ჩვენ გვიჭირს, მაგრამ არც ხორვატიას ულხინს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ხორვატიას სენსაციურად სძლია, ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება ხორვატიაში უმალ მოინათლა წლის მატჩად. 3 ივნისამდე თვეზე ნაკლები რჩება და ამ ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ახსენებენ მოახლოებულ შეხვედრას.

აჟიოტაჟი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, მასპინძლად დიდი ხნის წინ გამოცხადებულ სპლიტს მოცილედ დედაქალაქი ზაგრები რომ გამოუჩნდა. ზაგრების უფრო ტევადი სტადიონის ტრიბუნები პირთამდე აუცილებლად შეივსებოდა, მაგრამ სპლიტელები მაგრად დადგნენ და არაფრისდიდებით არ დათმეს იმ მატჩის მასპინძლობის უფლება, რომელიც შესარჩევი ციკლის დაწყებამდე არცთუ მნიშვნელოვანი ეგონათ.

"ლელოს" დღევანდელ ნომერში საქართველოს
ნაკრების საკადრო პრობლემებსა და იმ ფეხბურთელთა ნუსხას გაეცნობით, რომელთა ნაწილის სპლიტში თამაში გამორიცხულია, ხოლო დანარჩენების იქ გამგზავრება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

საბედნიეროდ, თავსატეხი მხოლოდ თემურ ქეცბაიას კი არა, მის კოლეგა სლავენ ბილიჩსაც მრავლად აქვს. უპირველესად, უნდა ვახსენოთ ნიკო კრანჩარი - მიმდინარე შესარჩევში ხორვატთა საუკეთესო ბომბარდირი ჯანზე კია, მაგრამ თბილისში მიღებული გაფრთხილება სპლიტში თამაშს უკრძალავს. როგორც მიხვდით, ეს ყვითელი ბარათი ამ ციკლში მისთვის მეორე აღმოჩნდა, ამის შემდეგ კი ხორვატებს ოფიციალური მატჩი აღარ ჩაუტარებიათ.

გეხსომებათ, ბილიჩის გუნდი თბილისიდან პარიზში გადაფრინდა და თუკი "ბორის პაიჭაძეზე" ხელი მოეცარა, "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან საპატიო ფრეს მიაღწია - ამხანაგურში.

ხორვატებს დასჯილი მხოლოდ ერთი ჰყავთ, სამაგიეროდ, ბევრი პაციენტი ჰყავს მათ ლაზარეთს. ბილიჩის გუნდის ყველაზე მრისხანე ფორვარდი, შემოდგომაზე მძიმედ დაშავებული ივიცა ოლიჩი რომ ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავიდოდა, ეს მაშინვე გახდა ცნობილი, თუმცა მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი იმედს არ კარგავდა, რომ საქართველოსთან განმეორებით შეხვედრაში ითამაშებდა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლიჩის იმედებს ცივი წყალი გადაესხა. ასე რომ, ივიცა, რომელმაც ხუთი წლის წინ რუსეთში თამაშისას მალხაზ ასათიანს მძიმე ტრავმა მიაყენა, მატჩს ასათიანის მსგავსად დააკლდება. ოლიჩი ივნისში მსუბუქად ვარჯიშს შეუდგება, მწყობრში მომავალი სეზონისთვის იქნება და, საბედნიეროდ, საქართველოს ნაცვლად ჩვენი ჯგუფის სხვა ბინადრებს შეუტევს.

დაშავებულია ხორვატიის ნაკრების კიდევ ერთ გამორჩეული ფიგურა ივან რაკიტიჩი. "სევილიას" პლეიმეიკერმა, რომელიც ნაკრებში საყრდენის ფუნქციებს უფრო ასრულებს, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ფეხის თითი მოიტეხა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. გამორიცხულია, 3 ივნისისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს. კრანჩარის არყოფნასთან ერთად, საქართველოს ნაკრებისთვის ესეც დიდი შვება იქნება. ერთ დროს ლევან ყენიას კონკურენტი რაკიტიჩი გერმანული "შალკედან" პრიმერა დივიზიონში გადასვლის შემდეგ გაცილებით ეფექტურად ათამაშდა და დაშავებამდე ჩინებულ ფორმაში იყო.

ხორვატთა კიდევ ერთი სავარაუდო დანაკლისია მლადენ პეტრიჩი. გერმანული "ჰამბურგის" თავდამსხმელისთვის, რომელიც ნაკრებში უფრო ხშირად ფლანგიდან უტევს, ფეხის ტრავმის გამო სეზონი დასრულებულია, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ თამაშის იმედი ჯერ არ დაუკარგავს.

რუნიე, სრნა, ლოვრენი, ჩორლუკა, სტრინიჩი, დუიმოვიჩი, პეტრიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი, კრანჩარი, კალინიჩი - ეს ის ძირითადი შემადგენლობაა, რომელიც ბილიჩმა 26 მარტს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირა. გამოაკელით ამ თერთმეტეულს კრანჩარი და რაკიტიჩი, დიდი ალბათობით პეტრიჩიც და ნახავთ, რომ ხორვატთა დიდ შემტევ პოტენციალს საკმაო ძალა მოაკლდება - მათ უპირველეს ვარსკვლავ ლუკა მოდრიჩს წინა ხაზზე სასურველი დონის პარტნიორი არ ეყოლება.
ბუნებრივია, მატჩის უდავო ფავორიტი მაინც ხორვატიაა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ჩვენი გუნდი სპლიტში უშანსოდ არ უნდა იყოს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიუხედავად ხორვატთა უდიდესი დანაკლისისა მის შემადგენლობას რთულია მეორე ვუწოდოთ, მეკარე ადგილზეა, დაცვაში თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს შიმუნიჩი, ჩორლუკა კი ფლანგზე გადმოვა, ეს გამოიწვევს შეტევაში სრნას ასვლას პეტრიჩის ნაცვლად(ხშირად უწევს ნაკრებში ამ პოზიციაზე ყოფნა), პლიუს კრანჩარის ნაცვლად ედუარდო უბრუნდებათ, რაკიტიჩს კი ბევრად გამოცდილი პრანიჩი შეცვლის(არამგონია დიდი შვება იყოს)
რუნიე->ლოვრენი-შიმუნიჩი-ჩორლუკა-სტრინიჩი->დუიმოვიჩი-მოდრიჩი-პრანიჩი->ედუარდო-სრნა-კალინიჩი და ვიღებთ ამ შემადგენლობას...

ჩვენ კი აშკარად სერიოზული დანაკლისი გვაქვს, მეკარე ადგილზეა )), დაცვის ცენტრში გვაქვს სერიოზული პრობლემები ამისულაშვილი-ასათიანის შეცვლა ძალიან რთული იქნება და შეიძლება ხიზანიშვილს მოუწიოს ჩამოწევა, ლობჟანიძე უთამაშებელია და სავარაუდოდ კვლავ სალუქვაძე დადგება მარჯვნივ. ნახევარდაცვაში უნდა ველოდოთ დაუშვილი-კანკავას წყვილს, მათზე ოდნავ წინ კი სავარაუდოდ ხოჯავა დადგება(თუ ანანიძე ვერ გამოჯანმრთელდა), ფლანგებზე სავარაუდოდ იაშვილი და გურული დადგებიან, ცნტრფორვარდის პოზიციაზე კი შეიძლება გამოჯანმრთელებული მჭედლიძე ვიხილოთ...

რევიშვილი->ხიზანიშვილი-ხუბუტია-სალუქვაძე-კალაძე->დაუშვილი-კანკავა-ხოჯავა-გურული-იაშვილი->მჭედლიძე

ასევე ძალიან დიდი დანაკლისის გოგუა, კობიაშვილი, ყენია, მარცვალაძის არყოფნა...

ასე რომ მემგონი ჩვენ უფრო დიდი დანაკლისი გვაქვს და ამას ისიც ემატებათ რომ ხორვატებს ჩვენზე გრძელი სკამი აქვთ(მაღალი დონის შემსრულებლები იგულისხმება)
giorgi
18:38 07-05-2011
0
mtavaria ar chevrcxvet dzalian.naxevari gundi ar gvkavs,risi imedi unda gvkondes,somxebtan meore taimchi gamochnda dziritadi pexbutelebis arkopna.
drinjo
01:59 08-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული