ბილიჩი მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს, მაგრამ ფრეც არ დააფრთხობს

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრები თბილისში გუშინ, 15 საათზე ზაგრებიდან ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა და სასტუმრო "შერატონში" დაბინავდა. გუნდს საქართველოში ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა დავორ შუკერიც ჩამოჰყვა.

ხორვატებმა რამდენიმე საათი დაისვენეს, საღამოს 7 საათზე კი ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში მათი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სლავენ ბილიჩის პრესკონფერენცია გაიმართა, რასაც ვარჯიში მოჰყვა. პრესკონფერენციაზე თარჯიმნობა უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ გასწია.

ბილიჩმა სულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, თავდაჯერებულად ილაპარაკა, მაგრამ მეტოქეც პატივისცემით მოიხსენია.

- როგორია თქვენი აზრი საქართველოს ნაკრებზე და როგორ თამაშს ელით თბილისში?
- ვფიქრობ, საკმაოდ რთული მატჩის ჩატარება
მოგვიწევს. საქმე გვაქვს ბრძოლისუნარიან გუნდთან, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი საკუთარ კედლებშია. ვიცი, რომ სტდიონის ტრიბუნები ბოლომდე შეივსება, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი კოზირი იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, რისი დიდი იმედიც გვაქვს. ორივე გუნდმა გასული წელი დაუმარცხებლად განვლო, ახლა იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი წარმატებული სერია გაგრძელდეს, ქართველებისა კი შეწყდეს.

- ედუარდოსა და ოლიჩის არყოფნა თქვენი გუნდის შემტევ პოტენციალს არ შეასუსტებს?
- ორივე ჩვენი გუნდის წამყვანი თავდამსხმელია და, რა თქმა უნდა, მათი არყოფნა დიდი დანაკლისია. ოლიჩი დიდი ხანია, დაშავებულია და მის არყოფნას უკვე შევეგუეთ, ედუარდოს თბილისში თამაში კი რამდენიმე დღეა, გამოირიცხა. რაღა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო ამბავი, მაგრამ სხვა მაღალი კლასის ფორვარდებიც გვყავს და ტრავმირებულებს უმტკივნეულოდ შევცვლით.

- რომელ გუნდს მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში?
- როცა ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა ჩატარდა და მეტოქეთა ვინაობა შევიტყვეთ, მაშინვე ყველამ მიიჩნია, რომ ხორვატიის ნაკრების მთავარი მეტოქეები საბერძნეთი და ისრაელი იქნებოდნენ. მე ამ მოსაზრებას არ დავეთანხმე და ვთქვი, რომ საქართველო და ლატვიაც ძლიერი გუნდები არიან. როგორც ხედავთ, ჩემი მოსაზრება გამართლდა. ჩემ მიერ ნახსენები თითოეული ნაკრები ღირსეულ მეტოქედ მიმაჩნია.

- თუ თბილისში ფრედ ითამაშეთ, ამას ძალიან ცუდ შედეგად მიიჩნევთ?
- მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, თუმცა ვინ იცის, შესაძლოა, დიდად არც ფრემ დაგვამწუხროს.

- რა შეიცვალა ხორვატიის ნაკრებში ევრო 2008-ის შემდეგ?
- შემადგენლობის დაახლოებით 60 პროცენტი შეიცვალა, სამაგიეროდ, უცვლელი დარჩა ჩვენი მიზნები – გუნდი პროგრესსა და განვითარებას აგრძელებს და ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია.

- ინგლისურ პრემიერლიგაში თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ თამაში ხომ არ გახსენდებათ?
- "ნიუკასლის" წინააღმდეგ ნამდვილად მითამაშია (ბილიჩი "ვესტ ჰემისა" და "ევერტონის" ფეხბურთელი იყო, რედ.), მაგრამ, სამწუხაროდ, ქეცბაიას ვერ ვიხსენებ.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული