ქეცბაიას პირველი მარცხი

AutoSharing Option
დასასრული ყველა სერიას აქვს და რა გასაკვირია, რომ შინ ძლიერად მოთამაშე ისრაელმა საქართველოს ნაკრების ხანგრძლივ დაუმარცხებელ პერიოდს წერტილი დაუსვა. მატჩის შედეგს სენსაციური ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ხორვატიის დამარცხებამ ქართველ ქომაგს მადა გაუძლიერა და სავსებით ლოგიკურად გვქონდა თელ ავივიდან თუნდაც ქულით დაბრუნების იმედი.

სამწუხაროდ, ჩვენს იმედებს ცივი წყალი გადაესხა. ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევი ციკლის ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა და გამარჯვება ებრაელებს დარჩათ - უნდა ვაღიაროთ, რომ აბსოლუტურად დამსახურებულად. კარგად ვიცოდით, რომ ისრაელის ნაკრები შინ და გარეთ ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული გუნდია, მაგრამ
გუშინ მან განსაკუთრებით შთამბეჭდავად ითამაშა - სწრაფი, კომბინაციური და ტექნიკური სტილით ჩვენს ბიჭებს თავგზა აუბნია და აქამდე საიმედო დაცვით გამორჩეულ საქართველოს ნაკრებს უკანა ხაზში საბედისწერო შეცდომა დააშვებინა.

დაპირებული ანშლაგი არ შედგა. “ბლუმფილდი” დაახლოებით სამი მეოთხედით შეივსო. როგორც აგვიხსნეს, იმიტომ, რომ გუშინ საღამოს ადგილობრივი საკალათბურთო “მაქაბი” მნიშვნელოვან საერთაშორისო მატჩს ატარებდა და ქომაგთა ნაწილმა არჩევანი ამ სანახაობის სასარგებლოდ გააკეთა. სრულად არ შევსებულა საქართველოს ნაკრების გულშემატკივართათვის გამოყოფილი ორი სექტორიც, მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდს ათასამდე მხარდამჭერი მაინც ჰყავდა. ნაღდი საფეხბურთო ატმოსფერო კი ნამდვილად იყო. ხალხმა ისრაელის ჰიმნიც ხმაშეწყობილად იმღერა და მთელი 90 წუთის განმავლობაშიც არ შეუწყვეტია საყვარელი გუნდის ენერგიული მხარდაჭერა. სამხედრო სასულე ორკესტრიც კარგი მოსასმენი იყო.

ხორვატიასთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ქეცბაიამ ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლადო დვალიშვილს ოთარ მარცვალაძე ამჯობინა, გოგიტა გოგუას გამოკლების გამო კი 18-კაციან განაცხადში ნიკა გელაშვილი მოხვდა.

ორივე გუნდმა დაახლოებით იდენტური ტაქტიკით ითამაშა - ოთხი მცველით, სამი საყრდენით, ორი გარემარბითა და თითო ცენტრფორვარდით. საქართველოს ნაკრების განლაგებაში ახალი ბევრი არაფერი იყო, მხოლოდ ისაა ნიშანდობლივი, რომ დროდადრო ლევან კობიაშვილი მარცხენა ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ იწევდა და ადგილს მურთაზ დაუშვილს უცვლიდა.

ჩვენები თავიდანვე დაბნეულად გამოიყურებოდნენ, არადა, ებრაელთა მხურვალე ქომაგობის მიუხედავად, სტადიონის გაბარიტების გამო “ბლუმფილდის” სიტუაცია სულაც არ ჩანდა ძალიან დამთრგუნველი. ჩვენი შემტევი სტრატეგია მარტივი იყო - როგორმე ბურთი მარცვალაძემდე უნდა მისულიყო. სამწუხაროდ, ხორვატიასთან საგოლე პასის ავტორს გუშინ გასაქანი არ მისცეს.

თამაში მთელმა გუნდმა ჩააგდო. ბევრი იყო ტექნიკური წუნი, ქეცბაიას შეგირდებს უჭირდათ სწრაფი აზროვნება და დროული გადაწყვეტილებების მიღება, ხშირი იყო ურთიერთშეუთანხმებლობა, როცა ამის საჭიროება დადგა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ განსაკუთრებით მწირი გვაქვს შემტევი პოტენციალი...

სავალალო იყო სტატისტიკაც - კუთხური საერთოდ არ მოგვიწოდებია, მეტოქის კარის ჩარჩოში კი ერთადერთხელ დავარტყით.

ბუნებრივია, იყო გადაღლილობის ფაქტორიც. ხორვატიის ძლევამ ჩვენს ბიჭებს დიდი ენერგია წაართვა, რასაც მგზავრობა და უცხო გარემოსთან აკლიმატიზაცია მოჰყვა. ებრაელებმა კი თამაშიდან თამაშამდე არსებული სამდღიანი ინტერვალი სამშობლოში გაატარეს და ლატვიის დამარცხების შემდეგ საქართველოსთან დაპირისპირებისთვის ძალები გაცილებით უკეთ აღიდგინეს.

მასპინძლებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება თავიდანვე სცადეს და სწრაფადაც უტევდნენ, მაგრამ ქართული დაცვა პირველ ტაიმში საფრთხეს უშეცდომოდ და აუღელვებლად ანეიტრალებდა. კარში პირველად ებრაელებმა დაარტყეს. მაორ ბუზაგლოს არცთუ სახიფათო დარტყმა ნუკრი რევიშვილმა იოლად გაანეიტრალა. სამაგიეროდ, მე-17 წუთზე აშკარად გადავრჩით. რევიშვილმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და რამი გერშონის თავური კუთხურზე მოიგერია.

ორიოდე წუთში ჩვენს საჯარიმოში კიდევ ერთხელ “დაცხა”. ელიანივ ბარდა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მას გასცდა კიდეც, მაგრამ კარიდან ძალიან მახვილ კუთხეში აღმოჩნდა და ეს სახიფათო მდგომარეობაც განიმუხტა. პირველ ტაიმში ქართველთა აქტივში ორიოდე არაზუსტი დარტყმა იყო.

თამაში საკმაოდ ხისტი გამოვიდა, დებიუტში კი უხეშობაც ძალიან ხშირი იყო. მე-3 წუთზე დაუშვილს მეტოქის ფეხი თავში მოხვდა და ძალების მოსაკრებად და მოედანზე დასაბრუნებლად გვარიანი დრო დასჭირდა.

34-ე წუთზე ალექსანდრე იაშვილი ორ მეურვეს გასცდა და საჯარიმოში ჩააწოდა. ლევან კობიაშვილი თავურის დარტყმას აპირებდა, მაგრამ ბურთს ვერ მიასწრო. 40-ე წუთზე ბებარს ნათხოს მიერ შესრულებული ჯარიმა კარს ზევიდან სულ მცირედით გადასცდა - რევიშვილი აქ უძლური იქნებოდა.

მატჩის დებიუტში მიღებულმა ტრავმამ დაუშვილს მოედანზე სრულად დახარჯვის საშუალება აღარ მისცა და მეორე ტაიმის დასწაყისიდანვე მოედანზე მის ნაცვლად დავით კვირკველია შევიდა, რომელმაც ჩვეული მარცხენა ფლანგი დაიკავა, კობიაშვილი კი ცენტრში გადავიდა.

57-ე წუთზე ნათხომ კიდევ ერთხელ დაარტყა ჯარიმა და კიდევ ერთხელ გადავრჩით. სამაგიეროდ, ვეღარაფერმა გვიხსნა ორიოდე წუთის შემდეგ. ჩვენი დაცვა ჩავარდა, მოედანზე ახლად შესულმა ტალ ბენ ჰაიმმა (მოგვარე და მოსახელე უფრო ცნობილ ფეხბურთელში არ აგერიოთ) ლიორ რაფაელოვისგან გამოზომილი გადაცემა მიიღო და რევიშვილს შანსი არ დაუტოვა. საგოლე დარტყმა ამ თამაშში მისი პირველი შეხება იყო ბურთთან.

ქეცბაიამ შეტევა მომენტალურად გააძლიერა. შეცვლაზე შესულ მაქაბელ დვალიშვილს სტადიონი გამაყრუებელი სტვენით შეხვდა, 71-ე წუთზე კი ლადომ თამაშის გადარჩენისა და ებრაული პუბლიკის დადუმების შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ მასპინძელთა მეკარისა და მცველების შეუთანხმებლობით ვერ ისარგებლა და ბურთი დაუცველ კარს ააცილა.

თუკი ეს ჩვენი ერთადერთი ნაღდი საგოლე შანსი იყო, ისრაელს ანგარიშის გაზრდა ბევრჯერ შეეძლო. ზემოთ ნახსენებ ეპიზოდებს ის მომენტიც უნდა დავუმატოთ, კახა კალაძე ბარდას დარტყმას რომ გადაეფარა - გოლი ალბათ, გარდაუვალი იქნებოდა.

მძიმე ტრავმის შემდეგ ისრაელის ნაკრებს იოსი ბენაიუნი დაუბრუნდა და ადვილი წარმოსადგენია, როგორი დახვედრა მოუწყო პუბლიკამ ქვეყნის მთავარ ვარსკვლავს.

თითქოს წაგება არ კმაროდაო, სახორვატიედ კობიაშვილი და მარცვალაძე დავკარგეთ. თელ ავივში მიღებული გაფრთხილებები მათ სპლიტში თამაშის უფლებას არ გვაძლევს.

ასე დასრულდა საქართველოს ნაკრების სამარტო ამბები. ორ მატჩში სამი ქულა ავიღეთ, რაც ამ შეხვედრებამდე ალბათ, ბევრს დააკმაყოფილებდა, გუშინ მაინც ძალიან საწყენი მარცხი ვიწვნიეთ. მარცხი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის დონე შეგვახსენა.

ამ შედეგმა მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო დაამწუხრა, მაგრამ პოზიტივის დანახვა ამაშიც შეიძლება - სულ ცოტა ხნის წინ ხომ საქართველოს ნაკრების მარცხი აღარც უკვირდათ და დიდად აღარც სწყინდათ.


ისრაელი-საქართველო 1:0
გოლები: 1:0 ბენ ჰაიმი II (59)

ისრაელი საქართველო

ავატე რევიშვილი
ბონდარავი სალუქვაძე
ბენ ჰაიმი I ხუბუტია
ქეინანი ამისულაშვილი
გერშონი კალაძე
ნათხო კანკავა
ქაიალი ხიზანიშვილი
ა. კოჰენი დაუშვილი
ბუზაგლო იაშვილი
რაფაელოვი კობიაშვილი
ბარდა მარცვალაძე

მწვრთნელი მწვრთნელი
ლ. ფერნანდესი თ. ქეცბაია

ისრაელი
53. ნათხო - ბენ ჰაიმი II
63. რაფაელოვი - ვერმუთი
72. ბარდა - ბენაიუნი
სათადარიგოები: გორეში, ტავატა, ალბერმანი, ბენ საჰარი

საქართველო
46. დაუშვილი - კვირკველია
64. იაშვილი - დვალიშვილი
73. მარცვალაძე - სირაძე
სათადარიგოები: ლორია, კაშია, ალადაშვილი, გელაშვილი

გაფრთხილება: ამისულაშვილი (43), მარცვალაძე (45), ა. კოჰენი (62), ბონდარვი (76), კობიაშვილი (89)

არბიტრი: ფ. ფოტრელი (საფრანგეთი)


ლევან ჯანეზაშვილი ისრაელიდან







.
მკითხველის კომენტარები / 19 /
არაფერი ისეთი ძლიერად არ უთამაშია ისრაელის ნაკრებს - საშუალო დონის გუნდია. - უბრალოდ საქართველოს ნაკრების თამაშს სახელი არ ქონდა.
რამოდენიმე ფაქტი:
*- კარში ერთი ბურტი არ დაურტყიათ;
*- ბევრი ახალგაზრდა ლეგიონერი მართლა იმ ლიგაში არის და იმ დონის გუნდში რასაც იმასახურებს - არანაირი იდეა არავისგან არ გამოჩნდა;
*- დააკვიდიტ ბურთი როგორ გავიდა - ჯერ ერტ მხარეს გარბოდნენ კველა ჩვენი მცველები - მერე მეორე მხარეს - არავიტარი გააზრებული გუნდური ტამაში.
*- ზოგერთა სისუსთის გამო კალაძეს და ამისულაშვილი სხათა საქმმის კეთებაც უწევტ;
*- მე შეიდძლება მომეჩვენა მაგარმ კობიაშვილი რომელიც ნაკრებში ერტ-ერტი საუკეტესო - დზალიან ბევრს უბურტოდ აგარ მოძრაობს და არ არის საუკეტესო ფიზიკურ ფორმაში.

ასე რომ ის ფაქთი ვინ სად თამაშობს ეტკობა ასახავს ტუ რა დონის მოტამაშეებიც არიან (იაშვილს მინდა ბოდიში მოვუხადო რადგან ყოველთვის ცდილობს რომ გაისარჯოს)
eddy
06:21 30-03-2011
0
რა ფიზიკურ ფორმაში უნდა ყოფილიყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ხორვატიასთან ძალების 150% დახარჯეს, მეორე დღეს ისრაელში გაფრინდნენ და მესამე დღეს უკვე თამასი ქონდათ. ვისაც სპორტთან შეხება ქონია, კარგად ეცოდინება ეს რასაც ნიშნავს...
Giorgipirweli
09:35 30-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული