ხორვატიის ნაკრები - უცნობი ნაცნობი (ნაწილი მეორე)

AutoSharing Option
კორეა-იაპონიის სტადიონებზე ჩატარებული მუნდიალის შემდეგ მირკო იოჟიჩის ნაცვლად ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი ოტო ბარიჩი დაინიშნა. 62 წლის ბარიჩი მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობდა საკლუბო ფეხბურთში და ვიდრე ხორვატიის ნაკრებს ჩაიბარებდა, მანამდე... სამშობლოში, ავსტრიასა და გერმანიაში რამდენიმე ათეული გუნდი ჰყავდა გაწვრთნილი.

ბარიჩის ხელმძღვანელობით ხორვატიის ნაკრებმა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში II ადგილი დაიკავა, შემდეგ ორრაუნდიან საპლეიოფო დაპირისპირებაში სლოვენიელებს აჯობა (1:1, 1:0) და ფინალური ტურნირის საგზურიც მოიპოვა. ბარიჩის ფორმაციის ნაკრების ლიდერებად, ძმებ ნიკო და რობერტ კოვაჩებთან ერთად იმ დროისათვის ახალგაზრდები
ფორვარდები, ივიცა ოლიჩი და მლადენ პეტრიჩი მიიჩნეოდნენ; ამ "დუეტს" სერიოზულ კონკურენცაის უწევდნენ წამყვან ევროპულ კლუბებში მოასპარეზე სხვა თავდამსხმელებიც: ივან კლასნიჩი და დადო პრშო, ნახევარდაცვაში იერკო ლეკომ და ჯოვანი როსომ დაიმკვიდრეს ადგილი, თუმცა ბარიჩის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსახურებად იმ დროისათვის 20 წლის დარიო სრნას დაწინაურება იყო; ფიზიკურად ძლიერ და სწრაფ ფეხბურთელს ერთნაირი წარმატებით შეეძლო სხვადასხვა პოზიციაზე ეთამაშა - მარჯვენა მცველადაც, მარჯვენა ნახევარმცველადაც, საყრდენადაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენჯერმე მარჯვენა გარემარბადაც გაუმწესებიათ!

2002 წლის 20 ნოემბერს, რუმინელებთან მატჩში შედგა დარიო სრნას დებიუტი ხორვატიის ნაკრებში და იმის შემდეგ ეს ფეხბურთელი ჩვენი დღევანდელი მეტოქის შეუცვლელ მოთამაშედ და ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. სხვათა შორის, ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში სრნას შეძენით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველს "ჯიუტად" არ სურს დონეცკის "შახტარის" დატოვება, - სადაც, ხორვატიის ნაკრების მსგავსად, გუნდის კაპიტანია.

...ბარიჩის ხელმძღვანელობით ხორვატიის ნაკრებმა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფური ტურნირი ვერ გადალახა: შვეიცარიასთან და საფრანგეთთან ფრედ ითამაშა, ხოლო ინგლისელებთან დამარცხდა. ამის შემდეგ ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზლატკო კრანჩარი დაინიშნა, ვინც თავის დროზე ყოფილი იუგოსლავიის ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ. ახალი მწვრთნელის თავკაცობით მოასპარეზე ხორვატებმა მთავარი ამოცანა წარმატებით შეასრულეს - შესარჩევ ტურნირში თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

თუმცა, გერმანიის მუნდიალზე ხორვატების ასპარეზობას წარმატებული ნამდვილად არ ეთქმოდა: ბრაზილიასთან მინიმალური სხვაობით (0:1) დამარცხების შემდეგ იაპონიასთან ფრედ ითამაშეს, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში კი (სადაც მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ), ავსტრალიასთანაც ასევე ფრედ (2:2) დაასრულეს შეხვედრა. კრანჩარის ნაკრებიდან დათხოვნის მიზეზი მხოლოდ მუნდიალზე ნაჩვენები შედეგი არ იყო, - ხორვატიის ნაკრების იმდროინდელი თავკაცი ხშირად ხვდებოდა სკანდალურ სიტუაციებშიც...

თუმცა, კრანჩარს არც ის უნდა დავუკარგოთ, რომ სწორედ მის დროს ჩაატარეს ხორვატიის ნაკრებში სადებიუტო მატჩები ისეთმა ფეხბურთელებმაც, დღესაც ამ გუნდის წამყვან ფეხბურთელებად რომ მიიჩნევიან: დანიელ პრანიჩმა, ედუარდომ (ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა) და ნიკო კრანჩარმა (მთავარი მწვრთნელის ვაჟმა)...


ბილიჩის ეპოქა
კრანჩარის მემკვიდრე კი იმ დროისათვის ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი, სლავენ ბილიჩი გახდა. ბილიჩი ხორვატიის ნაკრების "ოქროს თაობის" ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო, მაგრამ იმავე ბობანის, შუკერის, პროსინეჩკის, ბოკშიჩისა თუ იარნისგან განსხვავებით, გამორჩეულად ნიჭიერად არასდროს მიიჩნეოდა. სამაგიეროდ, ბილიჩი-ფეხბურთელის უმთავრესი პლუსი შრომისმოყვარეობა იყო, მაგრამ ამასთან ერთად თავდაუზოგავი თამაშით, ძალიან ხშირ შემთხვევაში, არც მეტოქეებს ინდობდა.

ასეთი ზღვარგადასული ხისტი თამაშის გამო, ვინ მოთვლის, რამდენჯერ გაუძევებიათ მოედნიდან: თანაც, ასე იყო მაშინაც, როცა სამშობლოში ასპარეზობდა, და მერეც, როცა ჩინებული უცხოური კარიერა ჰქონდა. თამაში მშობლიურ სპლიტის "ჰაიდუკში" დაიწყო, 1993 წლიდან კი ბუნდესლიგაში, კერძოდ "კარლსრუეში" გადავიდა. სხვათა შორის, იმ დროს "კარლსრუე" საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო: მთავარი მწვრთნელი ვინი შეფერი გახლდათ, წამყვან მოთამაშეებად კი სერგეი კირიაკოვი და... ოლივერ კანი მიიჩნეოდნენ. ბილიჩმა სულ მოკლე პერიოდში შეძლო გუნდის ერთ-ერთ ლიდერად გახდომა და მისი დიდი დამსახურებაც იყო, ამ პროვინციულმა გუნდმა უეფას თასის ნახევარფინალამდე რომ გააღწია. სხვათა შორის, ბუნდესლიგის ისტორიაში ბილიჩი იყო პირველი უცხოელი ფეხბურთელი, გუნდის კაპიტნად რომ აირჩიეს.

1997 წელს, ბილიჩი ინგლისურ "ვესტ ჰემში" გადავიდა - ამ გუნდის იმდროინდელი თავკაცის, ჰარი რედნაპის დაჟინებული მოთხოვნით. სხვათა შორის, ამპლუით მცველში იმ დროს ერთი მილიონი 300 000 ფუნტის გადახდა "პატარა ამბავი" ნამდვილად არ იყო; მაგრამ ბილიჩის შეძენა "ვესტ ჰემსაც" წაადგა და... თავად ფეხბურთელსაც: ერთი სეზონის შემდეგ ხორვატ მცველში "ევერტონმა" 4,5 მილიონი ფუნტი გადაიხადა და დღევანდელი ჩვენი მეტოქის თავკაცს მართლაც მსუყე ჯამაგირი დაუნიშნა (კვირაში - 27 000 ფუნტი)!

ბილიჩი "ევერტონში" 2000 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ მძიმე ტრავმის გამო ბრიტანული კლუბის დატოვებამ მოუწია და სამშობლოში დაბრუნდა. ცოტა ხანი მშობლიურ "ჰაიდუკში" თამაშობდა, თუმცა მალე კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ჯერ "ჰაიდუკს" წვრთნიდა, 2004 წელს კი ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცად დაინიშნა, სადაც თანაშემწედ ეროვნულ გუნდში ყოფილი პარტნიორი, იმ "ოქროს თაობის" გუნდის ჩინებული ნახევარმცველი ალიოშა ასანოვიჩი მიიწვია.

ბილიჩის მუშაობა ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებში წარმატებული გამოდგა: გუნდმა ჯგუფური ეტაპი გადალახა, მაგრამ პლეი-ოფში უპრინციპულეს დაპირისპირებაში სერბეთს ვეღარ აჯობა. თუმცა, ამის მიუხედავად, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს აზრი არ შეუცვლიათ და ეროვნული გუნდის გაძღოლა სწორედ ბილიჩს მიანდეს. ამ უკანასკნელმა თავის სამწვრთნელო შტაბში ის ხალხი დაასაქმა, ვისთანაც წლების განმავლობაში ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში გვერდი-გვერდ რომ ასპარეზობდა: ალიოშა ასანოვიჩი, რობერტ პროსინეჩკი, ნიკოლა იურჩევიჩი, მარიან მრმიჩი.

მალე 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უნდა დაწყებულიყო და ბილიჩმა მაშინათვე მიანიშნა ყველას, რომ ამიერიდან ხორვატიის ნაკრებში წარსული დამსახურების გამო აღარავის მოიწვევდა. სამაგიეროდ, პერსპექტიულ ფეხბურთელებს გზას გაუხსნიდა და ამის ნათელი დადასტურებაც იყო ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულში სამი მოთამაშის დაწინაურებაც; არადა 2006 წლის შემოდგომაზე ამ "ტრიოს" შესახებ ალბათ, მხოლოდ, ხორვატიაში სმენოდათ, დღესდღეობით კი ლუკა მოდრიჩი, ვედრან ჩორლუკა (ორივე - "ტოტენჰემი") და ივან რაკიტიჩი ("შალკედან" სულ ცოტა ხნის წინ რომ გადავიდა "სევილიაში") ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ლიდერები არიან. ეგ კი არა, 25 წლის მოდრიჩი პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელადაც მიიჩნევა...


სამართლიანი თამაშის პრინციპი, თუ...
2008 წლის ევროპის ჩემპიონტის შესარჩევი ციკლი ხორვატებმა მართლაც რომ ბრწყინვალედ ჩაატარეს და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს ავსტრია-შვეიცარიის სტადიონებზე გასამართი ფინალური ეტაპის საგზური. არადა, სუსტ ჯგუფში ასპარეზობდნენო, ამას ვერავინ იტყოდა: ბილიჩის კრებულთან ერთად ინგლისის, რუსეთის, ისრაელის, მაკედონიისა და ესტონეთის ნაკრებები იყვენ. თუმცა, ხორვატები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცნენ: 2007 წლის 21 ნოემბერს სლავენ ბილიჩის გუნდი თავისთვის ყოვლად უმოტივაცო შეხვედრაში სტუმრად, ლეგენდარულ "უემბლიზე" ინგლისელებს ეთამაშებოდენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხორვატიას ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, აი, მასპინძლებს, ინგლისელებს კი შემდგომ ეტაპზე ბრძოლის გასაგრძელებლად ფრეც ჰყოფნიდათ (კონკურენტ რუსეთს ურთიერთშეხვედრებში ჯობდნენ). თუმცა, მატჩის საწყისი 15 წუთი "უემბლიზე" შეკრებილი 90 000 გულშემატკივრისათვის შოკისმომგვრელი გამოდგა: ნიკო კრანჩარმა და ივიცა ოლიჩმა ინგლისელთა მცველებისა და მეკარის შეცდომებით ჩინებულად იასპარეზეს და ხორვატიაც შესვენებაზე ორბურთანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში ინგლისელები შტურმზე გადავიდნენ და ფრენკ ლემპარდისა და პიტერ კრაუჩის მონდომებით სტივ მაკლარენის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ერთი შეხედვით, სტუმრებს თავი რაღაზე უნდა გამოედოთ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე შეცვლაზე შემოსულმა მლადენ პეტრიჩმა ინგლისელთა მეკარის სკოტ კარსონის მორიგი დოყლაპიობით მშვენივრად ისარგებლა და მასპინძელთათვის შოკისმომგვრელი საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:3!

ამასობაში კი, რუსეთის ნაკრებმა რის ვაი-ვაგლახით ანდორის უსუსტეს ნაკრებს მინიმალური სხვაობით (1:0) მოუგო და II ადგილზეც გუუს ჰიდინკის დამოძღვრილი გუნდი გავიდა. აი, ასე დაეხმარა ხორვატიის ნაკრები რუსეთის ნაკრებს და სლავენ ბილიჩის გუნდზე მთელი საფეხბურთო სამყარო დიდი ხნის განმავლობაში აღმატებულ ხარისხში ლაპარაკობდა, - როგორც სამართლიანი თამაშის პრინციპების დამცველებზე. თუმცა, ინგლისურ პრესაში ისეთი სტატიებიც გაჩნდა, სადაც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილს... რუსი ბიზნესმენები სოლიდურ "წამახალისელებელ" თანხას ჰპირდებოდნენ, რათა ინგლისელებთან ბოლომდე ებრძოლათ...

სხვათა შორის, ხორვატებმა "ფეირ პლეის" პრინციპი ევრო-2008-ის ფინალურ ტურნირზეც დაიცვეს: მას შემდეგ, რაც ავსტრიასა და გერმანიას მოუგეს, ბოლო შეხვედრა პოლონელებთან არაფერს წყვეტდა, მაგრამ ბილიჩის გუნდმა ეს მატჩიც მოიგო და მეოთხედფინალში უკვე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის რანგში გავიდა. აი, გადამწყვეტ ეტაპზე კი ნამდვილი დრამა დატრიალდა: ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო, ფაქტობრივად, "განახევრებულ" თურქებთან მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ივან კლასნიჩმა, ერთი შეხედვით, ნახევარფინალის საგზურის მომტანი ბურთი გაიტანა. თუმცა, მსაჯის მიერ დამატებული მეორე წუთი იწურებოდა, როცა თურქების თავდამსხმელმა სემიჰ სენთურქმა ხორვატების მცველების წამიერი უყურადღებობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. პენალტების სერიაში კი ხორვატთაგან პენალტი ზუსტად მხოლოდ დარიო სრნამ დაარტყა, აი, გუნდის სამ დანარჩენ ლიდერს (ლუკა მოდრიჩს, ივან რაკიტიჩსა და მლადენ პეტრიჩს) ნერვებმა უმტყუნა...

ამის მიუხედავად, ბილიჩის ნაკრების მწვრთნელობიდან გადაყენებაზე არც არავის უფიქრია და გუნდიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ემზადებოდა. ბილიჩს თავის გუნდის შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მოუხდენია: თუ არ ჩავთვლით ძირითად მეკარედ ვედრან რუნიეს დაყენებას (სტიპე პლეტიკოშა თავის კლუბში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა) და რამდენიმე ახალი ფეხბურთელის (ივიცა კრიჟანაცი, ოგნიენ ვუკოევიჩი, ნიკოლა პოკრივაცი) გამოჩენას.

ხორვატი ქომაგების სამწუხაროდ, ამ ჯერზე ბილიჩის გუნდმა ეს შესარჩევი ციკლი მესამე ადგილზე დაასრულა: წამყვანი ფეხბურთელების (კრანჩარი, მოდრიჩი, პეტრიჩი) ტრავმებმა, ძმები კოვაჩების სანაკრებო კარიერის დასრულებამ და კიდევ სხვა მიზეზთა გამო შარშანდელმა მუნდიალმა ჩვენი დღევანდელი მეტოქის გარეშე ჩაიარა. სხვათა შორის, ხორვატია და ინგლისი კვლავაც ერთად მოხვდნენ შესარჩევ ეტაპზე, ოღონდ ამჯერად ალბიონელებმა მართლაც სასტიკი რევანში აიღეს ორი წლისწინანდელი მარცხისათვის. თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ინგლისელებს ამჯერად ფაბიო კაპელო წვრთნიდათ, ვისი ხელმძღვანელობითაც ბრიტანელებმა ხორვატებს ორივე მატჩში სასტიკი მარცხი აგემეს - 4:1, 5:1...

ხორვატიის დღევანდელ ნაკრებზე კი უკვე არაერთხელ ითქვა და დაიწერა, ამიტომაც დაწვრილებით აღარ შევჩერდებით ისე, გუშინაც აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და ხორვატიის გუნდებს აქამდე არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე არც ერთი მატჩი არ ჰქონდათ ჩატარებული. ახლა კი, ეროვნულის გარდა, საქართველოსა და ხორვატიის გუნდები ახალგაზრდული ნაკრებების დონეზეც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თანაც, ხორვატიის 21-წლამდელებს ხომ ქართული ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი ივო შუშაკი ხელმძღვანელობს.

ხორვატიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 3 ივნისს უნდა ჩატარდეს, მანამდე კი ჩვენს დიდ მეგობარსა და ქართველებისათვის მუდამ სასურველ სტუმარზე ივო შუშაკზე არაერთხელ მოგვიწევს საუბარი. თუმცა, მეგობრობაც კარგია, სტუმარ-მასპინძლობაც არასდროს შეგვშლია ქართველებს, მაგრამ დღეს ერთადერთი სურვილი გვაქვს ყველას: საქართველოს ნაკრების წარმატებული და სარეკორდი სერია კვლავაც რომ გაგრძელებულიყოს...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული