ხორვატია-საქართველოს მატჩი და სპლიტის "დათარსული" სტადიონი

AutoSharing Option
რა დასამალია და, სანამ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფში ხორვატია საქართველოს ნაკრებთან პირველ მატჩს გამართავდა, ამ ციცქნა, მაგრამ დიდი საფეხბურთო ამბიციების მქონე ევროპულ ქვეყანაში ჩვენთან დაპირისპირებას ძალიან უგერგილოდ უდგებოდნენ.

ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად კი ხორვატია-საქართველოს მატჩის პატარა საპორტო ქალაქ სპლიტში გამართვის გადაწყვეტილებაზე თავდაპირველი რეზონანსიც გამოდგება - თავიდან ხორვატიის სხვა ქალაქების გულშემატკივრებს გული დიდად არ დასწყვეტიათ და არც გაუპროტესტებიათ მატჩის ადგილი.

მაგრამ მოხდა ის, რაც შემდეგ მოხდა და მას შემდეგ, რაც ნაქები ხორვატიის ნაკრები თემურ ქეცბაიას შეგირდებმა თბილისში გააწბილეს,
რევანშის წყურვილით აღტკინებულ ხორვატ გულშემატკივრებს უმალ გაახსენდათ - საპასუხო მატჩი არა ზაგრებში ან რომელიმე დიდ ქალაქში, არამედ სპლიტშია დანიშნული.

ერთი სიტყვით, საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოს ნაკრებთან ივნისში გასამართმა მატჩმა ხორვატულ ქალაქებს შორის შუღლი ჩამოაგდო.

როგორც ცნობილია, თავად ხორვატიის ეროვნული გუნდის მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს ქალაქ სპლიტში, "პოლიუდის" სტადიონზე მატჩის გამართვის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატთა უმთავრეს გუნდს ეს არენა არცთუ მთლად კარგად აქვს დაცდილი, ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ ამ ცრურწმენას ივნისშივე გააცამტვერებენ.

ვინ ვის გააცამტვერებს ხორვატია-საქართველოს მატჩში, ეს ივნისში გამოჩნდება, მაგრამ კმაყოფილი სპლიტელებისგან განსხვავებით, ხორვატიის ქალაქების - ზაგრებისა და ოსიეკის მოქალაქენი კი ცოფებს ჰყრიან - ხუმრობა ხომ არ არის, შესაძლოა, ევრო-2012-ის საგზურის ბედი დიდწილად ამ მატჩშიც გადაწყდეს და რაღა ამ "დათარსულ" მოადნზე უნდა შედგეს თამაშიო.

ეგ კი არადა, უკვე "წლის მატჩად" მონათლული შეხვედრის მასპინძლობაზე დავაში, გულშემატკივრებთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების მერები და ადგილობრივი კლუბების პრეზიდენტებიც კი ჩაებნენ.

ატეხილ ალიაქოთში დამნაშავენი, უპირველეს ყოვლისა კი "ჰაიდუკის" ბოსები არიან, რომლებმაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას საკუთარი არენა სტადიონ "მაკსიმირიას" შემცვლელად შესთავაზეს, სადაც ჩვეულებისამებრ, ხორვატთა ნაკრები საშინაო მატჩებს მართავს ხოლმე. ამას უმალ ოსიეკში ვნებათაღელვა მოჰყვა და ფედერაციას სანაკრებო მატჩების მასპინძლობაზე პრეტენზია ამ ქალაქის მესვეურებმაც წამოუყენეს.

ქალაქი ოსიეკი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სლავონიაში მდებარეობს და 90 ათას მოსახლეს ითვლის. ქალაქის მოსახელე ადგილობრივი კლუბი სტადიონ "გრადსკი ვრტ"-ზე ასპარეზობს, რომლის გაზონზე ქვეყნის ნაკრებს 2002 წლის სექტემბრის შემდეგ ფეხი არ შეუდგამს. ბოლოს ოსიეკში ხორვატებმა ევრო-2004-ის შესარჩევი ციკლის მეტოქე ესტონელებს უმასპინძლეს.

"მთელ ქალაქს სურს ამ მატჩის ნახვა. მოსახლეობა მთლიანად მხარს გვიჭერს და მზად ვართ, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი მოვაწყოთ", - განაცხადა საფეხბურთო კლუბ "ოსიეკის" პრეზიდენტმა.

სპლიტისა და ოსიეკის დავისას ზაგრებში მყოფი ფუნქციონერები განზე ვარაფრით გადგებოდნენ და მათ უმალ ყველას შეახსენეს, რომ "მაკსიმირზე" ხორვატიის ნაკრებს თითქმის არასდროს წაუგია (გამონაკლისი 2008 წლის სექტემბერში, ინგლისთან მატჩია) და ივნისში, პრინციპულ მეტოქესთან - საქართველოს ნაკრებთან თამაშში "კარგად დაცდილი" მოედანი უთუოდ წაადგებოდათ. ზაგრების "დინამოს" დირექტორმა პირობაც კი დადო, რომ თუ თამაშს მათი სარბიელი უმასპინძლებს, ყველაფერი იდეალურად - "როგორც ზღაპარში", ისე ჩატარდება.

ამაზე სპლიტის მერის მოადგილე, ბატონი ვისკოვიჩი გაცეცხლებულა და დედაქალაქელებისთვის შეუთვლია - ივნისში თქვენთვის ზღაპარი ვიცი მე, რაც იქნება - ფეხბურთის მატჩი რად გინდათ, აგერ ბონ ჯოვი აპირებს მანდ კონცერტის გამართვასო. ეგ კი არა, ვისკოვიჩს თურმე მხოლოდ ხორვატია-საქართველოს მატჩის მასპინძლობა არ აკმაყოფილებს და მეტსაც ითხოვს:

"ჩვენ "მაკსიმირის" სათადარიგო ვარიანტად ყოფნა სულაც არ გვხიბლავს და ვერ ვიქნებით კმაყოფილნი, მატჩის მასპინძლობის უფლებას თუ მხოლოდ მაშინ მოგვცემენ, როცა ზაგრებში მინდორი არ იხასხასებს."

მიუხედავად დიდი ვნებათაღელვისა, ხორვატია-საქართველოს მატჩს მაინც ალბათ სპლიტი უმასპინძლებს. ხუმრობა ხომ არ არის - თამაშის ორგანიზებაზე ყველა ხარჯის გაღებას ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბი "ჰაიდუკი" აპირებს, რაც ხორვატული ფეხბურთის ბოსებს ძალიან ეამებათ.


მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული