ომარ მიგინეიშვილი: მოდი, ალალად ვთქვათ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 7 და 11 ივნისს დაგეგმილი ამხანაგური (სენტ კიტსი და ნევისი, შინ) და შესარჩევი (მოლდოვა, სტუმრად) მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისს შეიკრიბება. გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იძულებული გახდა, შემადგენლობა შეეცვალა და ტრავმირებული გიორგი ლორიას ნაცვლად, ომარ მიგინეიშვილი მიეწვია.

"სამტრედიას" კარის დარაჯი ვაისის გადაწყვეტილებით გაოცებულიცაა და გახარებულიც...

- კარგი ამბავია, - გვითხრა მიგინეიშვილმა საუბრის დასაწყისში, - ჯერ ერთი, რომ ნაკრებში ვიქნები და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენიმე დღე კარგ საფარზე რომ ვივარჯიშებ (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და, ნაკრებში მოხვედრა ყოველთვის შანსია.

-
ეროვნულ გუნდში ბევრიც არ გითამაშია...

- სულ ორჯერ ვითამაშე და ორივეჯერ - ამხანაგურები: წლეულს იორდანიასთან და 2013 წელს ირლანდიასთან. მაშინ გიორგი ლორია გააძევეს და კარში 70 წუთი ვიდექი. რა თქმა უნდა, ნაკრებში ოფიციალური შეხვედრის ჩატარებაზე ვოცნებობ. მაგრამ ისეთი მეკარეები გვყავს და ისეთი კონკურენციაა, ალბათ, ეს ძალიან რთული იქნება. მაგრამ ვაისი რომ მენდობა, ეს უკვე სასიამოვნოა.

- შარშანდელი საჩემპიონო სეზონის შემდეგ "სამტრედიასგან" ბევრს ელოდნენ. არადა, გულშემატკივრის ნაწილი დიდად კმაყოფილი არ ჩანს...
- რა თქმა უნდა, სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მდგომარეობას ნელ-ნელა ვასწორებთ და სამეულში ვართ. შემადგენლობის შეცვლის შემდეგ ეს ცუდი შედეგი არ არის. ზაფხულში კი, როგორც მე ვიცი, რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ, გავძლიერდებით და დარწმუნებული ვარ, სულ სხვა "სამტრედიას" იხილავთ. საერთოდ, მიკვირს, "სამტრედიას" ჩავარდნისგან ასეთი აჟიოტაჟი რომ ატყდა.

- ქვეყნის ჩემპიონია, ყველა ევროსარბიელის საზომით გიყურებთ, სადაცაა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყება და რა გასაკვირია, რომ ასეთი აჟიოტაჟია?
- მე სხვა რამეს ვგულისხმობ. ჩავარდნა ყველა გუნდს ჰქონია და ექნება. შორს რომ არ წავიდეთ, წლევანდელი ჩემპიონატი "დინამომ" ისე ცუდად დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე უცებ გალიდერდებოდა. ახალ გუნდს შეთამაშების შანსი მისცეს. ჩავარდნა ჰქონდა "ჩიხურასაც" და ახლა ისევ ათამაშდა. პრობლემები ქუთაისის "ტორპედოსაც" შეექმნა და ისიც ლიდერებშია. ახლა საქმეები "ლოკომოტივს" აერია და დარწმუნებული ვარ, მალე ისევ ყველას გაამწარებს...

ანუ, ამით იმის თქმა მსურს, რომ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და აღმასვლა და ჩავარდნა ჩვეულებრივი ამბავია. კიდევ კარგი, რომ მდგომარეობა დროულად გამოვასწორეთ და კრიზისიდან გამოვედით.

- გუნდის რა გითხრათ და, წლეულს პირადად თქვენ გამორჩეულ სეზონს ატარებთ. მაისის ნომინაციებში საუკეთესოდ თქვენი ნახტომი დასახელდა...
- ალბათ, გამოცდილებამ თავისი მოიტანა, თავდაჯერებულიც გავხდი და თავადაც ვგრძნობ, რომ შარშანდელზე უკეთ ვთამაშობ.

- გონებიდან არ ამოდის, თბილისის "დინამოსთან" ბოლო წუთებზე ბაჩანა არაბულს 3 მეტრიდან დარტყმული რომ აუღეთ...
- ეს კი იყო კარგი ეპიზოდი, მაგრამ რაც ასაღები იყო, ის ვერ ავუღე - არაბულმა მაინც გამიტანა და წავაგეთ. დღემდე გული მწყდება, ასეთ კარგ თამაშში რომ დავმარცხდით. თუმცა, მისი ხარისხით და დაძაბულობით პირადად ძალიან ვისიამოვნე. ასეთი მეტი თამაში რომ გვქონდეს, ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნება.

- ათგუნდიანმა ფორმატმა ჩემპიონატის ხარისხზე უკვე მოახდინა გავლენა?
- ეს ყოველ ტურში იგრძნობა. ჩემპიონატი მაგარი საინტერესო და დაძაბული გახდა...

სხვათა შორის, "დინამო"-"სამტრედიას" თამაშის შემდეგ ვფიქრობდი - ყველა გუნდს 2-მილიონიანი ბიუჯეტი მაინც რომ ჰქონდეს, სამ-ოთხს კი "დინამოს" მსგავსი პირობები, ძალიან კარგი ჩემპიონატი გვექნებოდა, დონე საგრძნობლად აიწევდა...

- თქვენი აზრით, ეს რეალურია?
- რეალურია თუ არა, ამაზე ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ მე პოტენციალს ვგულისხმობ - წლევანდელ ჩემპიონატში რამდენი სენსაციური შედეგიც დაფიქსირდა, ამდენი წინა ხუთ სეზონში ერთად აღებული არ მახსენდება. გუნდებში პოტენციალი ჩანს, მაგრამ მათ პირობები და სტაბილურობა სჭირდებათ.

- სენსაციების სიმრავლეს რას მიაწერ?
- იმას, რომ ფეხბურთელები სხვაგვარ აზროვნებას შეეჩვივნენ. ახლა ყველამ იცის - გუნდი რაც უფრო მეტს მოიგებს, მით მეტ პრემიასაც მიიღებს და წლის ბოლოს ასაღები ფულის იმედად თავს იკლავენ. შევეშვათ ქედმაღლობას და ალალად ვთქვათ - ფეხბურთს რატომ ვთამაშობთ? სახელისა და კეთილდღეობისთვის. ოჯახი ყველას გვყავს, რომელსაც ფეხბურთით ვარჩენთ და გვინდა, რაც შეიძლება უკეთ ვიცხოვროთ. პრემიალურ სისტემაზე გადასვლა კი ამის საშუალებას წარმატებული გუნდის მოთამაშეებს მისცემს. ამიტომ, ყველა მონდომებულია, აუტსაიდერებიც კი.

- წლევანდელი ჩემპიონატი ადრინდელზე უკეთ შუქდება. მაგრამ დავაზუსტოთ - მეტი "პიარის" გამოა ეს აჟიოტაჟი, თუ დონეა უკეთესი?
- რა თქმა უნდა, აჟიოტაჟი შეიქმნა, რადგან გაშუქება და ინტერნეტში ჩვენება თავის საქმეს აკეთებს. თავად ფეხბურთელებიც უყურებენ, ვის გამოარჩევენ, ვინ გახდება საუკეთესო და ასე შემდეგ...

10-გუნდიან ჩემპიონატში ვერც ერთ გუნდთან ვეღარ "გაისეირნებ", ყველა შეხვედრას ფასი დაედო და ეს დონესაც ოდნავ, მაგრამ მაინც დაეტყო. თამაშებზე უფრო მეტი ხალხი რომ არის, ვიდრე წინა სეზონში იყო, ესეც ფაქტია.

- მაგრამ სამტრედიაში მაყურებელმა იკლო, რაც ყველაზე უცნაურია...
- ჩვენთან იმდენი მაინც დადის, რაც ბევრგან სანატრელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტადიონის ტრიბუნები ისევ შეივსება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ, გავძლიერდებით და დარწმუნებული ვარ, სულ სხვა "სამტრედიას" იხილავთ. საერთოდ, მიკვირს, "სამტრედიას" ჩავარდნისგან ასეთი აჟიოტაჟი რომ ატყდა.


მაგარი უნამუსო ყოფილხარ ძია ომარ შენ და ალბათ ამ სიტყვების მერე არც კლუბში უნდა გაჩერდე,აბა რეებსა რომ ბჟუტურებ 32 წლის კაცი?
jarji22
16:38 04-06-2017
0
გაძლიერება რო უნდა გუნდისდა განახევრებული შემადგენლობით რო გუნდი ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს ამაში ცუდი ნათქვამი რა არის ?
lashari
20:56 04-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული