დადო პრშო: ქართველებს პატივს ვცემთ, მაგრამ მათგან 6 ქულა გვსურს!

AutoSharing Option
26 მარტს გასამართი საქართველო-ხორვატიის მატჩის წინ ვნებათაღელვა ჩვენი მეტოქის ბანაკშიც პიკს აღწევს და მოსაზრებები მრავლად გამოითქმის. პროგნოზებში უპირატესობას, რა გასაკვირია და, ჩვენ მეტოქეს ანიჭებენ - თუმცა რა და როგორ იქნება, ამას მაინც თამაში გვიჩვენებს.

მანამდე კი მომავალ შეხვედრაზე ხორვატიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმაც, დადო პრშომაც ისაუბრა, რომელსაც სწამს, რომ ტალანტი სლავენ ბილიჩის გაწვრთნილი გუნდი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე მისი საფეხბურთო კარიერის დროს იყო და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ნაკრებთან ორივე მატჩში 6 ქულის აღებას იმედოვნებს.

"ჩვენ ძალიან კარგი გუნდი და ძლიერი
მწვრთნელი გვყავს, რომელმაც გარშემო საჭირო ხალხი შემოიკრიბა. ბილიჩი ხომ ტალანტია და ირგვლივაც კომპეტენტური სპეციალისტები ახვევია.

ბილიჩს პოსტის დატოვება თავაწეულს შეეძლება - მან ნაკრებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, რაც მის მემკვიდრეს სამუშაოს გაუიოლებს. მის ხელში გუნდმა გამორჩეული სათამაშო მანერა შეიძინა, გუნდში კი ახალგაზრდები მოიყვანა, რომლებიც მუდმივად პროგრესირებენ. ისღა დაგვრჩენია, ბილიჩს წარმატებები მივულოცოთ", - განაცხადა პრშომ უეფას ოფიციალურ საიტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კარიერადამთავრებულმა ფეხბურთელმა, რა თქმა უნდა, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველო-ხორვატიის მომავალ მატჩებზეც ისაუბრა. მისი თქმით, როგორც 26 მარტს თბილისში, ისე 4 ივნისს სპლიტში, ხორვატები ქულათა მაქსიმუმს აიღებენ.

"ამოცანა ძალიან მარტივია - ჩვენ ექვსი ქულა გვინდა! მე ორ ქართველთან მითამაშია და ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი უყვართ. სიფრთხილე გვმართებს. ექვსი ქულის საკუთარ გრაფაში, ფურცელზე დაწერა იოლია, მაგრამ საქმეში ასეთი გუნდები არცთუ იშვიათად სთავაზობენ მეტოქეებს სიურპრიზებს.

ერთი სიტყვით, უნდა ვიფრთხილოთ - საქმე ძლიერ ნაკრებთან გვაქვს, რომელიც საკადრის პატივისცემას იმსახურებს, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც ექვსი ქულაა", - აცხადებს ერთ დროს "გლაზგო რეინჯერსში" შოთა არველაძის თანაგუნდელი.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული