კახა კალაძე: იმედია, რუბიკონი გადავლახეთ

AutoSharing Option
კახა კალაძეს არც გამარჯვება უკვირს და არც ტიტულები. ევროპულ საკლუბო დონეზე თითქმის ყველა მწვერვალზე შედგა ფეხი: “მილანთან” ერთად ორჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი, სერია  A-ს ჩემპიონის ოქროს მედლები და სხვა მრავალი ტიტულიც მოუპოვებია,  უდიდესი სიხარული განუცდია, უთამაშია მსოფლიოს ნაკრებში, მაგრამ საქართველოს ნაკრების კაპიტანი არასდროს ყოფილა ისეთი აღელვებული, როგორიც 26 მარტს - ხორვატიასთან მოგების შემდეგ კახას ჟურნალისტებმა კომენტარი რომ სთხოვეს, ლაპარაკის დასრულება გაუჭირდა - გამარჯვებით გახარებულ კაპიტანს სიხარულისგან თვალზე ცრემლი მოადგა და ხმა აუკანკალდა.

- უცხოელ სპეციალისტებს ყოველთვის უკვირდათ, რატომ ვერ ავლენდა
თავის შესაძლებლობებს საქართველოს ნაკრები, მაგრამ ბოლოს კი ხაზიც გადაგვისვეს. ახლა ისევ უკვირთ - როგორ გამოცოცხლდა ეს გუნდიო...
- თემურ ქეცბაიამ დისციპლინა დაამყარა და გუნდი მობილიზებული თამაშობს. თუმცა ხორვატიასთან მხოლოდ ამის წყალობით ვერ მოვიგებდით, რომ არა მაყურებლის გასაოცარი თანადგომა. ასეთი ქომაგობა არ მახსოვს. მიხარია, რომ ხალხს იმედი გავუმართლეთ. ყველას ვულოცავ ამ წარმატებას. ეს არის არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება.

- ყველა ნაკრებს რუბიკონის გადალახვა სჭირდება, საკუთარი შესაძლებლობები რომ ირწმუნოს.
- იმედია, რუბიკონი უკვე გადავლახეთ. ჩვენ არასდროს მოგვიგია მაშინ, როდესაც დაწინაურება შეგვეძლო და საქართველოს ნაკრებზე ამიტომაც ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ სერიოზულ თამაშებს ვერასდროს მოიგებდა.

მახსოვს 2000 წლის 28 მარტის შეხვედრა რუმინეთის ნაკრებთან. მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვიჩნდებოდა, მაგრამ დავმარცხდით და ხალხს იმედები გავუცრუეთ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი, ქეცბაიას ხელში გუნდს ბრძოლისუნარიანობა აშკარად დაეტყო. ხორვატიას, რომელიც ევროპასა და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ბოლო წუთამდე არაფერი დავუთმეთ და მოვუგეთ. ეს საქართველოს ნაკრების აშკარა პროგრესზე მეტყველებს.

- ხორვატები ზედმეტად თავდაჯერებულები ხომ არ იყვნენ?
- ხორვატია ჩვენი ჯგუფის საუკეთესო გუნდია და ეს გამოჩნდა კიდეც, მიუხედავად წაგებისა. ჩვენ არაფერი დავუთმეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ, 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ძალების კონცენტრაცია მოვახერხეთ, ბოლო წუთზე კი გამარჯვების გოლიც მოვიდა. ასეთ თამაშებში შეუძლებელია წინასწარ თქმა, რომ მოვიგებთ, მაგრამ როდესაც იბრძვი, შეცდომას არ უშვებ და მეტოქეს კარის აღების საშუალებას არ აძლევ, შანსი აუცილებლად მოგეცემა.

- ნაკრები მეორე ტაიმის შუიდან გააქტიურდა, როდესაც ხორვატების შტურმის მოლოდინში ვიყავით და ეს მატჩის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. ასე რამ გაგათამამათ?
- მთავარი ქეცბაიას სწორი შეცვლები იყო. მოედანზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაამართლეს, მაგალითად, ოთარ მარცვალაძემ, რომელმაც გოლის ეპიზოდში საუკეთესოდ ითამაშა.

- გავეცანით გიორგი დემეტრაძის დაკავებაზე თქვენს განცხადებას. დარწმუნებული ხართ, რომ უდანაშაულოა?
- მე ისე არ ვლაპარაკობ, სანამ ჩემი შეხედულების სისწორეში არ დავრწმუნდები. გიორგი დემეტრაძის შემთხვევაში კი ვამბობ, რომ ის უდანაშაულოა. შესაძლოა, ამ საქმეში კომპეტენტური პირი არ ვარ, მაგრამ ადვოკატებისგან ვფლობ ყველა ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობდა პროცესი. ამიტომ ვარ დარწმუნებული და ვიცი, რომ გიორგი დემეტრაძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ჩვენ ყველას გვინდა ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, სამართლიან საქართველოში და ამიტომ ვითხოვთ სამართლიანობას, როდემდე უნდა იყოს ასეთი გაუგებრობა?

- თქვენ გარდა, დემეტრაძეს საფეხბურთო სამყაროდან გვერდში ვინმე დაუდგა?
- ხორვატიასთან თამაშამდე ბიჭებს ვთხოვე, არავის არაფერი გამოეხატა, რადგან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და შესაძლოა, მათთვის ეს დიდი დარტყმა ყოფილიყო. ისრაელთან თამაშის შემდეგ კი ვნახოთ. ჩვენ მხოლოდ მხარდაჭერა შეგვიძლია, მეტი არაფერი.






.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კალადზე კაცია,აბა სხვამ ვინ ამოიგო ხმა.სად არიან არველადზეები, ეს არის მაგათი დზმაკაცობა, სკამს უფრთხილდებიან.ესეთი დზმაკაცობა იციან თბილისში.
status quo
12:27 29-03-2011
0
ზოგადად ადამიანები არიან დაშინებულები და ამის დასტურია თუნდაც გუშინდელი შალვა რამიშვილის გადაცემა.http://www.youtube.com/watch?v=XER4f0cUi3A
salome m
13:41 29-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული