ალეკო ამისულაშვილი: რატომ არ შეიძლება სენსაცია საქართველოს ნაკრებმა მოახდინოს?

AutoSharing Option
რას ფიქრობენ ნაკრების ფეხბურთელები ხორვატიასთან მატჩზე? ამის თაობაზე ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს კომენტარი ჩამოვართვით.


ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი შეხვედრა ლევან კობიაშვილმა ჩაატარა, რომელიც მეორე ბუნდესლიგის “ჰერტაში” გამოდის და მოწინააღმდეგის ბევრ ფეხბურთელს კარგად იცნობს.

- ხორვატიის ნაკრებში ბევრი ბუნდესლიგელია. თქვენი აზრით, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ მათ?
- ჩემი ლაპარაკი ზედმეტია, ყველამ ვიცით, რა ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოგვიწევს თამაში. მიმაჩნია, რომ შემადგენლობის მხრივ არა მხოლოდ ჩვენს ჯგუფში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია.

რთული მატჩი გველის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენც თავდაჯერებულები ვართ, რადგან კარგა
ხანია, სწორ გზაზე ვდგავართ და იმედია, შაბათსაც ასე გავაგრძელებთ.


ალეკო ამისულაშვილი, რომელიც ახლახან რუსეთის პრემიერლიგის “კრასნოდარში” გადავიდა და იქ კაპიტნად დანიშნეს, იმედიანად არის განწყობილი:

- ხორვატია ჩვენს ჯგუფში საუკეთესო გუნდია და ძალიან რთულ შეხვედრას ველით. თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, საჩვენო შედეგს რომ მივაღწიოთ. ეს დამოკიდებული იქნება გულშემატკივარზეც. თუ სტადიონი ბოლომდე გაივსება, დიდი ძალა შეგვემატება. ბოლოს მალტას შინ ძალიან დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით რომ მოვუგეთ, ამაში უდიდესი როლი სწორედ გულშემატკივარმა ითამაშა, რომელიც ბოლომდე დარჩა და გვიერთგულა. ჩვენც ძალა მოგვეცა და ამიტომაც მოვიგეთ.

- გულახდილად რომ ვთქვათ, ევროპაში ფავორიტად ხორვატიას მიიჩნევენ.
- დიახ, მიიჩნევენ, მაგრამ მე მაინც იმას ვფიქრობ, რომ ხორვატია ფავორიტი მხოლოდ ფურცელზეა, რეალური ფავორიტი კი მოედანზე გამოჩნდება. ფეხბურთი იმით არის კარგი, რომ წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, შეიძლება, ფავორიტიც დამარცხდეს. ამიტომაც ვფიქრობ: რატომ არ შეიძლება სენსაცია საქართველოს ნაკრებმა მოახდინოს?

- ხორვატიას მშვენიერი თავდასხმა ჰყავს, მაგრამ დააკლდათ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ივიცა ოლიჩი.
- რა თქმა უნდა, ოლიჩის არყოფნა ჩვენი მეტოქისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ არა მგონია, ეს ხორვატებისთვის კატასტროფა იყოს, რადგან ბევრი მაღალი კლასის თავდამსხმელი ჰყავთ და შემცვლელს მოუძებნიან. შეიძლება, ოლიჩის არყოფნა მათ კოზირადაც იქცეს, მისი შემცვლელისთვის ეს დამატებითი სტიმულიც იქნება, რადგან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. თუმცა არავინ ვიცით, 26 მარტს რა მოხდება. იმედი მაქვს, რომ შეხვედრა საჩვენო შედეგით დასრულდება.


აკაკი ხუბუტიამ სანაკრებო შეხვედრისთვის მზადება და კლუბში თამაში რა ხანია დაიწყო - ერთი თვეა, რუმინეთის ჩემპიონატში მისმა “გაზ-მეთანმა” ხუთი შეხვედრა გამართა და ლიდერთა სამეულს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

- ნაკრების ბევრი სხვა წევრისგან განსხვავებით, სეზონი საკმაოდ ადრე დაიწყე.
- დიახ, რუმინეთში სეზონი თებერვლის დასაწყისში განახლდა, ხუთი თამაში ჩავატარე და ვფიქრობ, ურიგო ფორმაში არ უნდა ვიყო.

- ნაკრებში ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარე. ეს საკმარისია თანაგუნდელებთან შესათამაშებლად?
- პირველი შეხვედრა სლოვენიასთან იყო და, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, სომხეთთან კი ბევრად უფრო თავისუფლად ვითამაშე, არანაირი დაძაბულობა არ მიგვრძნია. საერთოდ, მოედანზე რომ გავდივარ, ნერვიულობა არ მახასიათებს, ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ იბრძოლო და გუნდი არ დააღალატო.

- “გაზ-მეთანში” როდემდე აპირებ დარჩენას?
- კონტრაქტი ერთ წელიწადში მიმთავრდება, მაგრამ უკვე სერიოზულ კლუბებზეა ლაპარაკი.

- მოდი, დავაკონკრეტოთ: ზამთარში მოლაპარაკება თბილისის “დინამოსთან” გქონდა.
- ლაპარაკი იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც რუმინეთში დავრჩი.

- საქართველოში ჩამოსვლა არ გსურდა?
- ევროპაში, საკმაოდ ძლიერ ლიგაში ვთამაშობ და ასე იოლი არ არის უკან დაბრუნება. თანაც საკმაოდ საინტერესო ევროპული კლუბები მიწვევენ. სეზონის დასრულების შემდეგ შეიტყობთ, რომელი მათგანი უფრო რეალურია.

- მაშინ ჩვენს ინფორმაციას გადავამოწმებთ: რამდენად მართალია, რომ ათენის აეკ-ში გიწვევენ?
- იცით, უფრო რეალური წინადადებებიც მაქვს.

- ხორვატიასთან მატჩზე რას იტყვი?
- ურთულესი შეხვედრა გველის, მაგრამ ჩვენი გუნდის სულისკვეთება და ბიჭების საქმისადმი მიდგომა მაიმედებს. დარწმუნებული ვარ, მატჩის ბედის გადაწყვეტა ჩვენს ერთიანობას შეუძლია.






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ ; არ გვინდა ბევრი ბაქი-ბუქი' მოსაგები უნდა მოვიგოტ და წასაგები არ წავაგოტ.სწორედ ამ განწყობიტ უნდა გავიდეტ მინდორზე; და რაც ყველაზე მტავარია; ტქვენს უკან საკარტველო დგას.ტავი არ shეირცხვინოტ.
levani kaxetil
15:20 23-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული