ისრაელი ახლო ხედით

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ “ლელოს” ახალი რუბრიკის პრემიერა შემოგთავაზეთ და გელა სანაიასთან ერთად ხორვატიის ნაკრების თამაშის თავისებურებანი გავარჩიეთ. სლავენ ბილიჩმა ჩვენ მიერ ნავარაუდევ ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა, სამაგიეროდ, ხორვატებმა ქართველებს ზუსტად ისეთი სტრატეგია დაუპირისპირეს, როგორიც ჩვენი რუბრიკის სტუმარმა განჭვრიტა.

ახლა კი კვლავ სანაიასთან ერთად შევაფასოთ ჩვენი მომდევნო მეტოქე, ისრაელის ეროვნული ნაკრები.


ტაქტიკა
ებრაელთა ფრანგი თავკაცი ლუის ფერნანდესი უპირატესობას უმეტესად კლასიკურ 4-4-2 განლაგებას ანიჭებს, თუმცა მოედანზე ხშირად ხუთი ნომინალური მცველიც ჰყავს. სამაგიეროდ, ფერნანდესი თითქმის არასდროს ღალატობს ორცენტრფორვარდიან სქემას.

ისრაელის ნაკრები თამაშობს
სწრაფ ფეხბურთს და ცდილობს, მეტოქე თავიდანვე შეავიწროვოს. შინ და გარეთ გუნდი კარდინალურად განსხვავებულია, საკუთარ მოედანზე ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ, სტუმრად კი შეიძლება მაჩანჩალასთანაც გაუჭირდეს.

ყველას კარგად გვახსოვს შარშან, სექტემბერში გამართული საქართველო-ისრაელი, სადაც სტუმრებმა აშკარად ფრეზე ითამაშეს. თელ ავივში ებრაელები მოედანზე, ცხადია, სხვა განწყობითა და განზრახვით გავლენ.

მთლიანობაში, სანაია მიიჩნევს, რომ ისრაელის ნაკრები ტაქტიკურად ძალიან განსწავლული გუნდია, რაშიც მწვრთნელის დიდ დამსახურებას ხედავს.


შემადგენლობა
ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის ნახევარი უკვე მიილია და ფერნანდესმა ვერაფრით მიაგნო იდეალურ შემადგენლობას. თავად განსაჯეთ, განვლილ ხუთ ოფიციალურ მატჩში ისრაელის ნაკრების ღირსება 26-მა ფეხბურთელმა დაიცვა, სანაკრებო შეკრებებზე კი, ბუნებრივია, ამაზე გაცილებით მეტი მოთამაშე იყო გამოძახებული.

შესაბამისად, საკმაოდ რთული იქნება იმ კონტინგენტის განსაზღვრა, რომელსაც ფერნანდესი 29 მარტს დაგვიპირისპირებს. მაინც სჯობს, სავარაუდო შემადგენლობად ის ხალხი მივიჩნიოთ, რომლებსაც ფრანგი შაბათს ლატვიასთან მოგებულ შეხვედრაში დაეყრდნო.

ესპანურ პრიმერადივიზიონში ჭიპმოჭრილი მეკარე დუდუ ავატე ისრაელის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც შესარჩევის ხუთივე თამაში სრულად ჩაატარა. მის თანაგუნდელთაგან არავის დაუწყია ძირითადში ხუთივე მატჩი, ისეთი ფეხბურთელი კი, რომელსაც შესარჩევი შეხვედრა ჯერ არ გამოუტოვებია, ორად ორია - ლიორ რაფაელოვი და გილ ვერმუთი. ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია ებრაელთა დაცვის ბურჯი ტალ ბენ ჰაიმიც, რომელმაც ერთი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

საქართველოსთან კარში უთუოდ ავატე დადგება; დაცვის ცენტრში ბენ ჰაიმის მეწყვილე, სავარაუდოდ, ტალბ ტავატა იქნება, მარჯვენა მცველად უნდა ველოდოთ იოავ ზივს, მარცხნივ კი ალბათ რამი გერშონს გაამწესებენ; ნახევარდაცვის ცენტრში, სავარაუდოდ, ითამაშებენ ბებრას ნათხო და ბირამ ქაიალი; ფლანგებიდან შეუტევენ იცხაკ კოჰენი და ომერ დამარი; თავდასხმაში კი რაფაელოვს უფრო დისკვალიფიკაციამოხდილი ეტეი შეხტერი უნდა დაეხმაროს.


მთავარი ვარსკვლავი
ებრაელთა მთავარი და, კაცმა რომ თქვას, ერთადერთი ვარსკვლავია იოსი ბენაიუნი. ალბათ გახსოვთ, ლონდონის “ჩელსის” შემტევი ნახევარმცველი ადრეულ შემოდგომაზე დაშავდა და მიმდინარე შესარჩევში მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო. ბენაიუნმა თბილისსიც ითამაშა, პირველ ტურში კი მალტას ჰეთ თრიქი შეუსრულა. რასაკვირველია, მისი არყოფნით ისრაელის ნაკრების შემტევი პოტენციალი საგრძნობლადაა შესუსტებული, მაგრამ ფერნანდესის განკარგულებაში მაღალი კლასის ფეხბურთელები კიდევმოიძებნებიან.


შეტევა და კონტრშეტევა
ისრაელი კარგად უტევს როგორც ცენტრიდან, ასევე ფლანგებიდან. განსაკუთრებით კარგად გამოსდის სწრაფი კონტრიერიშები, რასაც ფეხმარდი გარემარბების წყალობით ახერხებს. თუ მეტოქემ გასაქანი მისცა, ფერნანდესის გუნდი თავიდანვე ცდილობს საგოლე შანსების მოძებნას. თუმცა, მაგალითად, ხორვატიასთან ეს ძალიან ძნელად გამოსდიოდა. ბილიჩის გუნდმა ისრაელთან საგარეო მატჩში მოედნის ცენტრი თავიდანვე დაიპყრო და პირველ ტაიმში გატანილი გოლებით გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. იმედია, ჩვენი ნახევარდაცვის ცენტრი, რომელიც ხორვატიასთან მაღალ დონეზე მუშაობდა, არც ისრაელს მისცემს გასაქანს.

სანაია ფიქრობს, რომ სისწრაფისა და ტექნიკის მიუხედავად, ებრაელი შემტევები განსაკუთრებული ფანტაზიით არ გამოირჩევიან და სწორხაზოვან, არცთუ რთულად პროგნოზირებად გადაწყვეტილებებს იღებენ.


რა უნდა დავუპირისპიროთ
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისრაელი საქართველოს წინააღმდეგ უთუოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს და, წესით, მეტოქის ამგვარი გეგმა ჩვენთვის ხელსაყრელი უნდა იყოს. მთავარია, ისევე, როგორც ხორვატიასთან მატჩში შევძელით, დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით ვითამაშოთ და მასპინძლებს ცენტრი არ დავუთმოთ. საგოლე შანსები კი, წესით, ჩვენც უნდა მოგვეცეს.


ისრაელი შესარჩევის განვლილ ხუთ მატჩში
მატჩი ძირითადში გოლი
დუდუ ავატე 5 5 -6
ლიორ რაფაელოვი 5 4 -
გილ ვერმუთი 5 1 -
ტალ ბენ ჰაიმი 4 4 -
ტამირ კოჰენი 4 4 -
ალმოგ კოჰენი 4 4 -
ბებრას ნათხო 3 3 -
დექელ ქეინანი 3 3 -
დანი ბონდარვი 3 3 -
ბერამ ქაიალი 3 3 1
ელიანივ ბარდა 3 2 1
ბენ საჰარი 3 2 -
ეიალ გოლასა 3 1 -
იოსი ბენაიუნი 2 2 3
ეტეი შეხტერი 2 2 1
იოავ ზივი 2 2 -
რამი გერშონი 2 2 -
დედი ბენ დაიანი 2 2 -
რობერტო კოლაუტი 2 1 -
ერან ზაჰავი 2 1 -
ელროი კოჰენი 2 1 -
შლომი არბეიტმანი 2 - -
ომერ დამარი 1 1 -
ტალბ ტავატა 1 1 -
იცხაკ კოჰენი 1 1 -
მაორ ბარ ბუზაგლო 1 - -


2.09.2010
ისრაელი-მალტა 3:1
გოლები: ბენაიუნი (3)

7.09.2010
საქართველო-ისრაელი 0:0

9.10.2010
ისრაელი-ხორვატია 1:2
გოლი: შეხტერი

12.10.2010
საბერძნეთი-ისრაელი 2:1
ავტოგოლი: სპიროპოლუსი

26.03.2011
ისრაელი-ლატვია 2:1
გოლები: ქაიალი, ბარდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მძიმე თიმაში გველოდება. ჯიგარი დავდოთ და აუცილებლად მოვიგებთ.
guja_kakhadze
13:46 29-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული