გამოცხადებული სიხარულის ქრონიკა

AutoSharing Option
26.03. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 53 000 მაყურებელი
საქართველო-ხორვატია 1:0
გოლი: 1:0 კობიაშვილი (90, მარცვალაძის პასით)

საქართველო (4-2-3-1): რევიშვილი - სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე - დაუშვილი (73. გოგუა), ხიზანიშვილი - იაშვილი (62. მარცვალაძე), კანკავა, კობიაშვილი - დვალიშვილი (46. სირაძე)
სათადარიგოები: ლორია, გ. კაშია, ალადაშვილი, კვირკველია
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ხორვატია (4-1-4-1): რუნიე - სრნა, ლოვრენი, ჩორლუკა, შტრინიჩი - დუიმოვიჩი - პეტრიჩი (84. პრანიჩი), მოდრიჩი, რაკიტიჩი (61. პერიშიჩი), კრანჩარი (71. იელავიჩი) - კალინიჩი
სათადარიგოები: პლეტიკოშა, შიმუნიჩი, ვუკოევიჩი, მანჯუკიჩი
მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
გაფრთხილება:
დუიმოვიჩი (52), კრანჩარი (65), მარცვალაძე (71)
არბიტრი: პაოლო ტალივენტო( იტალ)


ჩვენ ეს შეგვიძლია!
მატჩის ბოლო წუთი იწყებოდა, ჯაბა კანკავამ მეტოქის საჯარიმოში მყოფ ოთარ მარცვალაძეს ზუსტი პასი რომ მიაწოდა; ნაკრებში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა მარცვალაძემაც ბურთი ჯერ ოსტატურად დაამუშავა, მერე კი ეფექტური ფინტით სტუმართა კაპიტანი დარიო სრნა (თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად რომ არის მიჩნეული) გააბითურა; ამ ლამაზ კომბინაციას არანაკლებ ზღაპრული გაგრძელება-დაბოლოება მოჰყვა: მარცვალაძემ ასევე მოხდენილი პასით ლევან კობიაშვილი მოძებნა და საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით აბსოლუტურმა რეკორდსმენმა თავის საფირმო "ცაციით" ბურთი სტუმართა კარში ზუსტად გაგზავნა - 1:0!

ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ხდებოდა ამ დროს სტადიონზე: გადაჭედილ ტრიბუნებზე, სარბენ ბილიკებზე, სამთავრობო თუ პრესლოჟაში, მოკლედ, ყველგან ყველა-ყველას ეხვეოდა და ულოცავდა! მართლაც წარმოუდგენლად უცნაური და, რაც მთავარია, ლამაზი ფინალი ჰქონდა შაბათის შეხვედრას, მაგრამ "კობის" გოლის მერე ხომ სათამაშო კიდევ სამი წუთი იყო (სწორედ ამდენი დაამატა მატჩის იტალიელმა არბიტრმა) და ეს დროც... კოშმარულ უსასრულობაში გადაიზარდა.

ჰო, სამი კი არა, გეგონებოდა, 15-20 წუთი გაგრძელდა თამაშიო, - თანაც გაოცებულ-გაწბილებულ-გამწარებულმა ხორვატებმაც, ლამის, მთელი გუნდით შემოგვიტიეს, ორჯერ თითქმის ასპროცენტიანი მომენტიც შექმნეს, მაგრამ კვლავაც ჩინებულად თამაშობდა ამ შეხვედრის ერთ-ერთი გმირი ნუკრი რევიშვილი, ვისმა თავგანწირულმა და, რაც მთავარია, უშეცდომო თამაშმა ბევრად განაპირობა კიდეც ამ ურთულესი დაპირისპირების საბოლოო შედეგი.

და აი, მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა, წაუგებელი სერია ათამდე გაზარდა, და, რაც მთავარია, ჯგუფის უპირობო ფავორიტის დამარცხებით 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად უდიდესი ნაბიჯი გადადგა!

ახლა, როცა შესარჩევი ციკლის ზუსტად ნახევარია გავლილი, ხუთ თამაშში მოპოვებული ცხრა ქულით საქართველოს ნაკრები ჩვენი ქვეჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ; არადა, ადრე, ხუთი მატჩის მერე, საქართველოს ნაკრების "საფირმო ნიშანი" ხომ გუნდის "სამომავლოდ გაახალგაზრდავება" თუ, უკეთეს შემთხვევაში, ერთი-ორჯერ "კარის გაჯახუნება" იყო ხოლმე...

2011 წლის 26 მარტამდე საქართველოს ნაკრების ისტორიაში ორად ორი შემთხვევა იყო, იმ დროისათვის გამორჩეულად ძლიერი გუნდის დამარცხებით რომ გავიხარეთ; პირველად ასეთი სიხარული 1995 წლის 11 ოქტომბერს გვეწვია, როც თბილისში ხრისტო სტოიჩკოვის ბულგარეთის ნაკრებს მოვუგეთ; მეორე განსაკუთრებული თარიღი, რაღა თქმა უნდა, 2003 წლის 30 აპრილია - რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების დღე.

ნამდვილად არ გვინდა ბულგარეთთან და რუსეთთან გამარჯვებების გაუფასურება, მაგრამ ხორვატების ძლევას მაინც სხვა დატვირთვა ჰქონდა: წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად ხომ ისეთი მატჩი მოვიგეთ, ჩვენთვისაც და მეტოქისათვისაც უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა რომ ჰქონდა! ანუ, ეს არ ყოფილა არც "კარის გაჯახუნება", არც იმით "გულის მოფხანა", რომ ჩვენთვის უმოტივაციო მატჩში მეტოქე გაგვემწარებინა (აი, როგორც იტალიასა თუ შოტლანდიელებს გავურთულეთ საქმე), არც "პოლიტიკური ელფერის" მქონე შეხვედრაში მეტოქის ძლევისგან გამოწვეული სიხარული, - ეს იყო სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მსოფლიოს რეიტინგში მერვე (!) ადგილზე მყოფ გუნდთან!

რაც მთავარია, ამ შეხვედრას ერთი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი: ვართ კი საიმისოდ მზად, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ? პასუხი კი მართლაც ძლიერ მეტოქესთან მატჩის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა, საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელის არნახულად მონდომებულმა თამაშმა და, რაც მთავარია, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ტაქტიკურმა გამჭრიახობამ გასცა - ჩვენ ეს შეგვიძლია!


ოპტიმისტური ფონი და წინასამატჩო სიურპრიზები
ჯერ კიდევ მატჩის წინა დღეს დარწმუნებული ვიყავით, რომ სტადიონი ბოლომდე გაივსებოდა - საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელმა წარმატებულმა ასპარეზობამ და ძლიერი მეტოქის ფაქტორმა შეხვედრას დამატებითი აჟიოტაჟი შემატა. 53 000 ბილეთი ბოლომდე გაიყიდა, ეგ კი არა, ათასამდე გულშემატკივარმა (ვინც, მაინცდამაინც თამაშის დაწყების დროს შემოვიდა სტადიონზე), სადაც თავისუფალი ადგილი მონახა (ამ შემთხვევაში კიბეებს ვგულისხმობთ), იქიდან მიადევნა თვალი თავის საყვარელი გუნდის ასპარეზობას.

თანაც, ხომ არ გგონიათ, მატჩის დამთავრებამდე 10-15 წუთით ადრე დაიწყო ხალხმა დაშლა (არცთუ შორეულ წარსულში როგორც ხდებოდა), - პირიქით შეხვედრას ყველამ ბოლომდე ადევნა თვალი და არც არავის უნანია!..

მეტოქის სიძლიერეზე მატჩამდეც არაერთხელ ითქვა თუ დაიწერა, მაგრამ, ამის მიუხედავად, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქართველ გულშემატკივრებში არნახულად ოპტიმისტური ფონი შეიმჩნეოდა; თანაც, რაც უფრო ახლოვდებოდა მატჩის დაწყების დრო, ეს ოპტიმიზმი უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მართლაც განსაკუთრებული ნიუანსია, როცა გულშემატკივარი ასე ღრმად არის დარწმუნებული საყვარელი გუნდის წარმატებაში. სხვათა შორის, ანალოგიური გაწყობა იგრძნობოდა ქართულ ჟურნალისტებშიც: მთლიანად "ათვისებულ" პრესლოჟაში (ბოლოს როდის იყო მსგავსი სიტუაცია, ვეღარც გაგვიხსენებია) მჯდომ კოლეგათა აბსოლუტურ უმრავლესობას თითქოს, შინაგანი ხმა "გვკარნახობდა", რომ ხორვატებთან მატჩში, სულ მცირე, არ დავმარცხდებოდით.

ეგ კი არა, უფრო თამამი პროგნოზებიც კეთდებოდა: ცნობილმა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა მატჩის დაწყებამდე სიზმარი გაგვანდო: 2:1-ს ვიგებთო; აი, დავით მინაშვილი კი (ვისაც საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე პირდაპირი რეპორტაჟი მიჰყავდა), მატჩის დაწყებამდე "ჯიუტად გვიმტკიცებდა", რომ გინდა თუ არა, 1:0-ს მოვიგებთო.

ვიდრე მატჩი დაიწყებოდა, ქართული მედიის უმთავრესი ინტერესი თუ მთავარი სასაუბრო თემა, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობის "გამოცნობა" იყო; და აი, მატჩის ოფიციალური ოქმებიც დაგვირიგეს და ყველას თვალში მოგვხვდა თემურ ქეცბაიას რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება. არადა, რაც ქეცბაია საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები თუ დისკვალიციკაციები) ცვლის ტაქტიკურ სქემასაც და, საერთოდაც, ძირითად შემადგენლობას. ქართულ მედიაშიც მატჩამდე საკამათო-საჭირბოროტო ორად-ორი პოზიცია იყო: ნაკრების კარს ზაზა რევიშვილი დაიცავდა თუ გიორგი ლორია და გამოკვეთილ ცენტრფორვარდად დავით სირაძე იასპარეზებდა თუ ლადო დვალიშვილი.

და აი, ქეცბაიამ სიურპრიზი არამხოლოდ ჩვენ, არამედ თავის კოლეგასაც შესთავაზა, როცა, ფაქტობრივად, სამი "ჩამშლელი" ნახევარმცველი დააყენა ძირითადში! მთავარი სიურპრიზი კი, რაღა თქმა უნდა, ტრავმებისგან გაწამებული ჯაბა კანკავას გამოჩენა იყო, ვისაც თბილისში ბოლო სანაკრებო მატჩი სამი წლის წინ ჰქონდა ჩატარებული...


ტაქტიკური გათვლა
მატჩის მერე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიას არ დაუმალავს, თუ რამდენი იფიქრა ნაკრების კარის დაცვა ვისთვის მიენდო: "მოედნის ათი ფეხბურთელი კარგა ხნის მოფიქრებული მყავდა, აი, მეკარეზე კი გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. გიორგი ლორიამ ბოლო ორი სანაკრებო მატჩი მართლაც ბრწყინვალედ ჩაატარა, თუმცა ნუკრი რევიშვილმაც ახლახანს დაწყებულ რუსეთის ჩემპიონატში ორივე ტურში მეტად დამაჯერებლად ითამაშა და საბოლოო არჩევანიც მის სასარგებლოდ გავაკეთე."

რევიშვილის ზღაპრულ თამაშს ხორვატების წინააღმდეგ კვლავაც დავუბრუნდებით, მანამდე კი მეტოქეთა ტაქტიკურ განლაგებაზე ვისაუბროთ. ჩვენი დაცვის ოთხეული, ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი იყო: მარჯვნივ - ლაშა სალუქვაძე, ცენტრში - აკაკი ხუბუტია და ალექსანდრე ამისულაშვილი, მარცხნივ - ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე; ნახევარდაცვის ცენტრში გამოცდილი ზურაბ ხიზანიშვილის მეწყვილედ ახალგაზრდა ბუბა დაუშვილი გახლდათ, მათზე ოდნავ წინ მოქმედებდა ჯაბა კანკავა, ოღონდ, პირველ ტაიმში უფრო დაცვაზე იყო მეტად ორიენტირებული, ვიდრე შეტევაზე. ესეც, ქეცბაიას ტაქტიკური გათვლა იყო - ამ ყველაფერს მოედნის ცენტრში რიცხობრივი უპირატესობის შექმნა და, რაც მთავარია, მეტოქის ტექნიკური ნახევარმცველებისათვის (მოდრიჩი, რაკიტიჩი) სივრცეების მაქსიმალური შეზღუდვა უნდა მოჰყოლოდა.

ფლანგებზე ალექსანდრე იაშვილსა (მარჯვნივ) და ლევან კობიაშვილს რომ ვიხილავდით, ამაში ყველა დარწმუნებული ვიყავით, აი, ცენტრფორვარდად კი ძირითადში თამაში დვალიშვილმა დაიწყო. სხვათა შორის, პირველ ტაიმში იყო მონაკვეთი (კონკრეტულად, 30-ე-35-ე წუთებში), როცა იაშვილმა და დვალიშვილმა ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს, თუმცა მთავარი ტაქტიკური გადაადგილებები (რამაც, ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა) მეორე ტაიმში გველოდა...

ისე, ხორვატიის ნაკრების შემადგენლობის გამოცნობაც არ იქნებოდა ადვილი საქმე და ამ შემთხვევაში ეს უფრო წამყვანი ფეხბურთელების (ოლიჩი, ედუარდო, შიმუნიჩი) ტრავმებისა თუ არასახარბიელო ფორმაში ყოფნით იყო გამოწვეული. დაცვაში მარჯვნივ დარიო სრნა თამაშობდა, საპირისპირო ფრთაზე - ივან შტრინიჩი, ცენტრში - დეიან ლოვრენისა და ვედრან ჩორლუკას "დუეტი"; აი, ნახევარდაცვაში კი ხორვატებს საკმაოდ "ორიგინალური" სქემა ჰქონდათ არჩეული - ტომისლავ დუიმოვიჩი ცენტრალური მცველების წინ, ერთადერთ საყრდენად თამაშობდა; მისგან მარჯვნივ და მარცხნივ (ოღონდ, უფრო მეტოქის სიღრმისკენ) ბურთის "დამჭერები", ლუკა მოდრიჩი (მართლაც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი) და ივან რაკიტიჩი მოქმედებდნენ, ხოლო მლადენ პეტრიჩი (მარჯვნიდან) და ნიკო კრანჩარი (მარცხნიდან) უფრო ნომინალურ გარემარბებად უნდა მიგვეჩნია, რადგან ორივე ხშირად შემოდიოდა ცენტრში და თავიანთ ფლანგებს შეტევაში აქტიურად ჩართულ განაპირა მცველებს (სრნასა და შტრინიჩს) უთავისუფლებდა.

ერთი შეხედვით, ხორვატების სათამაშო სქემა 4-1-4-1-ს წააგავდა, მაგრამ 4-3-3 უფრო იყო, ანუ პეტრიჩი და კრანჩარი უფრო შეტევაზე იყვნენ ორიენტირებულნი, ვიდრე - დაცვაზე. წინ კი ხორვატებს გამოკვეთილ ცენტრფორვარდად ნიკოლა კალინიჩი ჰყავდათ, ერთი-ორჯერ რომ დაუსხლტა ჩვენ მცველებს, თორემ დანარჩენ შემთხვევაში ამ თავდამსხმელის მეურვეობას ხუბუტია-ამისულაშვილის "დუეტმა" კარგად გაართვა თავი.

კიდევ ვიმეორებთ, ასეთი იყო გუნდების განლაგება პირველ ტაიმში; ანუ, მატჩის იმ მონაკვეთში, როცა მოედანზე ჩვენთვის სასიკეთო არაფერი ხდებოდა; მაგრამ, სტადიონზე მყოფ ქომაგთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხომ არ იცოდა, რომ პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრების შედარებით ფრთხილი თამაში და მეტოქისათვის ტერიტორიული უპირატესობის დათმობა თემურ ქეცბაიას აბსოლუტურად სწორი ტაქტიკური გათვლა იქნებოდა?


ქართული მაქსიმალიზმი...
ნათქვამია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო და, ალბათ, უპრიანი იქნება, არცთუ შთამბეჭდავად ჩატარებული პირველი ტაიმის გამო საქართველოს ნაკრებზე აუგი რომ არ ვთქვათ. ისე, ქართველებს ყველაფერში მაქსიმალისტობა გვჩვევია და ყველაფერიც უცბად გვინდა: მატჩის სასურველი შედეგით დამთავრებაც და ამასთან, "ზღაპრულად ლამაზი" ფეხბურთის ჩვენებაც. ასეთ რამეს თანამედროვე ფეხბურთში დღესდღეობით, მხოლოდ ერთადერთი გუნდი ახერხებს (ხვდებით, ალბათ, რომ "ბარსელონაზეა" საუბარი) და, ჩვენდა სამწუხაროდ, ნამდვილად არა ვართ განებივრებულნი მაღალი დონის "შემქმნელი" ფეხბურთელებითაც...

ისევ პირველ ტაიმს დავუბრუნდეთ, მთლიანობაში, ცოტა არ იყოს, დამთრგუნველი შთაბეჭდილება რომ დატოვა: მეტოქის უპირატესობა კოლოსალური ნამდვილად არ იყო, მაგრამ თამაში რომ მათი "კარნახით" მიდიოდა, ფაქტია. თანაც, სტუმრები მალე მიხვდნენ, რომ ცენტრიდან ჩვენ ნახევარდაცვასა და დაცვას ვერ "გაარღვევდნენ" და ახლა უკვე ფლანგები აამოქმედეს; თანაც, როცა გუნდში დარიო სრნას დონის ფლანგის ფეხბურთელი გყავს, ეს ფუფუნება მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და ხორვატების კაპიტანის ყოველი რეიდი მართლაც დიდ ხიფათს ქმნიდა ჩვენს საჯარიმოში.

ამის მიუხედავდა, ჩვენი დაცვის ხაზსა და მეკარეს საპანიკო არაფერი დასტყობიათ - მეტოქეთა იერიშებს მშვიდად და, რაც მთავარია, უშეცდომოდ უმკლავდებოდნენ. თანაც, ნუკრი რევიშვილს პირველი წუთებიდანვე ეტყობოდა დამაჯერებლობა, მცვლებსაც დროულად უნარიანად კარნახობდა და საერთოდაც, სიმშვიდის განსახიერება იყო. რასაც საგოლე მომენტი ჰქვია, პირველ ტაიმში ერთადერთხელ ვიხილეთ და ისიც სტუმრებმა შექმნეს - დაახლოებით 25 მეტრიდან მლადენ პეტრიჩმა "ცაციათი", მოულოდნელად გაისროლა, მაგრამ რევიშვილმა ჩინებულ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ერთ ეპიზოდში ნიკო კრანჩარი ურტყამდა სახიფათოდ, თანაც, რიკოშეტიც იყო, მაგრამ რევიშვილმა ამჯერადაც სწორი პოზიცია აირჩია და ბურთის აღება არ გასჭირვებია. და კიდევ ერთი ნიუანსი: თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრები უმკაცრეს პრესინგს მიმართავდნენ და როგორც კი რომელიმე ჩვენი ფეხბურთელი ბურთს მიიღებდა, მაშინათვე წინ ორი მეტოქე აღუდგებოდა-ხოლმე; როგორც აღმოჩნდა ესეც თემურ ქეცბაიას ჩაფიქრებული გარკვეული ტაქტიკური ფანდი იყო - როცა იქნებოდა, მეტოქეს დაღლა უნდა დატყობოდა, შეცვლაზე შემოსული ჩვენი სამარქაფოებიც თამაშს გაამწვავებდნენ (ანუ, აგრესიულ თამაშს მოწინააღმდეგეს აქეთ მოვახვევდით) და დაცვაში უშეცდომო ასპარეზობასთან ერთად თუნდაც ერთ შანსს დაველოდებოდით!

ყველაფერი ასეც მოხდა, ოღონდ, - მეორე ტაიმში, როცა თემურ ქეცბაიამ, ფაქტობრივად, პირწმინდად მოუგო ტაქტიკურ-სტრატეგიული "დუელი" თავის ხორვატ კოლეგას.


ქეცბაია VS ბილიჩი - 1:0!
როცა გუნდი თამაშს იგებს, რაღა თქმა უნდა, კონკრეტული ფეხბურთელ(ებ)ის დამსახურებას ვუსვამთ-ხოლმე ხაზს; წარუმატებლობის შემთხვევაში კი, როგორც წესი, მთავარ დამნაშავედ მუდამ მწვრთნელს მივიჩნევთ-ხოლმე; შაბათის მატჩში საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა მართლაც არნახული მონდომება გამოიჩინა და საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მატჩში მნიშვნელოვან გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა.

თუმცა, მოდი, ვაღიაროთ, რომ ყოველივე ეს ჩვენი მწვრთნელის სწორმა ტაქტიკურმა გათვლამ განაპირობა: მართლაც არ იყო "ჩვეულებრივი სცენა", თუ როგორი გაოცებული თვალებით შეცქეროდა ხორვატთა მთავარი მწვრთნელი მეორე ტაიმში მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. ბილიჩი, ისე როგორც, სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივართა უმრავლესობა, ალბათ, ელოდა კიდეც, რომ შესვენების შემდეგ ლადო დვალიშვილის ნაცვლად ჩვენი ნაკრების ცენტრფორვარდად დავით სირაძე ითამაშებდა; მაგრამ, ჯერ იმას ვერ წარმოიდგენდა, მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე მასპინძლები ბევრად უფრო აგრესიულ თამაშს რომ დაუპირისპირებდნენ ძლიერ მეტოქეს.

ჰო, თითქოს შიში გაუქრათო, ჩვენები ისე ათამაშდნენ და უკვე ერთი-ორი სახიფათო ფლანგური გარღვევაც გამოგვივიდა; თუმცა, მეტოქეც მაქსიმალურად ცდილობდა ზეწოლის განხორციელებას, მაგრამ პირველ ტაიმში რომ უპირატესობას ფლობდა, ამდაგვარი აღარაფერი ყოფილა. ამასთან, კვლავაც დამაჯერებლად იდგა კარში ნუკრი რევიშვილი, - სტუმართა მიერ სახიფათოდ შესრულებულ სტანდარტულებს უჩვეულო სიმშვიდით რომ უმკლავდებოდა.

მოკლედ, თამაში ფაქტობრივად გათანაბრდა და მატჩის ბოლო 30 წუთში კი მოედანზე არსებული ვითარება, ფაქტობრივად, 180 გრადუსით შეიცვალა. ყოველივე ეს კი შეცვლებმა განაპირობა და აი, სწორედ ამაში აჯობა კიდეც ქეცბაიამ თავის ხორვატ კოლეგას: ოთარ მარცვალაძის გამოჩენა ასე თუ ისე, პროგნოზირებადი კი იყო, მაგრამ ყველა ველოდით, რომ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშებდა. ქეცბაიამ კი ნაკრებში თამაშმონატრებული მარცვალაძე... ცენტრფორვარდად გაამწესა, ხოლო მოედნიდან გასული იაშვილის ადგილი ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე დავით სირაძემ დაიკავა. აბსოლუტურად სწორი გათვლა იყო: მართალია, სირაძე ჩინებულად თამაშობს თავით, მაგრამ ხორვატიის ნაკრების ტანმაღალ ცენტრალურ მცველებს (ლოვრენი, ჩორლუკა) შაბათს ფაქტობრივად, არც ერთი საჰაერო ორთაბრძოლა არ წაუგიათ და მაღალ გადაცემებზე აქცენტის გაკეთების ნაცვლად მოედანზე სწრაფი ფორვარდის გამოჩენას მეტოქისათვის დამაბნეველი ეფექტი უნდა მოჰყოლოდა; თუმცა, ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო: სახიფათო მომენტები უკვე სტუმართა კართან იქმნებოდა და ზურაბ ხიზანიშვილმა ზედიზედ ორჯერ სახიფათოდაც დაარტყა.

ამასობაში კი მოედანზე ენერგიით აღსავსე გოგიტა გოგუა გამოჩნდა, ვინც ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე დაიკავა ადგილი, ხოლო ლევან კობიაშვილმა მოედნის ცენტრში გადაინაცვლა; გოგუას გამოჩენასაც, ასე ვთქვათ, ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: ამ უშიშარ ფეხბურთელს თამაშიც უნდა გაემწვავებინა და ამასთან ერთად, დარიო სრნასთვის შეტევებში ხშირად ჩართვის საშუალება შეეზღუდა. ასეც მოხდა: კობიაშვილი-ხიზანიშვილი-სირაძის ჩინებული კომბინაციის შემდეგ გოგუა მეტოქის ორ მცველს შორის "გაძვრა" და მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი მიზანს ოდნავ აცდა.

ამასობაში ბილიჩსაც უკვე გაკეთებული ჰქონდა ორი შეცვლა, ოღონდ, ისიც ეტყობოდა, რომ ცოტა არ იყოს, "აიჭრა" კიდეც: ყოველ შემთხვევაში მოედნიდან რაკიტიჩისა და კრანჩარის გასვლის შემდეგ სტუმართა შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად შესუსტდა; სამაგიეროდ, უკვე ჩვენ დავიწყეთ მეტოქის ნახევარზე "საკუთარი თამაშის" ჩვენება და ამის ნათელი მაგალითი 81-ე წუთზე ოთარ მარცვალაძის მართლაც ზღაპრული რეიდი იყო - ქართველმა ფორვარდმა ეფექტური დრიბლინგით ლამის ნახევარი მოედანი გაირბინა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში შესულმა, თვითონვე მოინდომა ამ იერიშის დაგვირგვინება, არადა ერთდროულად ორი თანაგუნდელი ბევრად უკეთეს სიტუაციაში იმყოფებოდა.

ამის შემდეგ თამაში "გაიხსნა" და კიდევ ერთი სახიფათო მომენტის შექმნაც შეგვეძლო; თანაც, შეტევა მეკარე რევიშვილმა წამოიწყო, როცა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მოიგერია და ბურთი ეგრევე ჯაბა კანკავას "შეაყოლა"; ფაქტობრივად, სამი-სამზე ვრჩებოდით მეტოქის ნახევარზე, მაგრამ სტუმრებმა (დაღლა აშკარად რომ ეტყობოდათ) ეს ეპიზოდი კი განმუხტეს, მაგრამ აი, ბოლო წუთზე კი კანკავა-მარცვალაძე-კობიაშვილის ზღაპრული კომბინაცია ვიხილეთ, ჩვენი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის ზუსტი დარტყმით რომ დამთავრდა!..

მერე იყო მსაჯის მიერ დამატებული ის მართლაც კოშმარული 3 წუთი, ლამის უსასრულობაში რომ გადაიზარდა; ჯერ კალინიჩმა დაარტყა თავით სახიფათოდ, მაგრამ მცირედიც ააცილა; მერე უკვე რევიშვილის ჯერი დადგა: ჩვენმა მეკარემ ჯერ პრანიჩის ძლიერი დარტყმა მოიგერია, მერე იმავე კალინიჩსაც არ დაანება გოლის გატანა.

და აი, როგორც იქნა, იტალიელი არბიტრის სასტვენის ხმა გაისმა: ზეიმი ჯერ მოედანზე დაიწყო და ჩვენი ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელები არც მალავდნენ სიხარულის ცრემლებს; მერე, ზეიმი ქუჩაშიც გაგრძელდა: თბილისში მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა საქართველოს დროშებით მოფრიალე მანქანების მოძრაობა.

P.S. 2010 წლის დასაწყისიდან დღემდე ევროპაში ერთადერთი გუნდია დარჩენილი, არც ერთი ამხანაგური თუ ოფიციალური მატჩი რომ არ წაუგია - საქართველოს ნაკრები!







.

მკითხველის კომენტარები / 10 /
არასოდეს არ მიყვარდა ფეხბურთი მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშებს მაინც ვუყურებდი და მუდამ მჯეროდა.ეს რაღას საოცარი მოგება იყო, საქართველოდან შორს ვერ მოვახერხეთ თამაშის ყურება მაგრამ ანგარიშს ყოველთვის ვამოწმებდით.. ვერ წარმოიდგენთ რა სიხარული იყო 1:0 ტვალებზე სიხარულის ცრემლები მომადგა და ამხელა კაცი მატირა :)))) ჯიგრები ხართ და ყველას მოკითხვა შორიდან.....
avganeli
14:08 29-03-2011
0
ეგ ერთი, სხვა მრავალი! ქეცბაიას ხელშეწყობა თუ ექნა, პროგრესი გაგძელდება, თუმცა, ნაკრების შესაძლებლობების ზღვარიც ძალიან შორს არაა. იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩემპიონატში და ბავშვთა ფეხბურთში, მეტისმეტად ოპტიმისტურ მიზნებსაც ნუ დავუსახავთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ბოდიშს ვიხდი, თუ ღრუბლებში მონავარდეებს მიწისქენ გექაჩებით, მაგრამ მერე მიწაზე მტკივნეულად დანარცხებს, სჯობს ეხლავე რეალურად შევაფასოთ მდგომარეობა. ეიფორიაში დიდი ხნით დარჩენა არ ვარგა. ფაქტები განსჯისთვის: მარტო წლევანდელ ციკლში საფრანგეთს გასვლაზე მოუგო ბელარუსმა, სერბეთს გასვლაზე მოუგო ესტონეთმა, თურქეთს სახლში _ აზერბაიჯანმა და ა. შ.

დემე, ჩვენი ხარ! ჯიგარი ხარ! გამაგრდი
dato
01:30 29-03-2011
0

სიახლეები პოპულარული