის ხელმზგვანელები,ვინც გაიარეს უკვე ჩენი გზა და განვითარდნენ!
dragonfly
16 აპრილი 2017 13:55
0
ნაკრებში "შინაური" ფეხბურთელების დაწინაურება რომ ხდება მათი ფასის ასაწევად,არა? ფაქტები გვინდა?
გიორგი78
16 აპრილი 2017 12:35
0
odala-ას ანუ იგივე უტუ მიქავას. რა უნდა გითხრა აბა!!! ერთს გეტყვი მხოლოდ. ძალიან ნუ დაიბოღმები ქართველების წარმატებებზე, თუნდაც ერთი ქართველის, ზაზას წარმატებეაზე, რადგან ბოღმა ძალიან ცუდი ავადმყოფობაა და თუ ძალიან დაიბოღმე, საბოლოო ჯამში გასკდები საპნის ბუშტივით. ზაზას კი NBA-ს ჩემპიონობას მალე მიულოცავთ ყველა შენს გარეშე.
gogi gogia
16 აპრილი 2017 10:48
0
odala, შე მართლა ოდალა!! რის თქმა გინდა, გაუგებარია. შენ სახელად არა ოდალა, არამედ ბოღმა უნდა დაირქვა, ზუსტად ესა ხარ. არა მგონია ქართველი კაცის ასე აზროვნებდეს, როგორი ბოღმითაც არ უნდა იყოიის შეპყრობილი. ნუ მოკლედ!! ... რა!!!
kako
16 აპრილი 2017 10:42
0
ზაზა ფაჩულია არის უდიდესი დონის პროფესიონალი უპირველეს ყოვლისა. მისი პროფესიონალიზმია ზუსტად მისი წარმატების ნიადაგი. თვითონაც კარგდ იცის რომ ნბა-ს დონეზე ის არის საშუალო მონაცემების მქონე ცენტრი რომელმაც უდიდესი მუშაობით და დისციპლინით, სწავლის და უკეთესობის წყურვილით მიაღწია წარმატებას. ამიტომ აფასებს მას ნბა-ის ყველა მწვრთნელი და გუნდი. ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა კი ზუსტად არაპროფესიონალური მიდგომით გამოირცევა საქმისადმი და ამის გამოა რომ ის ტალანტი რაც გააჩნიათ ეკარგებათ წყალში თუ გინდ ქინქლაძე იყოს მაგალითად. ყველას თავი ვარსკვლავი მიაჩნია და გუნდური თამაშის აზრზე არ არიან, თავისი პოზიცია არ იციან არც დაცვაში და არც თავდასხმაში.ამიტომ არის რომ ყაზაიშვილმა პასი ვერ გააკეთა, ჭანტურიამ ბარსელონის სკოლა გამოვლილი კიდევ ცალფეხა ფეხბურთს თამაშობს და მარჯვენა ფეხით პასი ვერ გაუკეთებია.... ბევრი შიძლება გავაგრძელ მაგრამ რა აზრი აქვს ვინმეს ესმის?
niko
16 აპრილი 2017 01:18
0
გადახედეთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა გვარებს.არა მგონია ვინმემ ეჭვი შეიტანოს მათ კვალიფიკაციასა და პროფე სიონალიზმში.აი ფეხბურთელების პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციის რა მოგახსენოთ.(3ჰა4ის გარდა)ასე რომ თავი და თავი ფეხბურთელები არიან და არა მწვრთნელი.როგორ გგონიათ გვარდიოლა ან სულერთია რომელიც გინდათ სუპერ მწვრთნელი რომ დანიშნონ შედეგი იქნება?
კახა ქირია
15 აპრილი 2017 23:28
0
ვაისი ცუდ დღეშია , ვერ აუღო ალღო ჩვენს დღევანდელ ანტიფეხბურთს (ჩემი აზრით ცხადაძე ჯობდა), მაგრამ რომელი ფეხბურთელი თამაშობს 90 წუთს თავის გუნდში ,ისეთები რომ ათამაშოს გინდაც ვაისმა , გინდაც მოურინიო მოიყვანეთ? შემახსენეთ ერთი რა . თანაც , ლეგიონერი.
ფაჩულიას დაუწუნეს აქ პროფესიონალიზმი და ეჭვქვეშ დააყენეს მისი დონე DDD - კარგით რა , ნუ აკადემიკოსობთ - ფაჩულიას დონე არ აქვს , პროფესიონალიზმი აკლია და ბიძინა ყიდულობს ადგილს NBA-ში ხომ ? კალაძესაც მილანში ბიძინა ეხმარებოდა თურმე, ნივებს ჩუქნიდა , 4 კარიანებს ბერლუსკონის და იმიტომ აყენებდნენ მილანში)))
gerchi
15 აპრილი 2017 21:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული