ეროვნული "ეროვნულზე" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ, საღამოს გუნდმა ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა. მოთელვის, კვადრატებისა და კომბინაციების დამუშავების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გუნდი ორად გაყო და ორკარა ათამაშა.

მასში არ მონაწილეობდა კახა კალაძე, რომელიც იტალიიდან 21 მარტს ჩამოვიდა. მისი თამაში ჯერ კიდევ საეჭვოა. კახას კლუბი “ჯენოა” საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას მის დასვენებას სთხოვს, კუნთი აქვს დაჭიმულიო, მაგრამ კახამ გუშინ მსუბუქად მაინც ივარჯიშა და გასახდელს მალევე მიაშურა. როგორც გვითხრეს, ეროვნული ნაკრების კაპიტნის მდგომარეობა უიმედო არ არის, მაგრამ ექიმები ჯერ გადაჭრით ვერ
ამბობენ, შეძლებს თუ არა ხორვატიასთან თამაშს. იმედს მატჩამდე დარჩენილი სამი დღე გვიტოვებს.

ნაკრებს შეუერთდა ბერძნული “პანიონიოსის” მცველი დავით კვირკველიაც. გუშინ ნაკრებში არ უვარჯიშიათ მხოლოდ რუსეთის პრემიერლიგაში დასაქმებულ მოთამაშეებს - საღამოს ჩამოფრინდნენ ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” სამეული: ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა და ოთარ მარცვალაძე. ასევე მახაჩყალის “ანჟის” მეკარე ნუკრი რევიშვილიც. მათ დილით ელოდნენ, მაგრამ რეისი საღამოსთვის გადაიდო და ეროვნულზე ვარჯიში ვეღარ მოასწრეს.

სასიხარულოა, რომ ნუკრი რევიშვილი რუსეთის პრემიერლიგის “ანჟის” ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად თამაშობს. ქართველმა მეკარემ ბოლო ტურში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” ორი გოლი კი გაუშვა, მაგრამ რობერტო კარლოსის და დიეგო ტარდელის გუნდში საუკეთესო შეფასება სწორედ მან დაიმსახურა. ნუკრი საკონტროლო შეხვედრებშიც მთავარი მწვრთნელის, გაჯი გაჯიევის ფავორიტი იყო და, ცხადია, ეს ძალიან გვაიმედებს, რადგან რუსეთის პრემიერლიგა საკმაოდ პრესტიჟული გახდა, ასეთ დონეზე კი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ქართველ მეკარეს კარგა ხანია, არ უთამაშია. თბილისის “დინამოს” და “ზესტაფონის” მეკარეებიც, გიორგი ლორია და როინ კვასხვაძე მშვენიერ ფორმაში არიან და იმედი ვიქონიოთ, რომ ქეცბაიას ამ პოზიციაზე არჩევანი აქვს.

“ანჟისა” და “ვოლგას” ფეხბურთელებთან ერთად ჩამოფრინდა ჯანო ანანიძეც. თბილისში გაირკვევა, ბოლოს და ბოლოს რა სჭირს მოსკოვის “სპარტაკის” შემტევ ნახევარმცველს, სერიოზულია თუ არა მისი ტრავმა და რამდენად შესაძლებელია ხორვატებთან მისი მოედანზე გასვლა. თუმცა გუშინ გვითხრეს, ჯანოს მართლა კოჭის მყესი აქვს გაწყვეტილი და მისი თამაში გამორიცხულიაო. თუმცა ვნახოთ, იქნებ, ასე მძიმედ არ იყოს საქმე.

დაბოლოს: მართალია, თავდაპირველად თემურ ქეცბაია გუნდის წვრთნას ტექნიკურ ცენტ “ბასაში” აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ გეგმა შეიცვალა და გადაწყდა, რომ ნაკრები დღესაც ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს.







.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მივმართავ ქართული სპორტის ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს.
რა ეღირება ერთ ბანერზე რო დემეს სურათი გაკეთდეს და ხორვატიასთან სტადიონზე გამოიფინოს? იკისრებთ ქომაგები? ბარემ ორგანიზებული ჯგუფი ხო გაქვთ შექმნილი და თქვენთვის ადვილი იქნება ამის გაკეთება. გამოაცხადეთ შეხვედრის დრო და ადგილი. არ დაიმსახურა დემემ, რო რამენაირად მაინც დავუდგეთ გვერდში? დაიწყეთ და ძალიან ბევრი ხალხი შემოგიერთდებით(ფულსაც შევაგროვებთ), თორე სირცხვილია, რაც ხდება და ეგ კაცი როცა იქნება, გამოვა ციხიდან და მერე ვიცი, რამდენი "გულშემატკივარი" გამოუჩნდება. აი, ეგ იქნება კიდე უფრო დიდი სირცხვილი. ეხლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა და მოდით, ნამუსიანად მოვიქცეთ. სამუდამო სირცხვილი არ ავაკეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიას. დემემ ბევრი სიხარული მოგვიტანა და მოვიქცეთ კაცურად.
გაუმარჯოს სიმართლეს, ქართულ ფეხბურთს და ყველა კაი კაცს!
დათო
23:51 23-03-2011
0
ფრესაც თუ მივაღწევთ მაგარი იქნება, გთხოვთ დადეთ ინფორმაცია, რას წერს ამ მატჩის შესახებ ხორვატული პრესა, მათი მედია, კომენტარები, საინტერესოა, მადლობთ
დათო
11:04 23-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული