თავი ქართველებმა იმტვრიონო

AutoSharing Option
ხორვატიის ეროვნული ნაკრები თბილისს ხვალ, დღის 3 საათზე ჩარტერული ავიარეისით ესტუმრება. საქართველოში გამომგზავრებამდე კი სლავენ ბილიჩის გუნდი ზაგრებში ვარჯიშობს.

ბილიჩს თითქმის ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ჯანზე ჰყავს, გამონაკლისია მხოლოდ ედუარდო, რომელიც ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და ჯერ არ გარკვეულა, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრებთან თამაშს. დონეცკის “შახტარის” ფორვარდი საუკეთესო შემთხვევაში, ალბათ, შეცვლაზე თუ ითამაშებს. იდეალური არც კიდევ ერთი თავდამსხმელის, ნიკიცა იელავიჩის მდგომარეობა იყო, მაგრამ მან სრული დატვირთვით წვრთნა უკვე განაახლა.

ხორვატთა გუშინდელმა პრესკონფერენციამ ბილიჩის გარეშე ჩაიარა. მედიის წინაშე მისი ასისტენტი ნიკოლა იურჩევიჩი
და ორი ფეხბურთელი, “სევილიას” პლეიმეიკერი ივან რაკიტიჩი და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მარცხენა მცველი ივან სტრინიჩი წარდგნენ.

პრესკონფერენციამ ათიოდე წუთს გასტანა და ძირითადად იურჩევიჩმა ილაპარაკა. “ყველაფერი რიგზე გვაქვს, გუნდში იდეალური განწყობაა და თბილისში მოსაგებად მივდივართ. ამ მატჩის მნიშვნელობა ყველას ძალიან კარგად გვესმის და ბიჭებს განსაკურებული მოტივირება არ სჭირდებათ”, - თქვა მან.

კითხვაზე, რას დაუპირისპირებთ საქართველოს ნაკრების ტაქტიკასო, იურჩევიჩმა მიუგო, დაე, ქართველებმა ეძებონ ჩვენი განეიტრალების გზებიო...

ხორვატიულ პრესაში ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელისა და მიმდინარე შესარჩევ ციკლში გუნდის საუკეთესო ბომბარდირის (4 გოლი), ნიკო კრანჩარის კომენტარიცაა გამოქვეყნებული.

“საქართველოს ნაკრები სულაც არ არის იოლად დასამარცხებელი გუნდი, ამის გაკეთება განსაკუთრებით ძნელი თბილისში იქნება, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ამ მატჩში სამი ქულის მოპოვების ძალა შეგვწევს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ საქართველოზე უკეთესი გუნდი გვყავს. ცხადია, ამას მოედანზე დამტკიცება სჭირდება. თბილისში გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ”, - ამბობს კრანჩარი.

საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, ხორვატია მარტში მხოლოდ ერთ შესარჩევ მატჩს ჩაატარებს, მაგრამ 29 მარტს უქმად არ იქნება - საფრანგეთში ჩავა და “სამფეროვნებს” ამხანაგურად გაეჯიბრება.

სლავენ ბილიჩისთვის თბილისური მატჩი ამჟამინდელ პოსტზე 50-ე იქნება. იგი ხორვატიის ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის და შთამბეჭდავი სტატისტიკაც აქვს - განვლილი 49 შეხვედრიდან ხორვატებმა 35 მოიგეს, 10-ჯერ ფრედ ითამაშეს და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდნენ.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, სადაც გულშემატკივრები ბილიჩის ოთხწელიწადნახევრიან მუშაობას აფასებენ. გამოკითხვაში უკვე ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათი 37 პროცენტი ბილიჩს 5-იანით აფასებს, 41 პროცენტი კი - 4-იანით. მხოლოდ 13 პროცენტი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი საშუალო დონეზე თამაშობს, უკმაყოფილოთა რიცხვი კი 9 პროცენტს არ აჭარბებს.

შეგახსენებთ, ბილიჩის ხელმძღვანელობით ხორვატიის ნაკრები ევრო-2008-ზე მეოთხედფინალამდე მივიდა, ხოლო 2010 წლის მუნდიალზე გასვლა ვერ შეძლო.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული