იტალიური "ჯენოას" მცველი დემეტრაძის დაკავებას პირველივე დღეებში გამოეხმაურა, სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ კი, კალაძემ სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა. მალევე ერთ-ერთმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახა კალაძეც დააპატიმრეს. სიმართლის დასადგენად ფეხბურთელს იტალიაში დავუკავშირდით.
- გიორგი ჩემი მეგობარია, მაგრამ დამნაშავე რომ იყოს და ქურდულ სამყაროსთან მართლაც ჰქონდეს კავშირი, მერწმუნეთ, ხმას არ ამოვიღებდი!
სისხლის სამართალში კომპეტენტური პირი არ ვარ. ამიტომაც კონსულტაციები იურისტებთან გავიარე. ადვოკატების თქმით, ამ საქმეს ბევრი ხარვეზი ახლდა, - გარდა იმისა, რომ დემეტრაძის ბრალეულობის დამამტკიცებელი საბუთი არა აქვთ, არც ადვოკატებს მისცეს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. ჰყავთ ორი თავიანთი მოწმე და სულ ეს არის მათი მტკიცებულება.
- თქვენს განცხადებაში ნათქვამია: "ქვეყანაში შიშის სტერეოტიპი არსებობს, რომელიც ყველამ უნდა დავამსხვრიოთ - პირველ რიგში, საკუთარ თავში". რადგან ასეთ მიმართვას ავრცელებთ, ჩანს, თავად არ გეშინიათ.
- რისი უნდა მეშინოდეს? ძალიან ბევრია დაშინებული, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი. ქართველი კაცის ბუნება ყველამ ვიცით, შეიძლება ყველაფერი მოითმინოს: გაჭირვება, შიმშილი, უშუქობა, უგაზობა, მაგრამ სულში ჩაფურთხებას, შეურაცხყოფას არ მოითმენს!
- დემეტრაძე მხოლოდ თქვენი მეგობარი არ არის, საფეხბურთო სამყაროდან მის მხარდასაჭერად თქვენს მეტს არავის უთქვამს რამე.
- ხორვატიასთან მატჩამდე განცხადება მე, როგორც ნაკრების კაპიტანმა, გავაკეთე. როდესაც ნაკრების წევრებმა გაიგეს, რომ დემეტრაძეს 6 წელი მიუსაჯეს, ყველა დათრგუნვილი იყო. სხვების განცხადებას რაც შეეხება, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი ჩემთან ერთად უნდა მისულიყო პრესკონფერენციაზე, მაგრამ დაიმალნენ, არ გამოჩენილან.
- საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებზეა ლაპარაკი?
- დიახ. არადა, ისეთი ხალხი დადგა ვაჟკაცურად, ვისაც შეიძლება ყველაზე ნაკლებად ეკუთვნოდა ეს. ინგა გრიგოლია ჩემთან ერთად თავდებად დაუდგა გიორგის. იმედია, დემეს მალე გაათავისუფლებენ. გავიგე, ვატო ყიფიანი დაუჭერიათ მოსკოვში და, ალბათ, გაირკვევა ყველაფერი.
- თქვენ თქვით, რომ ისრაელთან მატჩის შემდეგ გააკეთებდით მორიგ განცხადებას.
- საქმე გასაჩივრებულია და ვნახოთ. თავს ზემოთ ძალა არ არის, მაგრამ მე რაც შემიძლია, გავაკეთებ.
- ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა, დემეტრაძის მხარდასაჭერი განცხადების შემდეგ კალაძეც ჰყავდათ დაკავებულიო. მართალია?
- ეს ისეთი სისულელეა, არა მგონია, ღირდეს კომენტარის გაკეთება.
რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
.
კალაძე მართალი კაცი ყოფილა.