ალექსანდრე იაშვილი: ხორვატებთან ჩვენი პლუსი განწყობა და სავსე ტრიბუნები იქნება

AutoSharing Option
“კარლსრუეს” კაპიტანი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე იაშვილი ხორვატიასთან მატჩზე, რამდენად რეალურია თბილისის “დინამოში” მისი დაბრუნება და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრა.

- მოახლოვდა სანაკრებო მატჩები და, ცხადია, გვაინტერესებს, როგორ ფორმაში ხვდები 26 მარტს?
- საბედნიეროდ, ჯანმრთელად ვარ და ვფიქრობ, თამაშს ნორმალურ ფორმაში ვხვდები. კარგი განწყობითაც ჩამოვედი, რადგან ბოლო დროს “კარლსრუე” შედარებით უკეთ ათამაშდა. თუმცა ბოლო ტურში დიდი ანგარიშით წავაგეთ. მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სანაკრებო შეხვედრებია, ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

- კვლავ დაიწყო ის სანაკრებო აჟიოტაჟი, რაც ბოლო ორ ციკლში ჩამცხრალი
იყო. გულშემატკივარი მხოლოდ მოგებას ითხოვს. ეს ფეხბურთელებზე უარყოფით გავლენას ხომ არ მოახდენს?
- არა მგონია. მედიისა და გულშემატკივართა ამბავი გასაგებია, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი ფსიქოლოგიური განწყობა იქნება. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ხორვატებს ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ, ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობენ და მათი ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე ადვილია დაასკვნა, რომ უმძიმესი შეხვედრა გველის. თუმცა ჩვენი ბოლო შეხვედრებიდან გამოჩნდა, რომ უშანსოდ არც ჩვენ ვართ. იმიტომ, რომ ჩვენ მართლა ერთი გუნდი ვიყავით, ერთი რომ ცდებოდა, მეორე შეცდომას ასწორებდა. ეს იყო ჩვენი უდიდესი პლუსი და თუ ხორვატიასთანაც ასე ვითამაშებთ, ჩვენი დამარცხება ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა, ვიმეორებ, ძალიან სერიოზული მეტოქეა და ბავშვური ლაპარაკი იქნება, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

- ხორვატია-ისრაელთან დადებით შედეგად რას მიიჩნევ?
- მთავარია, წარმატებას ხორვატიასთან მივაღწიოთ და ისრაელზე მერე ვილაპარაკოთ. 29 მარტის მატჩზე ჯერ არც ვფიქრობ. ისე, მოედანზე ყველა მოწინააღმდეგესთან წარმატების მისაღწევად გავდივართ. ვნახოთ, ახლა რა გამოვა.

- თამაშისას ყველა ნიუანსს მნიშვნელობა აქვს. ეროვნული სტადიონის საფარი კი მომჯობინდა, მაგრამ ხავერდოვანიც არ არის. შენი აზრით, ეს ჩენთვის უფრო ხელშემწყობი ფაქტორი იქნება თუ ხორვატებისთვის?
- როგორც მითხრეს, ეროვნული სტადიონის საფარი ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე გასულ წელს იყო. ეს უკვე კარგია, რადგან კარგი საფარი უკეთესი ფეხბურთის ჩვენებაში ორივეს დაგვეხმარება.

- მაგრამ სწრაფი ხორვატებისთვისაც მისწრება იქნება.
- ხორვატებს ეს პლუსი ნამდვილად აქვთ, მაგრამ თამაშისას გამოჩნდება, მოედანი ვის უფრო შეუწყობს ხელს. მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ. თანაც, ეროვნულ სტადიონზე მხოლოდ მოედნის ფაქტორი არ იმოქმედებს, გასათვალისწინებელია მაყურებლის რაოდენობაც. 26 მარტს სტადიონი თუ შეივსება, ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.

- ყველა სტადიონის გავსებას ელის.
- სხვათა შორის, ჩვენი მიზანი თავიდანვე სტადიონის გავსება იყო. თემურ ქეცბაიაც სულ ამას ამბობდა, ხალხი სტადიონზე უნდა დავაბრუნოთო. ეს ურთულესი შეხვედრა სწორედ ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერით უნდა გადავიტანოთ. რაც უნდა ძლიერი ნაკრები ჩამოვიდეს, სავსე ეროვნულ სტადიონზე თამაში ყველას გაუჭირდება.

- ხორვატიის ნაკრებში რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი.
- ბევრი ძლიერი და ცნობილი ფეხბურთელი ჰყავთ, მლადენ პეტრიჩი “ჰამბურგიდან”, ლუკა მოდრიჩი და ნიკო კრანჩარი “ტოტენჰემიდან”, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მარტო ბუნდესლიგაში შვიდი ხორვატი თამაშობს. კარგი ისაა, რომ ოლიჩი ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი განწყობა და თამაში იქნება.

- საკლუბო კარიერაზეც გკითხავ. “კარლსრუეში” როდემდე რჩები?
- კონტრაქტი ორი სეზონის შემდეგ მიმთავრდება.

- კარიერის დასრულების შემდეგ გერმანიაში აპირებ საქმიანობას?
- გერმანიაში დასახლებას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ. როგორც კი თამაშს დავასრულებ, საქართველოში დავბრუნდები. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.

- მაგრამ შენი სიტყვები ისე უნდა გავიგოთ, რომ კარიერის დასრულებას გერმანიაში აპირებ.
- ალბათ, ასეც იქნება.

- ცოტა ხნის წინ თბილისის “დინამოს” დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გვითრხა, რომ სიამოვნებით იხილავდა გუნდში იაშვილს, კობიაშვილს, ასათიანს...
- სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ საქართველოს ჩემპიონატში დავბრუნდებოდი...

- “დინამოს” ახალი ხელმძღვანელები სწორედ შენნაირი გამოცდილი და ავტორიტეტული ლეგიონერების ჩამოყვანაზე ფიქრობენ. კარგი პირობები რომ შემოგთავაზონ, მაინც არ დაბრუნდები?
- “დინამოში” გამოცდილი ფეხბურთელის დაბრუნება კარგი იქნება. არც ვიცი, დაბრუნება რომ შემომთავაზონ, რა პასუხს გავცემ, მაგრამ ფეხბურთში და ცხოვრებაში არასოდეს თქვა არასოდეს. დაბრუნებაზე არც მიფიქრია, მაგრამ ახლა არც ვიცი, რა გითხრათ. ახლა ჩემი საფიქრალი ეროვნული ნაკრების შეხვედრებია.






.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი იქნება თუ იაშკა, კობი და სხვები დაბრუნდებიან დინამოში ან რომელიმე ქართულ გუნდში. მათ მატერიალური მხარე ისე აღარ ადარდებთ, როგორც აქაურ ფეხბურთელებს. თანაც ის ბოლო წლები რაც ფეხბურთში უნდა გაატარონ მაინც უცხოეთის შედარებით დაბალი დონის გუნდებში მოუწევთ თამაში და არც ანაზღაურება ექნებათ კოლოსალურად დიდი. გასაგებია, რომ დიდი მსხვერპლის გაღებაა იმ თანხებზე უარის თქმაც, მაგრამ არამგონია დინამომაც ცოტა შესთავაზოს. მარტო ნაკრებში თამაშით, ქვეყნის ფეხბურთს ვერ გამოადგები... ერთი წელი მაინც რომ დაუთმონ ქართულ ფეხბურთს, ეს დიდი ვაჟკაცობა იქნება და ეროვნულ ჩემპიონატს ბევრად წინ წაწევენ... გამოცდილებას გაუზიარებენ და მათგან ბევრს ისწავლიან აქაური ფეხბურთელები. ამით სხვათა შორის ნაკრებსაც წაადგებიან. რადგან უფრო კარგად და ადვილად შეთამაშდებიან ერთმანეთში. ნაკრების დონე ეროვნული ჩემპიონატის დონეზეა დამოკიდებული. კალაძესაც შეუძლია გენუაზე თქვას უარი. მემგონი ზესტაფონის ან დინამოს მიმართ უფრო მეტი სიყვარული აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს, ვიდრე უცხოური B კატეგორიის გუნდებისა. ნემსაძემ ყველას მშვენიერი მაგალითი მისცა და იმედია სხვებიც გაიმეორებენ მის ვაჟკაცურ და პატრიოტულ ნაბიჯს. გახსოვთ, ალბათ ის რომ დინამოში დაბრუნდა, იმ წელს გავიდა პირველად უეფას თასზე დინამო და კარგადაც ითამაშა. (ეს გეგუჩაძის დამსახურებაც იყო, მაგრამ ნემსაძემ ძალიან გააძლიერა მაშინ დინამო.) მოკლედ ყველას ძალიან გაგვახარებენ ჩვენი წარმატებული ფეხბურთელები, თუ ბოლო წლებს ფეხბურთში აქ, საქართველოში გაატარებენ. ეს მართლაც აამაღლებს ეროვნული ჩემპიონატის დონეს. ბიზნესმენებიც უფრო დიდ ფულს ჩადებენ და დაინტერესდებიან ქართული ფეხბურთით, რადგან ფეხბურთის დიდი ავტორიტეტები უკვე ჩვენს გუნდებში იქნებიან. ეროვნული ჩემპიონატის გარეშე ვერ ამაღლდება ნაკრების კლასი და დონე. იაშკა, კობი, კახა, ასკა, სირაძე,... გელოდებით საქართველოში! ძალიან გაგვახარებთ გულშემატკივრებს! გთხოვთ, დაფიქრდით ამაზე.
bb king
19:05 24-03-2011
0
გაუმარჯოს. ვკითხულობ შენს სტატიებს მამულიშვილო. მიცანი? უნივერსიტეტიდან ვარ შენი კურსელო...
Avto Khoperia
23:47 22-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული