სად შეძლებს ლადო დვალიშვილი და სად ვერა

AutoSharing Option
თელ-ავივში ერთი საინტერესო პიროვნება გავიცანით - ცნობილი ებრაელი საფეხბურთო მენეჯერი ჯეკი დანი. იგი ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, ლადო დვალიშვილთან თანამშრომლობს და სწორედ მისი გაჩარხულია საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ჰაიფას “მაქაბიში” კონტრაქტი.

დანის სხვა ჩვენებურებთანაც სურს საქმის დაჭერა, იგი ისრაელი-საქართველოს მატჩს დაესწრო და საინტერესო ფეხბურთელების გვარები მოინიშნა. მას თამაშამდე გავესაუბრეთ.

- თუ საიდუმლო არ არის, კონკრეტულად რომელიმე ქართველ ფეხბურთელზე გსურთ დაკვირვება თუ თამაშის შემდეგ გადაწყვეტთ, ვის შესთავაზოთ საკუთარი სამსახური?
- გულახდილად რომ გითხრათ, იმ ქართველებს, რომლებიც ისრაელზე უკეთეს ლიგებში თამაშობენ,
ჩემთან ურთიერთობა არ სჭირდებათ, მაგრამ თქვენს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელებიც არიან, რომელთათვისაც ჩვენს ქვეყანაში გადმოსვლა სერიოზული წინსვლა იქნება. ძალიან მომწონს მურთაზ დაუშვილის თამაში. მის შესახებ წარმოდგენა მხოლოდ ვიდეოჩანაწერებით მაქვს, ახლა კი ცოცხლადაც შევაფასებ.

სამწუხაროა, რომ ჯანო ანანიძეს ვერ ვიხილავ. ბუნებრივია, მასთან საქმიანი ურთიერთობა არ გამომივა, უბრალოდ, მისი თამაშით დავტკბებოდი. ძალიან მომწონს ლევან ყენიაც და ვწუხვარ, რომ ტრავმებმა ასე გააწამა. ვნახავ, კიდევ ვინ გამოიჩენს თავს. სულაც არაა აუცილებელი, ეროვნული ნაკრების წევრი იყოს, საინტერესო ფეხბურთელების მოძიება საქართველოს ჩემპიონატშიც შეიძლება, ასე რომ, თქვენს ქვეყანას მალე ვეწვევი.

- ქართველი ფეხბურთელები სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევიან თუ საქართველო თქვენთვის რიგითი პოტენციური ბაზარია?
- იმის მიუხედავად, რომ ქართულ ფეხბურთს საუკეთესო დროება არ უდგას, ქართველი ფეხბურთელის სხვებისგან გარჩევა ტექნიკითა თუ არაორდინარული გადაწყვეტილებებით მაინც შეიძლება. თქვენებურებით კიდევ იმიტომ ვარ დაინტერესებული, რომ ქართველები ისრაელს იოლად ეგუებიან და აქაურ საფეხბურთო და ცხოვრების სტილთან ადაპტირებას ადვილად ახერხებენ. ევროპიდან კი ისრაელში სათამაშოდ ძნელად თუ ჩამოიყვან მაღალი დონის ფეხბურთელს - თითქმის არავის უნდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მისი უსაფრთხოება გარანტირებული არ არის. არადა, თავადაც დარწმუნდით, რომ ისრაელის შესახებ წარმოდგენები გაზვიადებულია - თელ-ავივსა და სხვა ქალაქებში ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიდის და ხალხი თავს მშვიდად გრძნობს.

- ისრაელში უფრო რომელ პოზიციაზე მოთამაშე ლეგიონერებზეა მოთხოვნა?
- აქ განსაკუთრებით მაღალი დონის თავდამსხმელის მოძებნა ჭირს, თუმცა კარგი ფეხბურთელები ყველა ამპლუისა გვჭირდება.

- როგორია თქვენი აზრი ლადო დვალიშვილზე, რის ხარჯზე შეძლო მან “მაქაბიში” და ისრაელის ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად დამკვიდრება?
- “ბაბუს” (ასეთი მეტსახელი შეარქვეს ლადოს ისრაელში) ძლიერი თავდამსხმელისთვის საჭირო არაერთი თვისება აქვს, მაგრამ მისი უმთავრესი ღირსება გასაოცარი შრომისმოყვარეობაა. გარდა ამისა, საოცრად წესიერი და თავმდაბალი ადამიანია და ამის გამო მწვრთნელებისა და თანაგუნდელების კეთილგანწყობა უმალ მოიპოვა.

- აქვს თუ არა მას იმის მონაცემები, რომ კარიერა უფრო მაღალ დონეზე გააგრძელოს?
- დარწმუნებული ვარ, დვალიშვილი პრემიერლიგის, პრიმერა დივიზიონის, სერია A-სა თუ ბუნდესლიგის საშუალო გუნდებში ფეხს იოლად მოიკიდებს. აი, გრანდებში დამკვიდრება კი ნამდვილად გაუჭირდება. მას ერთადერთი ნაკლი აქვს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერასდროს გამოასწორებს - სისწრაფე აკლია.

- ბოლო დროს მის სავარაუდო ტრანსფერზე ბევრს ლაპარაკობენ. მაინც რას უნდა ველოდოთ ზაფხულის ფანჯრისას?
- დვალიშვილის მსურველ კონკრეტულ კლუბებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ მერწმუნეთ, ისინი მრავლადაა. მას კონტრაქტს სთავაზობენ როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთევროპული კლუბები. ერთი სიტყვით, დიდია იმის შანსი, რომ “მაქაბიმ” დვალიშვილი ამ ზაფხულსვე გაყიდოს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, “ბაბუ” მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ამჟამინდელი გუნდის მაისურით ვიხილოთ.

- ისრაელის ნაკრები არასტაბილურ გუნდად რჩება. აქვს თუ არა მას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გასვლის პოტენციალი?
- უდავოდ აქვს, მაგრამ ამისთვის პირველ რიგში, მწვრთნელის შეცვლაა საჭირო. ჩემი აზრით, ნებისმიერ ნაკრებს ადგილობრივი სპეციალისტი უნდა წვრთნიდეს. უცხოელი ჩვენ მით უფრო არ გვჭირდება, რადგან ისრაელი მაღალი დონის მწვრთნელების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვყავს ავრამ გრანტი, ელიშა ლევი, ელი გუტმანი და სხვები. გრანტს ისრაელის ნაკრებში უკვე უმუშავია და ჩვენთან ნაკრებიდან წასული მწვრთნელები უკან არასდროს ბრუნდებიან, ლევი და გუტმანი კი ლუის ფერნანდესის იდეალურ შემცვლელებად მიმაჩნია.

- საქართველოს ამჟამინდელ ნაკრებს როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებთ?
- ალბათ, დამეთანხმებით, რომ ევროპული დონის მოთამაშე სულ რამდენიმე გყავთ, თქვენი ნაკრების მთავარ ვარსკვლავად კი თემურ ქეცბაია მიმაჩნია. იგი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და ვგონებ, მწვრთნელობაში კიდევ უფრო მეტს მიაღწევს. ვფიქრობ, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ამ ციკლშიც იბრძოლებს ჯგუფიდან გასასვლელად და თუ ქეცბაია პოსტზე დარჩა, მომავალში კიდევ უფრო ძლიერი გუნდი გეყოლებათ. ქართული ფეხბურთის დიდ თაყვანისმცემელად ჩამთვალეთ, ისრაელის შემდეგ სწორედ თქვენს ნაკრებს ვქომაგობ.





.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დვალიშვილი საერთოდ არ არის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი.შეცდომები ყველას მოსდის, მარადონას და ზიდანს თავის დროზე ვერ გაუტანიათ 11 მეტრიანი, მაგრამ რა მომენტიც გაუშვა ხელიდან დვალიშვილმა ისრაელთან თამაშის დროს, იყო ტრაგედია და კატასტროფა. ამ მომენტის გამოუყენებლობა (ანუ გოლის არგატანა)უფრო რთული იყო, ვიდრე მისი გამოყენება.ეს კი მის დაბალ სათამაშო კლასზე მიუთითებს.. დვალიშვილის არაფრით არ იყო გამორჩეული არც მალტასთან თამაშის დროს და შესაბამისად არ არის სანდო ფორვარდი.
devivi
18:31 05-04-2011
0
დვალიშვილს რო არ გაემაზა ვიგებდით? ეგეთებს და უარესებს ყველა დიდ გუნდში და ჩემპიონატში მაზავენ რამდენსაც გინდათ. თუ წარმატებები გვინდა, იმ პრობლემებზე ჯობია ლაპარაკი, რის გამოც ფეხბურთის დონის თვისობრივი ამაღლება პრინციპში გახდა შეუძლებელი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული