ხორვატიასთან მატჩისთვის მზადებას ქომაგებიც იწყებენ

AutoSharing Option
საქართველო-ხორვატიის ეროვნული ნაკრებების 26 მარტის მატჩმა ქართველ გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ემზადებიან "ქართული სპორტის ქომაგებიც". მათ გუშინ “ვარდების მოედანზე” პრესკონფერენცია გამართეს, რომლის შემდეგაც 2 ჯგუფად (დასავლეთის და აღმოსავლეთის) გაიყვნენ და კომპანია "ნატახტარის" მხარდაჭერით რეგიონებში გაემგზავრნენ.

დასავლეთის ჯგუფის მარშრუტი ასეთია:
17 მარტი, ხუთშაბათი: თბილისი-გორი-ბათუმი;
18 მარტი, პარასკევი: ბათუმი-ლანჩხუთი-ფოთი-ზუგდიდი;
19 მარტი, შაბათი: ზუგდიდი-სენაკი-სამტრედია;
20 მარტი, კვირა: ქუთაისი-ზესტაფონი.


აღმოსავლეთის ჯგუფის მარშრუტი:
17 მარტი, ხუთშაბათი: თბილისი-ბოლნისი-მარნეული;
18 მარტი, პარასკევი: ახმეტა-ყვარელი-თელავი.

მიზანი რაიონებში გულშემატკივართა აქტიურ ჯგუფებთან შეხვედრა, გაერთიანების გეგმების გაცნობა და 26 მარტს 26-ე სექტორიდან
ეროვნული ნაკრების ორგანიზებული გულშემატკივრობაა. მატჩზე დასწრება ბევრ ადამიანს სურს, მათ შორის რეგიონებში მაცხოვრებლებსაც, "ქართული სპორტის ქომაგები" კი მათ ორგანიზებულ თანადგომას აპირებენ.

რატომ მაინცდამაინც ეროვნული სტადიონის 26 სექტორი? დაარსების დღიდან, "ქართული სპორტის ქომაგები" სწორედ იქ იკრიბებიან. რეგიონებიდან ჩამოსულ გულშემატკივრებს კი ამ სექტორის 10-ლარიანი ბილეთების დაჯავშნით დაეხმარებიან, საჩუქრად გადასცემენ "ქომაგის" თეთრ მაისურებს, რომელთა დამზადებაშიც ისევ კომპანია "ნატახტარი" ეხმარებათ. ასე თბილისელი და რაიონებიდან ჩამოსული გულშემატკივრები სოლიდურ ძალად გაერთიანდებიან და ნაკრებსაც ომახიანად უქომაგებენ - ძალა ხომ ერთობაშია.

ამას გარდა, "ქართული სპორტის ქომაგები" ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრასაც აპირებენ, რათა თამაშის დღეს ქომაგებს გამოუყონ უფასო ავტობუსები და მატჩზე დასწრების მსურველებს თბილისში და უკან ტრანსპორტირებაში დაეხმარებიან.

“მატჩამდე რეგიონებიდან ჩამოსული ავტობუსები და ავტომანქანები მცხეთაში შეიკრიბება, საიდანაც თბილისისკენ ტრადიციულ მსვლელობას მოვაწყობთ. საღამოს, მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე კი 26-ე სექტორში შევიკრიბებით. ჩვენი მიზანი 26 მარტს ჩვენს სექტორში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შეკრებაა, რომელიც ტრიბუნას “ქომაგების” თეთრი მაისურებით გადაათეთრებს და შექმნის ისეთ ატმოსფეროს, რომელსაც მთელი სტადიონი აყვება”, - გვითხრა "ქართული სპორტის ქომაგთა" ერთ-ერთმა ლიდერმა ამირან ურუშაძემ.





.
მკითხველის კომენტარები / 8 /
"მობილიზება იწყება
გამოდით ყველა სახლიდან,
ჩვენი ნაკრების ტრიუმფი
იწყება ახლა თავიდან.

თან წამოიღეთ დროშები
ბევრი საყვირი, ტატამი,
ხორვატებს ერთად ვაჭამოთ
ქართული ჯიშის ატამი.

ერთად ვიყვიროთ სამშობლო
ერთურთ ჩავჭიდოთ ხელები,
ისე მიყვარხართ ქართველნო
სუყველას შემოგევლებით.

ჰიმნი ვიმღეროთ ხმამაღლა
სისხლმა იჩქეფოს ძარღვებში,
წამოიყვანეთ სტადიონზე
დები, ძმები და ბავშვები.

გოლს რომ გავიტანთ ეს მჯერა
ვიგრძნობთ უდიდეს ჟრუანტელს,
ჩემი ლამაზი სამშობლო
მინდა რომ ყველას უყვარდეს."
ედემი
12:43 18-03-2011
0
მარცვალაძეს თუ ათამაშებს ძირითადში, მოვიგებთ.
buti-47
13:16 18-03-2011
0

სიახლეები პოპულარული