თემურ ქეცბაია - გაიქეცით და გაიხსენით!

AutoSharing Option
გუშინ ეროვნულმა ნაკრებმა ეროვნულ სტადიონზე კიდევ ერთხელ ივარჯიშა. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებით: რამდენიმედღიან გაურკვევლობას წერტილი დაესვა - სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე ხორვატიასთან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ეს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა გვითხრა. შეკრებაზე ჩამოსულმა ანანიძემ ვარჯიში ვერ მოახერხა.

მოსკოვის “სპარტაკისა” და ჩვენი ნაკრების პლეიმეიკერი რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში “როსტოვთან” საგარეო მატჩის დროს დაშავდა - კოჭის მყესი გაუწყდა. მართალია, არავის უთქვამს, მაგრამ იყო ეჭვი, რომ მოსკოვის “სპარტაკს” ფეხბურთელის გამოშვება არ სურდა. ამის საფუძველს კი გუნდის ვებგვერდზე გავრცელებული აბსურდული ინფორმაცია ქმნიდა
- კოჭის მყესი გაუწყდა და “აიაქსთან” ევროპის ლიგის მატჩს 99 პროცენტით გამოტოვებსო. ამ დროს კოჭის მყესის გაწყვეტის დროს ფეხბურთელის თამაში ერთი პროცენტითაც გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ვერც დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე ითამაშებს. ეროვნულ ნაკრებს ხორვატიასთან ცენტრალური მცველი მალხაზ ასათიანიც ვერ დაეხმარება, რომელიც დეკემბრის შემდეგ უგუნდოა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ასე რომ, ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას უკანა ხაზში პრობლემები მოეძალა.

სამაგიეროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 26 მარტს ეროვნულ ნაკრებს მოედანზე კვლავ კახა კალაძე გაიყვანს. კახამ “ჯენოაში” სერია A -ს ბოლო ტურის შეხვედრა კუნთის დაჭიმვის გამო გამოტოვა. თუმცა გუშინ კალაძემ ეროვნულ ნაკრებში სრული დატვირთვით ივარჯიშა და ორკარაშიც მონაწილეობდა.

“კუნთი ოდნავ მაწუხებს, მაგრამ თავს უკეთ ვგრნობ. სრული დატვირთვით დღეს პირველად ვივარჯიშე. ჯერ გარკვეული არ არის, ვითამაშებ თუ არა, მაგრამ ამის იმედი მაქვს”, - გვითხრა კალაძემ.

ანანიძეს თუ არ ჩავთვლით, გუშინ საღამოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველის ნაცვლად, ქეცბაიამ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე გამოიძახა. კოშკაძე ნაკრების ბაზაზე გუშინ დილით გამოცხადდა, საღამოს კი ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა. ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, "დინამოს" ნახევარმცველი ისრაელში წამსვლელ ფეხბურთელთა შორისაც მოიაზრება.

ვარჯიშის შემდეგ ქეცბაიამ ფეხბურთელები “ა” და “ბ” გუნდად გაყო და ორკარა ათამაშა. ვფიქრობ, ამ შემადგენლობიდან მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა, საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან რა შემადგენლობით ითამაშებს - ცხადია, პირობითად მთავარ გუნდს პირობითად სათადარიგოებიდან კობიაშვილი დაემატება.

“ა”: რევიშვილი - სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე - ხიზანიშვილი, დაუშვილი - გელაშვილი, იაშვილი, გოგუა - დვალიშვილი.
“ბ”: ლორია - ალადაშვილი, კაშია, ხიდეშელი, კვირკველია - კანკავა, კობიაშვილი - გურული, მოდებაძე, მარცვალაძე - სირაძე.

აღსანიშნავია, რომ 23 ფეხბურთელი თამაშობდა, ანუ ერთი ზედმეტი იყო. ნეიტრალურ, მწვანე ფორმაში გამოწყობილი კოშკაძე შეტევებში ორივე გუნდს ეხმარებოდა. ამასობაში მეკარე როინ კვასხვაძეს მამუკა აბუსერიძე ავარჯიშებდა.

“ამხელა ზონა თავისუფალია და გაიხსენით, წინ გაიქეცით, ვიღაც გამოგეკიდებათ და ზონა გათავისუფლდება”, - მოუწოდებდა ქეცბაია ფეხბურთელებს.

ორკარა კი “ა”-ს გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში (ტაიმი ჩვეულებრივზე ბევრად ხანმოკლე იყო) ნიკა გელაშვილის ფლანგური ჩაწოდება გიორგი ლორიას კართან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ალექსანდრე იაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა.






.
მკითხველის კომენტარები / 3 /
26 მარტს უეფას ეგიდით გასამართი მატჩის დროს( საქართველო-ხორვატია ) მატჩის დროით 30 წუთზე ხალხის ნაწილს რომელსაც უყვარს გიორგი დემეტრაძე და პატივს სცემს მასს 1 წუთის განმავლობაში ჩვენთან ერთად წამოდგეს ფეხზე და ისკანდიროს მისი გვარი აი ასე: დე-მე-ტრა-ძე დე-მე-ტრა-ძე და ა.შ

მაშასადამე გულშემატკივრების მთელი რიგი არმია იმედია არ დაიშურებს ოვაციებს გიორგი დედემტრაძესთვის და გიოს ამ ჟესტით ძალზედ დააფასებენ ის ნამდვილად გამორჩეული იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში :)
deme-deme
23:55 24-03-2011
0
მე მგონი ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა მთელ გუნდს რომ მსოპლიოს დაენახა ნამდვილი ქართული სული და თანადგომა და უსამართლობასთან გამკლავება

დარწმუნებული ვარ ხორვატები ამას გაიგებდნენ და გვერდით დაგვიდგებოდნენ
Sasha
15:19 25-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული