ჯერ "ბასა", ახლა ლაგოდეხი

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციამ ტექნიკური ცენტრ "ბასას" განახლების შემდეგ მისი კუთვნილი სხვა ობიექტებისთვისაც მოიცალა. ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ლაგოდეხში მდებარე სპორტულ ბაზაზე დაიწყო.

"ლაგოდეხის ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, ვინაიდან ბაზა სავალალო მდგომარეობაშია და საფუძვლიან სამუშაოებს საჭიროებს.

ლაგოდეხის ბაზა 1973 წელს აშენდა და იმხანად დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რაც, უპირველესად, მისი უნიკალური ადგილმდებარეობის დამსახურება იყო. თუმცა შემდეგ ბაზაზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, რასაც მისი დღევანდელი იერსახეც ცხადყოფს.

შენობა ოთხსართულიანია, მთლიანად ბაზა კი საკმაოდ დიდ ტერიტორიას
მოიცავს. აქვეა სტანდარტული ბუნებრივსაფრიანი სტადიონიც.

მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მზადების პროცესშია ბაზის რეაბილიტაციის პროექტი. მისი მომზადების შემდეგ იგეგმება საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური რემონტი, მთლიანად განახლდება ოთახები, კვების ბლოკი და სხვა დამხმარე ნაგებობები. განახლდება სტადიონის საფარიც და არსებულ ტრიბუნებზე დამონტაჟდება ინდივიდუალური სკამები. გეგმაშია კიდევ ერთი დიდი და ორი მცირე ზომის მოედნის გაკეთებაც.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ლაგოდეხში იმყოფებოდა და შეამოწმა მოსამზადებელი სამუშაოები".

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის ბაზა ფეხბურთის ფედერაციას ლაგოდეხის რაონის გამგეობამ 1996 წელს, უფროსი ნოდარ ახალკაცის პრეზიდენტობისას გადასცა. ის უნიკალურ სუბტროპიკულ კლიმატურ ზონაში, ულამაზეს ბუნებაში მდებარეობს და სრულყოფილი მოსამზადებელი და საწვრთნელი პროცესების ჩასატარებლად მშვენიერი ადგილია.

მშენებლობის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის პიარ-მენეჯერი თათია ბურდული გვესაუბრა.

- ლაგოდეხის ბაზაზე დაწყებულ სამუშაოს ვინ აფინანსებს, "ქართუ", "სოკარი" თუ ფედერაცია?
- "ქართუ" ტექნიკური ცენტრის განახლებაზე მუშაობდა, "სოკარი" მოედნების გაკეთებას აპირებს, ლაგოდეხის ბაზა ფედერაციის სახსრებით გარემონტდება.

- ბაზის რეაბილიტაცია როდის დასრულდება?
- პროექტის დასრულებას ველოდებით, მაგრამ ზვიად სიჭინავას ისეთი ტემპით უყვარს მშენებლობის წარმართვა, იმედია, ეს ბაზაც მალე ამოქმედდება. ლამის ყოველ კვირას ლაგოდეხშია და სამუშაოების მიმდინარეობას აკონტროლებს. ბაზის ოთხსართულიან შენობაში ოთხი გუნდი თავისუფლად განთავსდება.

- ტრიბუნაზე რამდენი სკამი დამონტაჟდება?
- ესეც პროექტის დამუშავების შემდეგ გვეცოდინება.

- ლაგოდეხში ხომ არ ჩამოყალიბდება "ჯვაროსნული აკადემია"?
- ჯერ ვერ გეტყვით.

- როდის დაიწყება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის განახლება?
- უეფას არქიტექტორი პროექტზე მუშაობას ამთავრებს და როგორც კი მას დაამტკიცებენ, სამუშაოებიც დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული